Showing posts with label "დღიურული". Show all posts
Showing posts with label "დღიურული". Show all posts

Tuesday, June 7, 2011

ემპათიური თუ...

როგორც წესი, ვერავის ვუხსნი რატომ არ შემიძლია მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ყურება, განსაკუთრებით კი ე.წ. “უჟასების”. არ შემიძლია და მომკალი! საკმარისია საშინელებათა ჟანრის რომელიმე ფილმი ვნახო და მშვიდობით ტკბილო ცხოვრებავ ჩემოც და ჩემიანებისაც! მშვიდობით ტკბილო ძილო და სიბნელეში მარტო სიარულო... ყველგან და ყოველთვის ფილმის საშიში კადრები მახსენდება და თვალწინ მიტრიალებს. ამიტომ მსგავსი ფილმის ნახვიდან მინიმუმ ერთი კვირა პატარა ბავშვივით “გაყოლას” ვითხოვ, მაგალითად, იქ, სადაც, წესით, მეფენიც საუკუნეებია საკუთარი ფეხით დაიარებიან. კარგა ხანს ვიჭყლიტე ტვინი მიზეზის ძებნით, ბოლოს ამაყად დავასკვენი, რომ ეს “პროფესიულია” და რომ ჩემი საყვარელი საქმიანობიდან გამომდინარე, როგორც ხელოვნებათმცოდნე ზედმეტად კარგად ვიმახსოვრებ ვიზუალურ სახე-ხატებს (გაცილებით უკეთ ვიდრე მუსიკალურ ბგერებს თუ ვერბალურ ტექსტებს), რომლებიც დიდი ხნით მრჩება და მებეჭდება “მზერით მეხსიერებაში”. მაგრამ სანამ ამ, არც თუ ისე დამაჯერებლი თეორიით აპელირებას (და, რა დასამალია, და კეკლუცს) შევუდგებოდი, თითონვე გავუწიე ოპონირება და, ცხადია, მისი სუსტი მხარეებიც მაშინვე გამოაშკარავდა: ჩემს შემთხვევაში “კარგი” თვალითი მეხსიერება არმც და არამც არ სცილდება ხელოვნების ნაწარმოებებს და, სამწუხაროდ, სრულებით არ ვრცელდება მაგალითად, ადამიანებზე. ჩვეულებრივ, ვერ ვცნობ ადამიანებს, თუ მათთან მანამდე ხანგრძლივად არ ვიკონტაქტე და ამის შემდეგაც კი ადვილად მავიწყდება სახეები. ასე რომ არ არის გამორიცხული, რომელიმე კარგი ნაცნობი სახტად დაგტოვოთ მორიგი შეხვედრისას ჩემს სახეზე მობორიალე დაბნეულმა ღიმილიმა და არაადეკვატურმა კითხვებმა, მაგალითად ასეთმა: ბავშვები როგორ არიან? არადა შვილი ერთიც კი არ გყავთ, ან: თქვენები ხომ კარგად არიან? არადა ზუსტად იცით, რომ “თქვენებს” არ ვიცნობ და ა.შ. მოკლედ ე.წ. “ქუდიანი ნაცნობობა” ჩემთან არ ჭრის (ბოდიშს კი ვიხდი უნიჭო თარგმანისთვის, მაგრამ ეს ბოლო ხანია, ხომ ყველაფერს ტიტრებად ვთარგმნით და ორიგინალში ვუსმენთ, სინამდვილეში კი ნახევრადვკითხულობთ ქართულ ტექსტებს და ვეღარ ვუყურებთ ვერაფერს). მოკლედ, კითხვაცა და პრობლემაც კითხვადვე და პობლემადვე დარჩა. მოცემულ ეტაპზე ერთადერთ სავარაუდო ახსნად კიდევ უფრო თამამი და კეკლუცი ვერსია - ჩემი “დახვეწილი გემოვნება” -დავტოვე, შევიფერე იმიჯი, რომ არ მიყვარს ჰოლივუდის მდარე ხარისხის ფილმები, რადგან გოგი გვხარიას ფილმებზე გავიზარდე!
“გოგის ფილმებზე” ისევ გახმოვანების პრობლემა გამახსენდა... ყველაზე მეტად აქ მაკლია ქართული თარგმანი, მომკალით და უკეთესად ვიგებდი თითქოს და უფრო ახლოს მოდიოდა ისედაც კარგი კინემატოგრაფია გვახარიასეული თარგმანით. ეხლაც კი “წითელი ზონის” ფილმს თუ ვუყურებ, ისევ ჩამესმის გოგი გვახარიას ხმა, როგორც კარგი პედაგოგის (ოღონდ იმდენად კარგის, რომ მასთან კამათიც შეგიძლია) რჩევით წაკითხული წიგნის კითხვისას, მისი ხმა რომ გესმის, თითქოს ის გიკითხავდეს ტექსტს და თან თვალყურს გადევნებდეს, რამდენად ზუსტად და კარგად გესმის წაკითხული. მაგრამ ასეთმა კარგმა პედაგოგებმა ისიც კარგად იციან, რომ “ზუსტი და კარგი გაგება” არ არსებობს და იმდენივეა გაგება, რამდენიც ადამიანი, ნუ... მოფიქრალი ადამიანი.
მაგრამ გოგი გვახარიას ფილმებთან სხვა პრობლემები მაქვს და არც ესაა ნაკლები დაცინვის თემა. “გოგის ფილმებიდან” მით უფრო ძნელად გამოვდივარ და მართლაც დიდი ხნით ვრჩები ხელოვნებათა ამ მედია-სინთეზით შექმნილ სამყაროში. ფილმის ნახვის შემდეგ დიდ ხანს ვარ ზედმეტად ეგზალტირებული, აჟიტირებული და ბედნიერი, მათ შორის ისეთი მძიმე მელოდრამის შემდეგაც, რომლის დროსაც მოთქმით ვტიროდი. აი, ეს კი მართლაც კარგი გასართობია ჩემი მეგობრებისთვის და თუ ისიც გამიხსენეს, როგორ ვრეკავდი თავის დროზე “ფსიქოში”, ხომ საერთოდ! “პროგრამაში” კარგა ხნით ყოფნა არ ამცდება. მაგრამ ამას უკვე მივეჩვიე და ჭეშმარიტი ხელოვნების კათარზისულ უნარ-ჩვევებსა და ფუნქციაზე მაღალფარდოვან გამოსვლებს აღარ ვიწყებ ხოლმე.
მაგრამ კიდევ ერთი შეკითხვა მაინც მრჩება: რა მატირებს ან მახარებს ასე ადვილად წიგნზე, ფილმზე, სპექტაკლზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, ცხოვრებაშიც, რეალურად საკმაოდ გულქვა არსებას? აი, მაგალითად, მივდივარ ქუჩაში და ამედევნა პატარა მათხოვრის ბავშვი, ბინძური, თმაგაბურძგნული და საყვარელი. წარბსაც არ ვიხრი, ფულს არ ვაძლევ, მშვიდად ვაგრძელებ გზას და გულში იმასაც კი ვფიქრობ, “წადი და ცოტა მაინც იმუშავე, თუნდაც შუშები გაწმინდე!” თან ამ დროს საკუთარი თავი მეზიზღება და ისიც, ვის გამოც “უცებ გავხდი ასეთი”. ვაგრძელებ გზას, ავდივარ ავტობუსში და უცებ გვერდით ჯდება ან წინ ზის ან იქვე სადმე დგას მშვენიერი, სავსებით ნორმალური იერის მქონე ქალი ან კაცი, მოზარდი ან მოხუცი და უცებ საოცარ წუხილს ვგრძნობ, სადღაც შიგნით მეკუმშება თითქოს ყველაფერი, რადგან “ზუსტად ვიცი”, ახლა ამ ქალს, კაცს, მოზარდს თუ მოხუცს რაღაც აწუხებს, ცუდადაა და ძალიან უჭირს შინაგანად. მინდა მივიდე, ჩავეხუტო, დავამშვიდო, ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და რომ მეც ხშირად ვარ ხოლმე ასე. რაკიღა, კიდევ კარგი, მისვლას ვერ ვბედავ, ვცდილობ თბილად ვუყურო (ახალგაზრდა და სიმპათიურ მამაკაცებზე ეს არ მემართება, არ იფიქროთ!) და ჩემებურად “გავუგზავნო დადებითი ემოციები”. ან მაგალითად, მივდივარ ქუჩაში, გვერდზე ვიღაც ჩამივლის და მე კი უცებ კარგად ვხდები და უაზროდ მიხარია, არც ვიცი რა, უფრო ხშირად ის, რომ ეს “ვიღაცა”, ვინც უკვე ჩამიარა ან წინა გაჩერებაზე ჩავიდა, ძალიან უყვარს “ვიღაცას”: ქმარს, ცოლს, შეყვარებულს, შვილს, ხანდახან შვილიშვილს, თუნდაც მეზობელს. საიდან მომაქვს ეს ყველაფერი, მომკალით და არ ვიცი! მაგრამ ერთი კია, ასეთი რაღაცეების გამო ტირილს არ ვიწყებ ქუჩაში, ამ მხრივ ტელეეკრანთან ან თეატრის ჩაბნელებულ დარბაზში მჯდომი უფრო საშიში ვარ. თუმცა ქართული თეატრის გადამკიდე საფრთხე იქაც აღარ მემუქრბა. აა, ხო! ბოლოს რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრში მოვიჭერი თავი სპექტაკლზე “ჩემი გაზაფხულის შემოდგომა”. დადგმა თუ არ გინახავთ ორი სიტყვით გეტყვით, რომ ერთი ჩიტის ისტორიაა, ბორია ქვია, მოხუცი წყვილის გაზრდილია და ჩიტი კია, მაგრამ დიდი მაიმუნი ვინმეა. თუმცა კეთილია, ცდილობს მისივე გამჭრიახობით არაკეთილსინდისერად ნაშოვნი ფული ნამუსიანად დაარიგოს, ვინც უყვარს და ვისაც მართლა უჭირს იმათ დაეხმაროს; ქალებს არ იკლებს, თუმცა მაინც ერთი უყვარს და მხოლოდ მასზე ფიქრობს, მაგრამ ჩიტს ქალი უყვარს და ეს ამბავი იმთავითვე განწირულია. მოკლედ, დიდი ადმიანური სითბო და სევდა მოდის ყველა პერსონაჟისაგან, გაბრიაძისეული ნიუანსებით, მისი გროტესკული სიუხეშეებითა და იუმორით. მეც მეტი რა მინდოდა?! ერთბაშად “მოვირღვიე”, თითქოს ჩიტმა ბორიამ ძაფის ბოლო მიპოვა, გამოქაჩა და ასე, ნისკარტში ჩემი ემოციის ძაფის ბოლოგაჩრილმა ინავარდა მთელი სპექტაკლი. ჰოდა, რომ მოვრთე ღრიალი, პირზე აფარებული ხელი და ერთჯერადი ცხვირსახიციც ვერ მახშობდა. დარცხვენილმა მივიხედ-მოვიხედე და ჩემნაირ დღეში მხოლოდ თათია ვნახე (ჩემი მეგობარია და ისიც ცოტა... მოკლედ ნამდვილი მეგობარია), დანარჩენები - ჩემთვის უცნობი ადამიანებით სავსე დარბაზი სრულიად მშვიდად იჯდა და უდრტვინველად განაგრძობდა მარიონეტების დადგმის ყურებას.
სპექტაკლიდან თვალებდასიებულები და დარცხვენილები რომ გამოვდიოდით, მაშინ მომივიდა თავში აზრად და თათიას ვკითხე: “ჯეკუ, იქნებ ემპათიურები ვართ?!” მას შემდეგ მინდა ამის მჯეროდეს, ბევრად უკეთესია, ვიდრე ვერსიები: “ნევრასთენიკი”, “სენტიმენტალური”, “ცოტა გიჟი” და ა.შ.

ფიქრობთ, რომ სენტიმენტალური ვარ, ხო? მე კიდევ ემპათიურობა უფრო მომწონს... და რა მოხდა ეხლა, რომ ვიყო ეს “ემპათიური”?! ბოლოსდაბოლოს ტერმინია ასეთი, ტერმინი კიდევ არასოდეს არ ნიშნავს მართლა კარგ შეფასებას, მართლა ძალიან დიდი და კარგი ტერმინებში, როგორც წესი, ვერ ეტევა.


P.S. დღეს თათიამ დამირკა და მითხრა: “გუშინ ისეთი ბედნიერი ვიყავი, აწი შემიძლია მოვკვდეო”. მას შემდეგ ყურებამდე უაზრო ღიმილით დავდივარ. ვიცოდე მაინც რა მიხარია?..

Tuesday, November 23, 2010

. . .

გახსოვს როგორ მიყვარდა შენი ძველი ტელეფონის ნომერი? როგორ გთხოვდი, ახალ ნომერს ნუ აიღებ-თქო? მიჩვეული ვიყავი სწორედ იმ ნომრის აკრეფას, ტელეფონში დამახსოვრებულიც კი არ მქონდა, მომწონდა, ყოველ ჯერზე ხელი ელვისუსწრაფესად რომ კრეფდა შენს ნომერს. კიდევ უფრო მეტად მიყვარადა, შენ რომ რეკავდი და ეკრანზე ცხრანიშნა რიცხვი ჩნდებოდა, როგორც შენი არსების არაალფავიტური, გრაფიკული შიფრი. მერე ახალი ნომერი აიღე და მეც ნელ-ნელა მივივიწყე ძველი. სამაგიეროდ ახალი ნომერი შენთვის ჯიუტად შერქმეული სახელით დავამახსოვრებინე ტელეფონს და ახლა ჩვენი სატელეფონო მესიჯების ამ სახელით გამოგზავნა და მიღება შევიყვარე. მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა იმისთვის, რომ ეს ახალი, შენთვის ჩემს მიერ თავნებად შერქმეული მეტსახელით დამახსოვრებული ნომერი ისევე შემყვარებოდა და ისევე ბუნებრივად აღმექვა, როგორც ძველი ნომერი. ამსწინათ კი, როცა ორი დღით მთაში იყავი წასული და ისევ ძველი ნომერი ჩართე, უცნაური რამ დამემართა. სიშორით გამძაფრებული მონატრებით ზედიზედ გწერდი მესიჯებს, მაგრამ ნაცნობი და უკვე სავსებით ბუნებრივი ადრესატის ნაცვლად იმ ძველ ნომერზე ვაგზავნიდი. და უცებ ვიგრძენი, რომ შენ კი არ გწერდი გზავნილს, დღევანდელ, ჩემთვის ასე ახლობელს კი არ მოგმართავდი, არამედ სადღაც წარსულში ვაგზავნიდი შენთვის განკუთვნილ სიტყვებს; ჩვენივე არც თუ ის შორეულ წარსულში უხილავი ფლუიდებივით ვუშვებდი სიტყვებს, ცნებებს, კითხვებს: "მენატრები", "მიყვარხარ", "როდის მოხვალ?"... უცნაური განცდა იყო...  თითქოს აწმყო საერთოდ გაქრა, მომავლიდან წარსულში გიგზავნიდი "მესიჯებს" და ამით ჩვენი ამქვეყნად შეხვედრის პირობას ვქმნიდი, ჩვენს კიდევ უფრო შორეულ მომავალს ვაშენებდი. თავად ჩვენ, დღევანდელი "მე და შენ" კი აწმყოდან გავქრით, სულიერ არსებებად ქცეულები ჯერ  არც კი შევხვედრილვართ თითქოს ერთმანეთს, როგორც მარადიული სუბსტანციური არსებები ჩვენ დროისა და სივრცის მიღმა დავრჩით და მარადისობას შევუერთდით...





Sunday, September 12, 2010

ეძღვნება თათიას. მეტი როგორღა გითხრა, ჯეკ, რომ ესეთებიც ხდება და უარესებიც...-)

ერთხელ დამხატა, არა კი არ დამხატა, დახატა და მერეღა მიხვდა, შეიძლება ითქვას, შემთხვევით გაარკვია თუ შემთხვევამ გაარკვევინა, რომ მე დავუხატივარ... შეშინდა და გაბრაზდა! საშინლად გაბრაზდა! ადგა და გადახატა სურათი! ფოტო რაა და ისიც კი არ გადაუღო, სულ სხვა რამ დახატა მასზე და ცოტა დამშვიდდა. მერე დაწერა. წერა, წერა და ფურცლის ბოლოში რომ გავიდა, გაიცნობიერა, ვისაც წერდა, შეშინდა და სასწრაფოდ დახია ყველაფერი. ამის მერე კარგა ხანს სხვებს წერდა. ხომ უნდა მისწეროს სხვებსაც?! აბა სულ ჩემთვის ან ჩემზე ხომ არ უნდა ეწერა?! რა სისუსტეა, ღმერთმანი! თუმცა უკვე მიეჩვია სხვებისთვის წერას და აღარ ღელავს. ისე კი, რა საჭიროა ეს ვიღაცისთვის წერა, ადგება და საერთოდაც აღარ დაწერს! ესე ხომ უფრო მარტივია?! თუმცა არა! მერე გამოვა, რომ ჩემს გამო წერას თავი ანება. ამას ჯობია ნებისმიერს წეროს, რა მნიშვნელობაა ვის მიწერს და რამდენად გულწრფელად? დაე, ნუ დაწერს შინაგანი მოთხოვნილებით, მთავარია ისევ წეროს. მერე ვესიზმრე. მანამდეც ვესიზმრებოდი, მაგრამ ამდენი ხნის შემდეგ? ამდენი დრო გავიდა და ისევ ვესიზმრე! ო, ეს უკვე სულ სხვა განგაშის მიზეზია. ერთხელ კიდევ არაუშავდა, ცუდად ვესიზმრე და სადღაც გაუხარდა კიდეც. თმა მქონდა შეკრეჭილი, თვალს ვერ ვუსწორებდი, გაურკვევლადაც ვლაპარაკობდი, თანაც თითონ ცუდად მექცეოდა... აღარ ახსოვს მიყვირა თუ დამცინა... კმაყოფილმა გაიღვიძა! მაგრამ კიდევ რომ ვესიზმრე?! თან უცნაურად ვესიზმრე, “ძველებურს” ვგავდი და რაღაც “სხვანაირად ახლოს ვიყავი მასთან”, სახე მივიტანე მის სახესთან ძალიან ახლოს თუ... თუ თმა გავისწორე ძველებურად... მოკლედ რომ გაიღვიძა, სანამ სიზმრისგან გამოერკვა და ბოლომდე “დაბრუნდა”, წამის მეასედით, უფრო ნეკლებითაც, სინათლის სიჩქარის მყისიერი წამით, თითქოს ძველებურად მიგრძნო. და მაშინ კი მართლა შეშინდა, უფრო კი გაღიზიანდა. იმ დღეს შემთხვევით რომ შემხვედროდა, ალბათ, თვალს ამარიდებდა ან ხაზგასმით ორაზროვან ღიმილს მომაგებებდა და ცივად დამიკრავდა თავს. შემდეგ დემონსტრაციულად დატოვებდა იქაურობას და ხაზგასმით ადრე წავიდოდა, თანაც, საბოლოო გამარჯვების ნიშნად, “მასთან” წავიდოდა. არა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაუსვას ამას ყველაფერს წერტილი და კარი მიუხუროს ყველაფერს, რასაც “მე” ვერქვი. მერე რა თუ ჩემთან ერთად ბევრ სხვა რამესაც მიუხურავს კარს?! სამაგიეროდ ახალ სარკმლებს გამოჭრის. აღარ უნდა იმავე მიმართულებით ყურება, ადგება და სხვა მხარეს გაიხედავს ბოლოს და ბოლოს და დაისვენებს! საინტერესო თემებზე სალაპარაკოდაც სხვებს იპოვის, დიახაც სხვებს! მერე რა თუ ის სხვები ვერ აუბამენ მხარს, კიდევ სხვებს იპოვის, მერე კიდევ სხვებს! ბევრს გაიცნობს და ბევრთან შეეცდება იმაზე საუბარს, რაც აინტერესებს და შინაგანად “აწვალებს”. თუ ამაზე ვერ მოახერხებს მათთან საუბარს, სხვა თემებს მოიფიქრებს, ახალ აზრებსა და იდეებს გამოიგონებს. მერე რა თუ ამასობაში ცოტ-ცოტა საკუთარ თავსაც მიივიწყებს და სულ სხვად იქცევა? მაგრამ ასეთ დროს ხომ იმას ამბობენ, “გაიზარდა” და “განვითარდა”-ო. ჰოდა, თითონაც ასე იტყვის და გულწრფელადაც ასე იფიქრებს. იქნებ სულაც ახლა იქცა საკუთარ თავად, იმ ნამდვილ “საკუთარ თავად”, ვინც უნდა გამხდარიყო? შემთხვევით ხომ არაფერი ხდება ამქვეყნად.
მოკლედ, თათი, რას გაუგებ შიშისგან, ქალისგან თუ საკუთარი თავისგან მორბენალ კაცს. არც ეცადო გაგება, მით უფრო თუ შიშის მეზეზი თავადვე ხარ, უბრალოდ გაიღიმე და გაეცალე.

Saturday, March 27, 2010

. . .

კარგად მახსოვს, როგორ მიკითხავდნენ ბავშვობაში ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღპრებს, როგორ მიყვარდა და რა სულგანაბული ვუსმენდი, როგორ მაფორიაქებდა იქ მოთხრობილი ამბები და მთელი დღით როგორ მიმყვებოდა შემდეგ ის განცდა. რამდენიმე ზღაპარი მთელი ცხოვრება “გამყვება” ალბათ... მათ შორის “თოვლის დედოფალი” და გერდას თავგანწირვა კაის გადასარჩენად. მხოლოდ ახლა ვხვდები, რატომ მაქვს ასეთი უცნაური შეგრძნება, რომ ნებისმიერი წინააღმდეგობის გადალახვას შევძლებ თუ კი ის უნდა ვიხსნა, ვინც მიყვარს, გადავარჩენ მას, როგორც მეფის ასული შინაგან შეჭირვებაში მყოფ რაინდს. ალბათ, ამიტომაც მახსენდება ასე ხშირად ეს ზღაპარი. თუმცა კიდევ ერთი რამის გამო მიყვარს ეს ამბავი, მგონია, რომ კაიცა და გერდაც ჩვენ თითონვე ვართ, ჩვენშია ორივე და საკუთარი თავისთვისაც, ნამდვილი, ჯანმრთელი “მე”-სთვისაც ყოველწუთიერად უნდა ვიბრძოლოთ, თორემ დიდია ცდუნება, ცდუნება გარეგნული წარმატებულობისა და მატყუარა შინაგანი კომფორტის.

არ გქონია შემთხვევა, რომ თითქოს საკუთარი, დიდი ხნის წინ დავიწყებული თავი გიკაკუნებს უცებ ზურგში? ოღონდ ეს ბეთჰოვენის ბედისწერის თემა სულაც არ არის, ეს უფრო უხილავი მოძრაობაა შიგნით, სადღაც ღრმად, არა ქვე-, არამედ ბუნდოვან ცნობიერში, რისი მიზეზიც ხანდახან უბრალო შემთხვევა, ვინმეს მიერ დასმული უმწიკვლო შეკითხვა, უცაბედი შეხვედრა ან საიდანღაც მონაქროლი შეგრძნებაა, რომლის წყაროს ვერასოდეს მიაგნებ. ან კი რა საჭიროა?! მთავარია ის, რაც მერე ხდება შენში, რასაც საკუთარ, ცოტათი მივიწყებულ “მე”-სთან მიყავხარ. მთავარია, ალბათ, ის უცნაური, სიხარულსა და სინანულს შორის გაორებული გრძნობა, დიდი ხნის უნახავი მეგობრის ხილვის დროს რომ იცის. ვერასოდეს გამოიცნობ, რა ემოცია დაგეუფლება ამ დროს: მარტივი სიხარული, მისი ხილვით გამოწვეული თუ სევდა მისი საკუთარ თავში სადღაც ჩაკარგვით, გაოცება მისი კვლავ არსებობით თუ ჩუმი განგაში მასთან ხელახლა შეხვედრით? შეიძლება გულდაწყვეტაც იგრძნო, როცა მისგან შენამდე, დღევანდელ “მე”-მდე გასულ მანძილს დაინახავ ან პირიქით, სიამოვნება, როცა ჩამოყალიბება-ჩამონაკვთის უხილავ პროცესს გაადევნებ თვალს. მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ ამ ყველაფრის ნაზავია, ერთბაშად რომ დაგრევს ხელს ასეთ დროს, რაღაც უცნაური, ტკბილ-მწარე ნაზავი ერთმანეთში გარდამდინარი, ურთიერთგამომრიცხავი განცდების, რომელიც იმ იშვიათ სურნელს წააგავს, ვერასოდეს რომ ვერ მოიხელთებ და დაიმახსოვრებ, მაგრამ ყველაზე მეტად რომ ინახავს მოგონებებს.
ჰო, და კიდევ მოგონებები!.. რამდენ რამეს გვინახავენ ისინი. რა ღარიბები ვართ მეხსიერების გარეშე, იმ მეხსიერების, რომელსაც არ ეშინია ახსოვდეს, როდის იყო ბედნიერი, სავსე და თვითკმარი ან სულაც პირიქით - მარტო, ფრთამოკვეცილი; როდის იყო ღირსეული, ნათელი ცნობიერების სიმაღლეზე და როდის - თვალთმაქცობით გაბრუებული. მოულოდნელად, საიდანღაც მოქროლდება მოგონება კონკრეტული წამის და უცებ ნამდვილი სიცოცხლისთვის ცოცხლდები თითქოს, ღრმა ძილიდან ერკვევი და უუცხოვდები ყველაფერს, რაც დღესაა შენს გარშემო, უუცხოვდები საკუთარ თავს “ასეთს” და “ამ დროში”; გვერდიდან, საიდანღაც “ნამვილი რეალობიდან” უყურებ თითქოს ყველაფერს. ამიტომაა, ალბათ, რომ ხშირად გავურბივართ მოგონებებს და ყველაზე რთული და მძიმე საქმესავით მუდამ “სხვა დროისთვის” ვდებთ, მერე კი საერთოდ გვავიწყდება მათი არსებობა, დრო, დუნე ყოველდღიურობა და პიროვნული უძლურება ანდერსენის “დავიწყების სავარცხელით” გვვარცხნის თითქოს და თანდათანობით საკუთარ თავსაც კაივით გვავიწყებს. და რა რთულია იყო ამ დროს გერდა! არ შეუშინდე წინააღმდეგობებს, ყველაფერი გადალახო, მასთან (თუ “მე”-სთან) მიხვიდე და საკუთარი თავის დავიწყების უფლება არ მისცე კაის. არადა, მე მგონი, საკუთარ თავთან დაბრუნება ყველაზე მეტად გაძლიერებს... და როცა ძლიერი ხარ შინაგანად, აღარ გიჭირს გაარჩიო არა თუ შავი და თეთრი, არამედ მწვანე და წითელი და სუნთქვასავით ბუნებრივი ხდება, იყო გახსნილი სამყაროსთვის... სამყაროსთვის, რომელიც გვავსებს და გვკვებავს იმით, რითიც საკუთარ თავს ვქსოვთ...