Showing posts with label მოგონებები. Show all posts
Showing posts with label მოგონებები. Show all posts

Monday, May 21, 2012

ბუსი გოგო

რა უცნაური ბედი აქვს ზოგიერთს, დაგებედება ადამიანს რაღაც და მორჩა! მთელი ცხოვრება ერთ ამბავს გავს, ერთი და იგივე ხდება თითქოს შენს თავს. ცხოვრებაში შეიძლება ერთი სიხარული, ან ერთი ტკივილი გქონდეს და მთელი ცხოვრება ეგ იცოდე მხოლოდ, მაგრამ თავი ძალიან ბედნიერი ან ძალიან უბედური გეგონოს... ისედაც, ბედი ყველაფერს განსაზღვრავს, თვით ისეთ უმნიშვნელო რამესაც, როგორიცაა სამკაულების ქონა-არქონა. აი, მაგალითად, ჩემი ბუსი; არასოდეს ჰქონია “ბედი სამკაულებში”, როგორც თვითონ ამბობდა, ჩვეულებრივ, კარგავდა, ან ჰპარავდნენ ძვირფას სამკაულებს. ერთხელ მოსამსახურემ გაქურდა, ერთხელ შორეულმა ნათესავმა, სტუმარსაც კი წაუყოლებია თურმე ხელს თუკი რამ დარჩენოდა ბუსის სამკაულად წოდებული, ამიტომაც დიდად არ უყვარდა ჩემს ბუსის სამკაულები, ოქრო და ძვირფასი თვლები, იმედგაცრუებასა და ტკივილს ახსენებდა მუდამ. ერთდერთი რაც შემორჩა, ამეთვისტოსთვალიანი ოქროს საყურე იყო და სერდოლიკისთვლიანი გულსაბნევი, ისიც იმიტომ “სიბერეში ვიყიდე და დაკარგვა ვერ მოვასწარიო”, ამბობდა. თუმცა გულსაბნევი მაინც ჰქონდა რამდენიმე წელი დაკარგული და სულ იმას მისტიროდა. გაახსენდებოდა ამჯერად უკვე შემთხვევით დაკარგული გულსაბნევი და მოჰყვებოდა ყოველ ჯერზე სამკაულების პარვა-ფანტვის გრძელ ამბავს. მერე ერთხელ კარადაში შემთხვევით იპოვა სერდოლიკიანი გულსაბნევი და ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაუხარდა! მაშინვე გულზე მიიბნია და მას შემდეგ უკანასკნელი წლები აღარც მახსოვს მის გარეშე, ხან კაბაზე ებნია, ხან თავშალზე. იმ დღესაც ეკეთა გულსაბნევი თეთრ ჟაკეტზე, ოდნავ ცერად ჰქონდა მიბნეული გულისპირზე, როგორც უყვარდა ხოლმე... 
მე გვიან მივედი და არ მინახავს როგორ იწვა ბუსი აბაზანაში იატაკზე, მე რომ მივედი ბუსი უკვე დარბაზში იყო, თეთრი ავეჯით მორთულ დარბაზში, რომელიც ასე ძალიან უყვარდა. ლენინგრადიდან 30 წლის წინ ჩამოტანილი თეთრი ავეჯი ბუსის სიამაყე იყო, მისი ცხოვრების, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი შენაძენი, რომელიც არავის მოუპარავს. ჰოდა, მე რომ მივედი, ჩემი ბუსი უკვე თეთრავეჯიან დარბაზში იწვა. “ბალზამშჩიკიც” მალე მოვიდა. სიმპათიური კაცი იყო, ევროპული იერი ჰქონდა. ხან ქვაბი მოითხოვა, ხან მაკრატელი, მალე მორჩა საქმეს და წავიდა. მისი წასვლის შემდეგ ბუსის სამკაული ვეღარ ვნახეთ. კარგა ხანი არ ვიჯერებდით, ყველაფერი გადავქექეთ, დედაჩემმა ნაგვის ბუნკერშიც კი ეძება უკვე გადაყრილ ნივთებს შორის ვერცხლის უბრალო სამკაული სერდოლიკის თვლით, მაგრამ ვერ იპოვა, ვეღარ ვნახეთ...

რა უცნაური რამეა ბედი...
ბუსის სამკაულის ამბავი რომ სცოდნოდა “ბალზამის კაცს”, დარწმუნებული ვარ, იმ გულსაბნევს არ წაიღებდა.

ამ ამბით თითქოს, კიდევ ერთხელ “მოვკალი” ბუსი გოგო, სხვა დროს უფრო “გავაცოცხლო” იქნებ.

Tuesday, July 12, 2011

მე და კოლექცია

ერთ-ერთ პირველ პოემანზე, მგონი სულ სულ პირველზეც, მამაჩემს (ჯერ კიდევ რომ არ იყო მამაჩემი) დედაჩემისთვის (ჯერ კიდევ რომ არ იყო დედაჩემი) უთქვამს: “მე ხელოვნება მიყვრს”-ო. დედაჩემს, რომელიც ჯერ არ იყო დედაჩემი, გაჰკვირვებია ასე მარტივად ნათქვამი რთული ამბავი კაცისგან, რომელიც ჯერ მისი ქმარიც კი არ იყო და არც კი უყვარდა ჯერ-ჯერობით და არც კი იცნობდა ხეირიანად. გაკვირვებია და ცოტა გაღიზიანებულა კიდეც, რა ხმამაღალი და სასაცილო ნათქვამიაო. რა იცოდა მაშინ დედაჩემმა (რომელიც ჯერ კიდევ არ იყო დედაჩემი), რომ მამაჩემმა (რომელიც ჯერ კიდევ არ იყო მამაჩემი) ყველაზე მნიშვნელოვანი რამ უთხრა საკუთარ თავზე. გარკვეული დროის შემდეგ დედაჩემი მიხვდა, რომ მამაჩემი მართალი და გულწრფელი იყო და სადღაც, გულის სიღრმეში, ალბათ, იმასაც მიხვდა, რომ ამ სიტყვების ავტორი მალე მამაჩემი გახდებოდა, თითონ კი დედაჩემი. ცოტა უფრო გვიან მამაჩემიც მიხვდა ამას ყველაფერს და მერე მეც გავჩნდი. მაგრამ მანამდე პირველი სურათი იყიდეს, სურათი რომელიც თურმე კარგა გვარიანად დიდი კოლექციის პირველი მერცხალი უნდა ყოფილიყო. ის სურათი ვახტანგ გაბუნიას მიერ დახატული ნატო გაბუნიას პორტრეტი იყო. ჟიზელის კაბაში ჩაცმული გოგონა რაღაცით ირინას გავდა, (იმ ირინას, რომელმაც ჯერ არ იცოდა, რომ და უნდა ყოფილიყო ჩემი). ჰოდა, ირინაც კრგად იყენებდა ამ მსგვასებას. სადღაც 7 წლის ისე მოვიყარე, თავად მეც, რომელმაც, სავარაუდოდ, თავიდანვე (სულ სულ თავიდანვე) მშვენივრად ვიცოდი, რომ დედაჩემი დედაჩემი უნდა გამხდარიყო და მამაჩემი - მამაჩემი და ისიც კარგად ვუწყოდი, ასევე სავარაუდოდ, რომ ირინას სახით საუკეთესო და მელოდა ამქვეყნად, ჩემივე საწოლის თავთან ჩამოგრძელებული პორტრეტი სწორედაც ირინასი მეგონა, იმ ირინასი, ახლადდაბადებულს სახელად ქრისტინე რომ დამარქვა.
მოკლედ, მალე გაირკვა, რომ ერთმანეთის სიყვარულს კიდევ ერთი სერთო სიყვარული შეემატა - სურათების შეგროვების ვნებიანი სიყვარული. საერთო სიყვარული იმიტომ, რომ დედაჩემმა მამაჩემთან ერთად ხელოვნებაც შეიყვარა, მით უფრო, რომ არც მანამდე იყო მის მიმართ გულგრილი. შეგროვების ვნება კიდევ იმიტომ, რომ დედაჩემმა სადღაც წაიკითხა, ადამიანი მაშინ ცხოვრობს დიდხანს თუ მთელი ცხოვრება საყვარელ საქმეს აკეთებს, ისეთს, რომლის კეთებაც მართლა სიამოვნებსო და სწორედ იმ დღიდან გადაწვიტა, მამაჩემის ხანგრძლივი სიცოცხლე ამ გზით უზრუნველეყო. ასე ჩაეყარა საფუძველი “დარჩიების კოლექციას”.
მე და კოლექცია თითქმის ერთდროულად გავჩნდით და ერთადაც გავიზარდეთ, თუმცა კოლექციამ სულ სულ ცოტათი დამასწრო და სამადსამი ნამუშევრის - ნატა გაბუნიას პორტრეტის, XVIII საუკუნის ჰოლანდიური პეიზაჟისა და ნიმუხინის სურათის შემადგენლობით დამხვდა. ზუსტად მახსოვს სად ეკიდა სამივე, ისიც მახსოვს სურათების რაოდენობის ზრდასთან ერთად როგორ ნერვიულობდა ბაბუა, სირცხვილია, სად გინახავთ ამდენი სურათი “წესიერ ოჯახშიო”?! ბრაზობდა ბაბუა და არც ჩხუბს აკლებდა, მაგრამ მაინც ხელს უწყობდა - ოჯახს თითონ არჩენდა, “ახალგაზრდებს თავისი ორი კაპიკი” რომ დარჩენოდათ. კარგად იცოდა ბაბუაჩემმა, ის ორი კაპიკი სურათებზე რომ დაიხარჯებოდა, მაგრამ რა ექნა, რა აზრი ჰქონდა “უსაქმურებთან” ჭიდაობას. ჰო, ზუსტად ასე ეძახდა ბაბუა დედაჩემს და მამაჩემს, რომელიც სინამდვილეში, დედაჩემზე მეტად თუ არა, ნაკლებად ნამდვილად არ უყვარდა. ბებიაჩემი კიდევ... ბუსის არ იცნობდით? მაშინ მასზე ცალკე უნდა მოგიყვეთ, მაგრამ ეხლა არ შემიძლია, გავიდეს ცოტა დრო და მერე... მერე აუცილებლად მოგიყვებით.
ჰოდა, კოლექციაზე მოგახსენებდით. არც ისე სწრაფად იზრდებოფა კოლექცია, ხან მე ვასწრებდი, ხან ის, მაგრამ სიყვარული და ყურადღება არცერთს არ გვაკლდა, თუმცა ის “ორი კაპიკი”, (რომელიც მართლაც ორი იყო და არა სამი) სულ მასზე იხარჯებოდა და მიუხედავად ამისა, მაინც არ ჰყოფნიდა, ამიტომ პერიოდულად ქრებოდა სახლიდან დედაჩემის დუბლიონკა (სხვათაშორის, ბაბუაჩემის ფულით ნაყიდი), ჩეხოსლოვაკიიდან ჩამოტანილი ჯინსის კაბა, მამაჩემის ეტიუდნიკი, “ნამდვილი ფაიფურის” ჩაის სერვისი, ბროლის ნაირნაირი ლარნაკები და რა ვიცი კიდევ რა არ. ოხ, როგორ უნდოდა მამაჩემს "მადონებიანი სერვისიც" “სადღაც” გამქრალიყო, მაგრამ, "მადონებიანი სერვისი" ბებიას უყვარდა ძალიან, წითელზოლიანი სერვისი ხელშეუხებელი იყო. სამაგიეროდ ჩემების “ორ კაპიკს” ჩემი და ირინას “პირადი შემოსავლები” ახვავრიელებდა. ყოველ წელს დაბადების დღის “დამთავრების” შემდეგ უმნიშვნელოვანესი საიდუმლო რიტუალი სრულდებოდა: ბებია-ბაბუასაგან უჩუმრად, სახეზე მოთამაშე იდუმალი ღიმილით, შეთქმულებივით მივდიოდით მშობლების საძინებელში და „ტრილიაჟის“ სარკის ზედა მარცხენა უჯრაში ბოლო კაპიკამდე ვალაგებდით ბიძებისა და დეიდების მიერ “ჩემს სახელზე გული გაიხარე”-ს ტექსტებით ჯიბეში ჩაკუჭულ ფულს. საიდუმლო რიტუალიდან ცოტა ხანში კოლექციაში ახალი ნამუშევარი ჩნდებოდა. აკი გითხარით, მე და კოლექცია ერთად ვიზრდებოდით-თქო?!

P.S. გაგრძელება უნდა ჰქონდეს, წესით...

Monday, May 23, 2011

კარლო



კარლო ბავშვობიდან მახსოვს. ხშირად მოდიოდა ჩვენთან; დამახასიათებელი მეტყველების მანერა და ოდნავ დიდი თავი ჰქონდა, რაზეც ჩემები ხუმრობით ამბობდნენ: რა გასაკვირია, ამდენი ტვინი აბა სად უნდა დაეტიოსო. არც თავდაჭერა ჰქონდა კარლოს ჩვეულებრივი. “სერ!”, - აყოლებდა თითქმის ყოველ ფრაზას, “როგორ გიკითხოთ, სერ?” ან “საუცხოო ლიქიორი გაქვთ, სერ!”. ყველაზე ხშირად კი მაინც ამას იმეორებდა: “ინგლისი დიდია, სერ!”. მაშინ არაფერი გამეგებოდა კარლოს ამ სიტყვებით ნახევრადირონიული ნეორომანტიკული თამაშისა, მაგრამ როგორც ბავშვი, ინტიუტიურად ვგრძნობდი არტისტული თამაშის ელემენტს და საოცრად მომწონდა. ყველაფერი ეს კი ძალიან უხდებოდა წიგნების ჭერამდე ასული თაროებით გადატიხრულ მშობლების საძინებელ ოთახს, სადაც ჩემი მშობლების მეგობრები, როგორც წესი, მხატვრები მოდიოდნენ, კონიაკს წრუპავდნენ, ძალიან ბევრს ეწეოდნენ და ხმაურიანად საუბრობდნენ ჩემთვის გაუგებარ თემებზე. მთელი ეს სიგარეტის ხშირი კვამლითა და კონიაკის მოტკბო-მომწარო არომატით გაჟღენთილი ოთახი მშობლების საძინებელთან ერთად, ცხადია, იდუმალი და ცოტათი საკრალური ადგილი იყო 5-6 წლის ბავშვისთვის, კარლოც ამ იდუმალი საკრალურობის ნაწილი იყო ჩემთვის.



მამას კარლოსთანაც ხშირად მივყავდი. მიყვარდა იქ მისვლა, კარლოს დედა, გოგუცა დეიდა ტკბილ კომპოტს მასმევდა, კარლო კი მისი გრაფიკებით პირთამდე სავსე შავ ალბომს მიდებდა წინ და აირჩიე რომელიც მოგწონსო, მეუბნებოდა. მეც სურათებთან ურთიერთობას ჩვეული, მთელი იქ ყოფნის განმავლობაში გულმოდგინედ ვათვალიერებდი თითოეულ ნახატს, საკუთარ შთაბეჭდილებას მიყურადებული საუკეთესოს არჩევას ვცდილობდი, “გამორიცხვის მეთოდიც” კარგად მქონდა ჩემებისგან ათვისებული; ვიცოდი, რამდენიმე ნამუშევრის ერთდროულად მოწონებას არ უნდა შევეშინებინე, ყველა ასეთი სურათი ერთად უნდა გადამეწყო, მერე ნელ-ნელა გამომეკლო ნამუშევარი, რომელიც სულ ცოტათი ნაკლებად მომწონდა, შემდეგ კიდევ და ბოლოს ის დამრჩებოდა, რომელიც ყველაზე მეტად მომწონებია თურმე და თითონაც ვერ მიმხვდარვარ. მამა ყოველიშემთხევისთვის ფარულად ადევნებდა თვალს სელექციის ჩემს ამ ხანგრძლივ პროცესს, ხომ უნდა გაეკონტროლებინა, ამჯერად რითი მდიდრდებოდა მისი კოლექცია, თუმცა რადგან კარლოს ჯადოსნური ალბომები ყოველთვის “კარლოს ნამუშევრებით” იყო სავსე, დიდად არ ღელავდა, იცოდა, ყველა შემთხვევაში “მოგებული” იყო. ერთხელ მახსოვს, განსაკუთრებით გამიჭირდა სურათის არჩევა, სულ ბოლოს დარჩენილ ორ გრაფიკულ ნახატს შორის ვერცერთი ვერ გავიმეტე “გასაგდებად”. ეტყობა კარლომაც შეამჩნია ჩემი “გასაჭირი”, ორივე გქონდესო, მითხრა ღიმილით და მამას მიუბრუნდა სიტყვებით: “თქვენს ქალიშვილს ერთობ კარგი გემოვნება აქვს, სერ!”, მერე მისთვის უფრო ჩვეული ინტონაციით დაამატა, “უყურე ამ გაურკვეველს?!”. მე კი ძალიან მომერიდა და საშინლად შემრცხვა, მაგრამ ვინც მამაჩემს კარგად იცნობს, მიხვდება, კარლოს ორჯერ არ დასჭირდებოდა ამის თქმა და ორივე ნამუშევარი მსწრაფლ აღმოჩნდა ჩვენს კოლექციაში.
13 წლის ვიყავი, როცა კარლო გარდაიცვალა. მაშინ პირველად შევხედე მის სურათებს, როგორც მისი ამქვეყნად ყოფნის დასტურს და, ალბათ, ერთ-ერთ მიზეზს. მახსოვს რა დაჟინებით დავუწყე ნამუშევრებს ყურება, თითქოს მათში მინდოდა კარლოს ასეთ უცაბედ სიკვდილზე პასუხის პოვნა. მაშინ მის ლექსებს, ესსეებს თუ სტატიებს არ ვიცნობდი, კარლო ჩემთვის მხოლოდ მისი მხატვრობა და თითონ კარლო იყო. მერე როცა პროფესია ავირჩიე, სხვაგვარად დამაინტერესა “კარლომ”, კარგა ხანს ვუტრიალე, მასზე დაწერა მინდოდა, მაგრამ მხატვრობის, პოეზიისა და კრიტიკის სფეროში თანაბარი ძალით მოასპარეზე კარლო კაჭარავას მასშტაბმა შემაშინა და ვერ გავბედე, მივხვდი, მზად არ ვიყავი ასეთ თემასთან შესაჭიდებლად. ახლა კი გული მწყდება, იქნებ სტუდენტური სასწავლო სკრუპულოზურობით მეკირკიტა მის მხატვრობასა და ნაწერებში და ჩემთვის მაინც მეპოვა პასუხები იმაზე, რაც ყოველთვის “მაწვალებს” კარლოს შემოქმედებასთან შეხებისას. არც ახლა ვარ მზად პასუხი გავცე კითხვას, რატომ არის კარლო კაჭარავა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა როგორც თანამედროვე ქართული მხატვრობისთვის, ისე ქართული ანალიტიკური სახელოვნებო დისკურსისათვის. ერთადერთი რაც შემიძლია, ისაა, რომ ჩემთვის მეტ-ნაკლებად გასაგებად დავახასიათო რა თვისებების მატარებელია კარლოს მხატვრობა, რაც ჩემი ბავშვობის ცინცხალ შთაბეჭდილებსა და დღევანდელ მეორად ანალიზს შორის ხიდის გადების მცდელობა უფრო იქნება, ალბათ.

გაგრძელება იქნება