Monday, May 21, 2012

ბუსი გოგო

რა უცნაური ბედი აქვს ზოგიერთს, დაგებედება ადამიანს რაღაც და მორჩა! მთელი ცხოვრება ერთ ამბავს გავს, ერთი და იგივე ხდება თითქოს შენს თავს. ცხოვრებაში შეიძლება ერთი სიხარული, ან ერთი ტკივილი გქონდეს და მთელი ცხოვრება ეგ იცოდე მხოლოდ, მაგრამ თავი ძალიან ბედნიერი ან ძალიან უბედური გეგონოს... ისედაც, ბედი ყველაფერს განსაზღვრავს, თვით ისეთ უმნიშვნელო რამესაც, როგორიცაა სამკაულების ქონა-არქონა. აი, მაგალითად, ჩემი ბუსი; არასოდეს ჰქონია “ბედი სამკაულებში”, როგორც თვითონ ამბობდა, ჩვეულებრივ, კარგავდა, ან ჰპარავდნენ ძვირფას სამკაულებს. ერთხელ მოსამსახურემ გაქურდა, ერთხელ შორეულმა ნათესავმა, სტუმარსაც კი წაუყოლებია თურმე ხელს თუკი რამ დარჩენოდა ბუსის სამკაულად წოდებული, ამიტომაც დიდად არ უყვარდა ჩემს ბუსის სამკაულები, ოქრო და ძვირფასი თვლები, იმედგაცრუებასა და ტკივილს ახსენებდა მუდამ. ერთდერთი რაც შემორჩა, ამეთვისტოსთვალიანი ოქროს საყურე იყო და სერდოლიკისთვლიანი გულსაბნევი, ისიც იმიტომ “სიბერეში ვიყიდე და დაკარგვა ვერ მოვასწარიო”, ამბობდა. თუმცა გულსაბნევი მაინც ჰქონდა რამდენიმე წელი დაკარგული და სულ იმას მისტიროდა. გაახსენდებოდა ამჯერად უკვე შემთხვევით დაკარგული გულსაბნევი და მოჰყვებოდა ყოველ ჯერზე სამკაულების პარვა-ფანტვის გრძელ ამბავს. მერე ერთხელ კარადაში შემთხვევით იპოვა სერდოლიკიანი გულსაბნევი და ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაუხარდა! მაშინვე გულზე მიიბნია და მას შემდეგ უკანასკნელი წლები აღარც მახსოვს მის გარეშე, ხან კაბაზე ებნია, ხან თავშალზე. იმ დღესაც ეკეთა გულსაბნევი თეთრ ჟაკეტზე, ოდნავ ცერად ჰქონდა მიბნეული გულისპირზე, როგორც უყვარდა ხოლმე... 
მე გვიან მივედი და არ მინახავს როგორ იწვა ბუსი აბაზანაში იატაკზე, მე რომ მივედი ბუსი უკვე დარბაზში იყო, თეთრი ავეჯით მორთულ დარბაზში, რომელიც ასე ძალიან უყვარდა. ლენინგრადიდან 30 წლის წინ ჩამოტანილი თეთრი ავეჯი ბუსის სიამაყე იყო, მისი ცხოვრების, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი შენაძენი, რომელიც არავის მოუპარავს. ჰოდა, მე რომ მივედი, ჩემი ბუსი უკვე თეთრავეჯიან დარბაზში იწვა. “ბალზამშჩიკიც” მალე მოვიდა. სიმპათიური კაცი იყო, ევროპული იერი ჰქონდა. ხან ქვაბი მოითხოვა, ხან მაკრატელი, მალე მორჩა საქმეს და წავიდა. მისი წასვლის შემდეგ ბუსის სამკაული ვეღარ ვნახეთ. კარგა ხანი არ ვიჯერებდით, ყველაფერი გადავქექეთ, დედაჩემმა ნაგვის ბუნკერშიც კი ეძება უკვე გადაყრილ ნივთებს შორის ვერცხლის უბრალო სამკაული სერდოლიკის თვლით, მაგრამ ვერ იპოვა, ვეღარ ვნახეთ...

რა უცნაური რამეა ბედი...
ბუსის სამკაულის ამბავი რომ სცოდნოდა “ბალზამის კაცს”, დარწმუნებული ვარ, იმ გულსაბნევს არ წაიღებდა.

ამ ამბით თითქოს, კიდევ ერთხელ “მოვკალი” ბუსი გოგო, სხვა დროს უფრო “გავაცოცხლო” იქნებ.