Wednesday, May 20, 2009

სავარაუდო პასუხები კითხვებზე “რატომ არ...”

ქართველს მუდამ საკუთარი არტისტულობით მოჰქონდა თავი; სამართლიანადაც! ის რომ არა, დიდი ხნის წინ წაიღებდა წყალი ქართველს. ცოდვა გამხელილი სჯობს და ქართულ სუფრასა თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელთა მეტყველებასა და პლასტიკაში გამომკრთალი, ყველასათვის კარგად ნაცნობი თეატრალური ბუნება ზედმეტად უიოლებს ქართველს საკუთარი “ცუდი” შეალამაზოს, მოგაწონოს და თუ საჭირო გახდა, კიდეც მოგამადლოს, როგორც დაუმსახურებელ დიდი რამ ჯილდო. ეს თვისებაა, რომ ჩვენს ყოფას, ხშირად ყველაზე ნაკლებად არტისტულ, მაგრამ მაინც თეატრს, უფრორე კი, აბსურდის თეატრს ამსგავსებს. ბევრი რამ გვაქვს საერთო ამ უცნაური დრამის მქონე, ტრაგი-კომიკურობის ზღვარზე მავალ გამოგონილ სამყაროსთან, პირველ რიგში კი კონკრეტული შემთხვევისათვის შეუფერებელ პერსონაჟთა სიმრავლე და მათ შორის გამართული ულოგიკო, აბსურდული და გამომწვევად უხიაგი დიალოგი-მსჯელობა. ჩვენი დღევანდელი სინამდვილეც, მთელი თავისი არსობრივად არც მთლად მრავალფეროვანი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სპექტრითა და “მოსიარულე ძეგლების” გარშემო გამართული კამათით, ამგვარ აბსურდის თეატრს ჩამოჰგავს სწორედ. და განა მარტო დღეს?! ძეგლებზე ატეხილ მთელს ამ აურზაურში ბევრი რამ არის იმთავითვე გასაკვირი. იქნებ დახვავებულ კითხვებს პასუხიც ადვილად გაეცეს, წამით მაინც თუ გავუუცხოვდებით საკუთარ, ალაგ-ალაგ ძუნწად ჩენილი სამართლიანობით შელამაზებულ, კონვულსიურად ფეთქებად არტისტულ რეპლიკებს, დავფიქრდებით და ლოგიკურად ავასხამთ მსჯელობას. მაშინ იქნებ, დიდი ხნის წინ გაჩენილ აბეზარ კითხვებსაც გავცეთ პასუხი: “რატომ არ”. მე ერთი იმ შემთხვევით პერსონაჟთაგანი ვარ, სავარაუდო პასუხებს რომ შემოგთავაზებთ. ასე მაგალითად:

რატომ არ უნდა შექმნილიყო დავით აღმაშენებლის ძეგლი
დავით აღმაშენებელი _ მეფე, რომელმაც “გალობანი სინანულისანი” დაწერა, ტაძრის კარიბჭეში დაკრძალვა და ყოველი გამვლელის გულზე გადატარება ისურვა _ დიდი ადამიანი, რომელმაც მჭექარე სახელისა და დიდების შარავანდით მოსილ მეფედ ყოფნას საკუთარი ერისათვის უჩინრად ყოფნა არჩია. თითქმის ათი საუკუნის შემდეგ მაინც ეურჩნენ მას მისივე ქვეყნის შვილნი _ ძეგლი დაუდგეს. უსუსური, უპასუხისმგებლო და უგულო საქციელი დიდი მეფის საუკუნო ქვეშევრდომთა მხრიდან...

რატომ არ უნდა დადგმულიყო დავით აღმაშენებლის ძეგლი სწორედ იმხანად
1997 წელი - ერთ-ერთი ყველაზე დუხჭირი პერიოდი ქვეყნის უახლეს ისტორიაში; ეკონომიკურად შეჭირვებულ ქვეყანას ზნეობრივი გასაჭირიც დასდგომია. ყოველდღიური საზრუნავი ნაკლებად უტოვებს ადგილს მაღალ იდეალებს. ამისათვის არც ხალხს სცხელა და მით უფრო ”სულ სხვა საქმით” გართულ ქვეყნის თავკაცთ. საქართველოს პოლიტიკური კურსი შორს არის XI-XII საუკუნეების ჰეროიკულობასა და ჯანსაღი ამბიციისაგან. ასეთ დროს ქვეყნის დაცარიელებული სალაროდან ყბადაღებული შვიდი მილიონი ლარის დავით აღმაშენებლის ძეგლისათვის გამოყოფა დიდ უზნეობასთან ერთად ერთან და საკუთარ სინდისთან ნათქვამი დიდი ტყუილიცაა, ალბათ.

რატომ არ უნდა ყოფილიყო დავით აღმაშენებლის ძეგლი ასეთი
მახსოვს ერთხელ ერთ ბავშვს ვკითხე, მოწონდა თუ არა დავით აღმაშენებლის ახლადდადგმული ძეგლი. მიპასუხა, არაო. რატომ-მეთქი რომ შევეკითხე, მოკლედ მომიჭრა “ცივია და წვეტიანიო”. გამეღიმა, ცოტა არ იყოს მენიშნა ნათქვამი. დაბერილი კუნთებით ზედმეტად გადატვირთულ ცხენზე ამხედრებული, სახის უტყვი გამომეტყველებისა და ჟესტის მქონე წვეროსანი მამაკაცი მართლაც უკარებად იმზირება და უცხო რჩება მნახველისთვის. ქანდაკების საერთო პომპეზური იერი და მისი კომპოზიციური გადაწყვეტით შექმნილი, თვალში იოლად საცემი პათეტიკა ნაკლებად ეხამება ჩვენს წარმოდგენას დავით აღმაშენებლზე, უფრო სწორად კი მხოლოდ ცალსახად აშუქებს მას. გელათის ფრესკიდან ხომ სულ სხვა დავითი იმზირება?!. (არადა შეუძლია ძეგლის ავტორს დიდი პიროვნებების “ქვაში გაცოცხლება”; დავით გურამიშვილის ძეგლი ხომ ამის პირუთვნელი დასტურია).

რატომ არ უნდა მდგარიყო დავით აღმაშენებლის ძეგლი რესპუბლიკის მოედანზე
საბჭოთა რეჟიმმა ხილულ ბოროტებასთან ერთად არაერთი “ბოროტი სიკეთე” ჩაიდინა, მათ რიცხვშია რესპუბლიკის მოედანიც, რომლის შექმნასაც ქალაქის ერთ-ერთი ლამაზი უბნის ისტორიული იერი შეეწირა. ასეთია წესი ალბათ, შორიდან მოსული, დამხვდურთათვის ბოლომდე უცხო და მიუღებელი, მსხვერპლს მოითხოვს მათგან. მომხვდური იშვიათად ცდება არჩევანში, დამხვდური - ხშირად ტყუვდება ან, იქნებ, თავს იტყუებს კიდეც; ან კი სხვა რა გზაა... ერთ-ერთი ასეთი “თვითმატყუარა” გახლავთ ეს ჩვენი რესპუბლიკის მოედანიც, რომელიც არა მგონია, შესაფერი “კვარცხლბეკი” იყოს მეფეთმეფე დავითისთვის. მოედნის ინტერნაციონალური სტილის არქიტექტურა, საბჭოთა, აწ უკვე პირისაგან მიწისა აღგვილი სიმბოლიკის გამოხატულება და ტრანსპორტის სიჭარბე ხომ არა და არ ეხამება ცხენზე ამხედრებული მეფის იმპოზანტურ იერს. მოკლედ, დასამალი რაა და, არც არქიტექტურა უვარგა ძეგლს.

რატომ არ ჰკითხეს ძეგლის ავტორსა და მათ, ვისაც მეტი ეთქმოდათ მასზე.
დასაწყისში ჩვენი ყოფის აბსურდულობაზე მოგახსენეთ. ამის ერთ-ერთი გამოხატულება კი ჩვენში ქვეყნის თავკაცთა მიერ ბიზნეს-ინტერესების სასარგებლოდ ახლადმიღებული გადაწყვეტილებების შესაბამის წრეებში გავრცელების, მეტი რომ არაფერი ვთქვათ, უცნაურობაა. საკითხმა “გადატანილ უნდა იქნას თუ არა დავით აღმაშენებლის ძეგლი ახალ ადგილას” იერარქიული პირამიდის წვეროდან გვიანღა მიაღწია სპეციალისტთა რიგებამდე და ისიც არა კითხვის, არამედ გადაწყვეტილი დებულების ფორმით. მათთვის აზრი მანამდე არავის უკითხავს, ჰოდა ატყდა ერთი ალიაქოთი. მაგრამ, არამკითხე მოკამათეთა შორის ყველაზე ხმამაღალი არცვისთვის მკითხველი ხელისუფლების იმპერატივი აღმოჩნდა: დავით აღმაშენებლის ძეგლი სწორედ იქ გადავა, სადაც მისთვის კვარცხლბეკი უკვე მზად არის! და უფრო მეტიც, თავისუფლების მოედანზე წმ. გიორგის ქანდაკება დაიდგმება! ჰოი საკვირველებავ!

რატომ არ შეიძლება დაიდგას წმ. გიორგის ქანდაკება
ამ საკითხზე ისედაც ბევრი ითქვა მართებული, აბსურდული კი აი რა არის: XXI საუკუნის ურყევი ორთოდოქსულობით თავმომწონე ქვეყანა, სადაც ლამისაა ინკვიზიციის ცეცხლს მისცენ ყველაფერი, რაც “არამართლმადიდებლური და, შესაბამისად, არაქრისტიანული, ეშმაკეული და ბილწია”, შესაშური უდრტვინველობით ხვდება წმინდანის ძეგლის დადგმას. აბსურდი სრულებით არ უპირისპირდება აბსურდს, შედეგად, ქალაქის ცენტრში კერპი იდგმება. და აი, ისიც - კიდევ ერთი აბსურდი!

რატომ არ უნდა დგამდეს წმინდა გიორგის ქანდაკებას მოქანდაკე ზურაბ წერეთელი
გადის დრო-ჟამი და ბევრი რამ იცვლება ამ სოფლად, იცვლებიან ადამიანებიც... ერთია მხოლოდ, ადამიანები დროის ფეხდაფეხ არ უნდა იცვლებოდნენ, ალბათ. და თუ ასეა მაინც, არ უნდა ვუიოლებდეთ მათ საეჭვო “გარდასახვას”. მთელს მსოფლიოში პატივცემულმა მოქანდაკემ ერთხელ უკვე შექმნა წმინდანის ქანდაკი, ოღონდ მაშინ ის წინა პრეზიდენტის სასწაულებრივი გადარჩენის (ე.ი. ედუარდ შევარდნაძეზე არშემდგარი ტერაქტის) აღსანიშნავად უბოძა ქალაქს. მართალია, არა ბედის მსახვრალმა, არამედ ხელმრუდის ხელმა ძეგლი მალევე გააქრო, მაგრამ მოქანდაკე მის, მასშტაბში საგრძნობლად გაზრდილ ნიმუშს მალევე უძღვნის ჩვენს ახალ პრეზიდენტს და მის მიერ მოპოვებულ გამარჯვებას. პირველ შემთხვვაშიც ძეგლი სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებას მიეძღვნა. განა ახლაც ასე არ არის? უკაცრავად კი ვარ, მაგრამ გამოდის, რომ ის, რაც ადრე “სიკეთე” იყო ახლა ბოროტებაა და რამაც პირველად გაიმარჯვა ახლა ის დამარცხდა სწორედ. სიკეთემ ასეთი გარდასახვა არ იცის, ეგ უფრო ბოროტების საქმეა. მე ჩემდა თავად, ისევ აბსურდის სუნი მცემს.

დაბოლოს, კითხვა, რომელზეც ძნელად თუ გასცემს კაცი პასუხს, ეს საქმე ამა ქვეყნის ძლიერთათვის მიმინდვია:

რატომ არ უწევენ ჩვენს ქვეყანაში ანგარიშს საზოგადოების აზრს? ან რატომ არ არის ჩვენს ქვეყანაში საზოგადოება, რომლის აზრსაც ანგარიშს გაუწევენ?


შენიშვნა: ზემოთ მოყვანილ სავარაუდო პასუხთაგან შემოხაზეთ მხოლოდ ის, რომელიც მეტნაკლებად სწორად მიგაჩნიათ (შეგიძლიათ შემოხაზოთ რამოდენიმე).
საყოველთაო ტესტირების ეპოქაში იქნებ ზოგადსააზროვნო კატეგორიების დასადგენად ეს მეთოდი უფრო გამოდგეს.
დაიბეჭდა გაზეთში "კულტურა", 2005 წელს

2 comments:

  1. როცა პირველად ვიეჭვე, რომ რაღაც ისე არ იყო, ბევრი რამ ისე არ ხდებოდა, როგორც უნდა მომხდარიყო "გამარჯვებული ხალხის" სახელმწიფოში, ვიფიქრე, ამას დავწერ-თქო... მას შემდეგ? მას შემდეგ სულ უფრო და უფრო უადგილოდ ჟღერს სიტყვა "სახელმწიფო"

    ReplyDelete
  2. ჩვენი ქვეყანის საზოგადოება ისევე,როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყანის(ების)ჯერ კიდევ(და ვინ იცის კიდევ რამდენ ხანს),მხოლოდ საბჭოთა ვართ(სხვადასხვა მასშტაბში)..."საბჭოთა"ხომ ასე მრავლისმეტყველი სიტყვაა,ჰო და ის ნაწილაკები რომლებიც ცდილობენ გარღვევას ან გამორღვევას,სამწუხაროდ ჯერ მხოლოდ ნაწილაკებია,აქტიური ნაწილაკები,მაგრამ არასაკმარისი,ვითომ?
    აი კიდევ ერთი ნაწილაკი "სამეზობლოდან"
    http://art4.ru/ru/news/news_detail.php?ID=1377&block_id=28(თქვენს სტატიას პირდაპირ თუ არა...ვგონებ ეხმიანება)
    მგონი შემოვხაზე? :)
    კეთილი სურვილებით გულადი

    ReplyDelete