Thursday, January 6, 2011

"ხოლო იესოს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალემდ და იტყოდეს: 
სად არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაი ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავლით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა. 
ვითარცა ესმა ეს ჰეროდე მეფესა, შეძრწუნდა და ყოველი იერუსალემი მის თანა. 
და შეკრიბნა ყოველნი მღდელთ მთავარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიმდა მათგან: სადა უკუე შობად არს ქრისტე? 
ხოლო მათ ჰრქუეს მას: ბეთლემს ჰურიასტანისასა; რამეთუ ესრეთ წერილ არს წინაისწარმეტყუელისა მიერ: 
და შენ, ბეთლემ, ქვექანაი ეგე იუდაისი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაისთა; რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღუარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაელი. 
მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებისა მის ვარსკულავისაი. 
და წარავლინნა იგინი ბეთლემდ და ჰრქუა: მივიდით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთვის, და რაჟამს ჰპოვოთ იგი, მითხართ მე, რაითა მეცა მივიდე და თაყუანის - ვცე მას. 
ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან, წარვიდეს. და აჰა ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინაუძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმაი იგი. 

ხოლო მათ. ვითარცა იხილეს ვარსკულავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად.  და ვითარცა შევიდეს სახლსა მას, იხილეს ყრმაი იგი მარიამის თანა, დედისა თვისისა, და დავარდეს და თაყუანის - სცეს მას; და აღაღეს საუნჯეთა მათთა და შეწირეს მისა ძღუენი: ოქროი, გუნდრუკი და მური.                                                                                                                 და მოიღეს ბრძანებაი ჩუენებით, რაითა არა მიაქციონ ჰეროდესა, არამედ სხვით გზით წარვიდენ სოფლად თვისა.

(მათეს სახარება)


"და იყო ვიდრე იყვნესღა იგინი მუნ, აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი. 
და შვა ძე იგი მისი პირმშოიდა შეხვია იგი სახუეველითა და მიაწვინა იგი ბაგასა, რამეთუ არა იყო მათდა ადგილ სავანესა მას. 
და მწყემსნი იყვნეს მასვე სოფელსა, ველთა დგებოდეს და ხუმილვიდეს ხუმილვასა ღამისასა სამწყოსოსა მათსა. 
და აჰა ანგელოზი უფლისაი დაადგრა მათ ზედა, და დიდებაი უფლისაი გამოუბრწყინდა მათ, და შეეშინა მათ შიშითა დიდითა. 
და ჰრქუა მათ ანგელოზმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: 
რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა. 
და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოვოთ ყრმაი იგი შეხუეული და მწოლარე ბაგასა. 
და მეყსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლე ერთა ცისათაი, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: 
დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაი. 
და იყო ვითარცა აღვიდეს ანგელოზნი იგი ზეცად, მწყემსთა მათ თქუეს ურთიერთას: განვიდეთ ჩუენ ვიდრე ბეთლემდმდე და ვიხილოთ სიტყუაი ესე, რომელი იყო ჩუენდა მომართ, რომელი-იგი უფალმან მაუწყა ჩუენ. 
და მოვიდეს მსწრაფლ და პოვეს მარიამ და იოსებ და ყრმაიიგი, მწოლარე ბაგასა. 
და ვითარცა იხილეს, გულისხმა-ყვეს სიტყუაი იგი, რომელი ითქუა მათა მიმართ ყრმისა მისთვის. 
და ყოველთა, რომელთა ესმოდა, უკვირდა სიტყუაი იგი მწყემსთაი მათ მათა მიმართ. 
ხოლო მარიამს დაემარხნეს სიტყუანი ესე და დაედვა გულსა თვისსა. 
და მიიქცეს და წარვიდეს მწყემსნი იგი, ადიდებდეს და აქებდეს ღმერთსა ამას ყოველსა ზედა, რომელი ესმა და იხილეს, ვითარცა-იგი ითქუნეს მათა მიმართ." 

(ლუკას სახარება)

Sunday, December 26, 2010

Saturday, December 25, 2010

თუმცა კატა ამბობს, დილას, ახალგაღვიძებული ამ მეორე კატას უფრო გავხარო-)) ვერ გავაგებინე, რომ დილით თითონ რომ თვალს აღებს, ცხვირი მაქვს მის ცხვირზე მიდებული და რაკურსში მხედავს-))))) 

Tuesday, November 23, 2010

. . .

გახსოვს როგორ მიყვარდა შენი ძველი ტელეფონის ნომერი? როგორ გთხოვდი, ახალ ნომერს ნუ აიღებ-თქო? მიჩვეული ვიყავი სწორედ იმ ნომრის აკრეფას, ტელეფონში დამახსოვრებულიც კი არ მქონდა, მომწონდა, ყოველ ჯერზე ხელი ელვისუსწრაფესად რომ კრეფდა შენს ნომერს. კიდევ უფრო მეტად მიყვარადა, შენ რომ რეკავდი და ეკრანზე ცხრანიშნა რიცხვი ჩნდებოდა, როგორც შენი არსების არაალფავიტური, გრაფიკული შიფრი. მერე ახალი ნომერი აიღე და მეც ნელ-ნელა მივივიწყე ძველი. სამაგიეროდ ახალი ნომერი შენთვის ჯიუტად შერქმეული სახელით დავამახსოვრებინე ტელეფონს და ახლა ჩვენი სატელეფონო მესიჯების ამ სახელით გამოგზავნა და მიღება შევიყვარე. მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა იმისთვის, რომ ეს ახალი, შენთვის ჩემს მიერ თავნებად შერქმეული მეტსახელით დამახსოვრებული ნომერი ისევე შემყვარებოდა და ისევე ბუნებრივად აღმექვა, როგორც ძველი ნომერი. ამსწინათ კი, როცა ორი დღით მთაში იყავი წასული და ისევ ძველი ნომერი ჩართე, უცნაური რამ დამემართა. სიშორით გამძაფრებული მონატრებით ზედიზედ გწერდი მესიჯებს, მაგრამ ნაცნობი და უკვე სავსებით ბუნებრივი ადრესატის ნაცვლად იმ ძველ ნომერზე ვაგზავნიდი. და უცებ ვიგრძენი, რომ შენ კი არ გწერდი გზავნილს, დღევანდელ, ჩემთვის ასე ახლობელს კი არ მოგმართავდი, არამედ სადღაც წარსულში ვაგზავნიდი შენთვის განკუთვნილ სიტყვებს; ჩვენივე არც თუ ის შორეულ წარსულში უხილავი ფლუიდებივით ვუშვებდი სიტყვებს, ცნებებს, კითხვებს: "მენატრები", "მიყვარხარ", "როდის მოხვალ?"... უცნაური განცდა იყო...  თითქოს აწმყო საერთოდ გაქრა, მომავლიდან წარსულში გიგზავნიდი "მესიჯებს" და ამით ჩვენი ამქვეყნად შეხვედრის პირობას ვქმნიდი, ჩვენს კიდევ უფრო შორეულ მომავალს ვაშენებდი. თავად ჩვენ, დღევანდელი "მე და შენ" კი აწმყოდან გავქრით, სულიერ არსებებად ქცეულები ჯერ  არც კი შევხვედრილვართ თითქოს ერთმანეთს, როგორც მარადიული სუბსტანციური არსებები ჩვენ დროისა და სივრცის მიღმა დავრჩით და მარადისობას შევუერთდით...