Wednesday, May 20, 2009

ჯადოსნური ქალაქი მიწისქვეშ

ადამიანებმა დიდი ხანია დავკარგეთ სასწაულის განცდა, გაგვიცვდა გაოცების უნარიც... მოკლედ კარგა ხანია აღარ ვართ ბავშვები. აღარ გვაინტერესებს საიდან მოდის და სად მიდის ქარი, რატომ ამოდის მზე და სად უჩინარდება ღამით; რას ბუტბუტებს ზღვა და რატომ მოდის თოვლი; აღარ გვაშინებს ჭექა-ქუხილი და აღარ ვაღმერთებთ ციურ მნათობებს. თანაც ძალიან შევეჩვიეთ “ეშმაკის მანაქანებს”. ზუსტი მეცნიერებებით თავდაჯერებულებსა და თავმომწონეებს აღარ გვანცვიფრებს მოლაპარაკე, ყოვლისმხილველი ყუთი, ტელევიზორს რომ ვარქმევთ, შორ მანძილზე ხმის მიმწვდენი აპარატი, ტელეფონს რომ ვუწოდებთ და ტრანსპორტის ნაირ-ნაირი სახეობა, ნებისმიერ სტიქიას რომ “ერევა” და ურცხვად ითავისებს. ჩვეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია უზარმაზარი რკინის ჩიტის მუცელში ჯდომა და ცაში ფრენა ან ვეშაპის ზურგზე შემომსხდრებსა თუ მის ყბაში მყოფებს ზღვაში ცურვა. არადა, ეს ყველაფერი ხომ ის, რეალობად ქცეული ჯადოსნური ნივთებია, ზღაპრებში რომ წაგვიკითხავს. ადამიანმა მოახერხა ყველაფერი პროზაულ ყოფად ექცია და არა თუ ზღაპრულობის, მიუწვდომლობის ხიბლიც დაეკარგა მისთვის. ბოლოს ის ყოვლისშემძლე ყუთი გამოიგონა, კომპიუტერს რომ ვეტყვით ხოლმე, და საოცნებოც აღარაფერი დარჩა. ჯადოქრობამ თავადვე გააქრო ჯადოქრობა. ადამიანმა დიდი ხანია თავი ანება ზღაპრების თხზვას და “ფანტასტიკის” წერას მიჰყო ხელი. (ის, რაც ზღაპარში კოსმოსის შესახებ ფარული ცოდნის მატარებელი “შიფრია”, ფანტასტიკაში ტექნიკური პროგრესისა თუ მუტანტური ევოლუციის “ამბავია” მხოლოდ).
ასე თანდათან მოგვიცვდა ჯადოქრობისა და სასწაულის შეგრძნება. დღეს მიწის ქვეშ ათეული მეტრის სიღრმეში უზარმაზარი მექანიკური ქვეწარმავლის სხეულით გადაადგილება ურბანული ყოფის განუყოფელი ნაწილია. მეტრო დღეს ერთ-ერთი ყველაზე იაფი და დაბალრეიტინგული სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც ნაკლებად თუ იზიდავს ვინმეს. (ნიშანდობლივია, რომ იგი მხოლოდ ბავშვებს უყვართ, ისიც ადრეულ ასაკში, სანამ საოცრების განცდა ჯერ კიდევ გამძაფრებული აქვს ადამიანს).
მოხუცი, დაღლილი მეტრო ყოველ დღე ათასობით მგზავრს მასპინძლობს. მათგან, ალბათ, არავინ ფიქრობს, რომ უცნაური, რკინის ქვეწარმავლით მგზავრობა მიწისქვეშეთში მითიური მოგზაურობის მისტერიალური აქტის თავისებური პროფანაციაა. ადამიანისათვის მიუღწეველი ქმედება, რომელიც ადრე სულიერი სრულყოფის ახალ საფეხურად გაიაზრებოდა, სიმბოლური დატვირთვის მქონე მისტერიალური აქტი იყო. დღეს ადამიანმა მისთვის “აკრძალული” ყვლა სფერო აითვისა და, პრაქტიკულად, აღარ დაიტოვა “მისტერიალური ტოპოსი”. მისი ადგილის დაკავება ჩვენს სინამდვილეში მხოლოდ ხელოვნებას თუ შეუძლია. თუმცა დღეს ხელოვნება სულ სხვა ენაზე ლაპარაკობს და სათქმელადაც სხვა რამ გაუხდია, მაგრამ ისეც ხდება ხოლმე, რომ ხელოვნების რომელიმე ნიმუში წამით მაინც დაგიბრუნებს დიდი ხნის წინ დაკარგულ ჯადოსნურ სამყაროსთან უცაბედი შეხებით გაჩენილ უცნაურ განცდას და წუთით მაინც ჩაგაფიქრებს. მეჩვენება, რომ ავთო გურგენიძის მიერ მოხატული კედელი მეტრო “ნაძალადევის” ქვედა სადგურში სწორედ ეს შემთხვევაა.
შავი კონტურული ნახატითა და მჟღერი ფერებით შექმნილი “მხიარული” კომპოზიცია სულაც არ უწევს ანგარიშს და არ ითვალისწინებს მეტროს სადგურის დინჯ, მცირე ზომისათვის შეუფერებელ მასიურსა და საკმაოდ პირქუშ ინტერიერს. (თუმც ხაზგასმით მაჟორული ინტონაციის გამო, მეტროს სადგურის საერთო სახიდან აშკარად ამოვარდნილი კომპოზიცია კარგად შეესაბამება მას მასშტაბური თვალსაზრისით). ზუსტად ისე, როგორც ბავშვი არ იღებს ახსნა-განმარტებას, რომ მზე ღამ-ღამობით ზღვაში კი არ ჩადის, დედამიწას უვლის გარშემოო, არც ავთო გურგენიძის კედელი ეპუება საზოგადოდ გავრცელებულ წარმოდგენებს და ჩვეულებრივის მაგიერ, ჯადოსნურ ქალაქს წარმოგვიდგენს. თუკი მივეჩვიეთ და გვჯერა, რომ საგნები მუნჯია (და ამით ზოგჯერ თავადვე ვამუნჯებთ მათ თუ ვიყრუებთ თავს), აქ ყველაფერი ცოცხალი და მეტყველია. მჭიდროდ მიჯრილი, ერთმანეთს მიყრდნობილი წოპწოპა სახურავიანი სახლები თითქოს ბუტბუტებენ, ოხრავენ, თვლემენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, ხვრინავენ კიდეც. უბრალო ადამიანების ნაცვლად აქ ჯუჯა კაცუნები ცხოვრობენ. თუმცა მათი სასაცილო ვერცხლისფერი ფიგურები არ არის ნამუშევრის ერთადერთი პერსონაჟები. კომპოზიციის დომინანტები _ მზე და მთვარე _ ქალაქის მობინადრეებს უფრო ჰგვანან, ვიდრე უბრალოდ ციურ მნათობებს. ზღაპრულ ქალაქში “აქეთ მზესა” და “იქით მთვარის უკან კიდევ ვარსკვლავებმაც” კონკრეტული ხატების _ ღრუბელივით ნახევრადგამჭვირვალე, ირმისმაგვარი გამოსახულების ფორმა მიიღო და ირმის ნახტომის ვითომდა გულბურყვილოდ გააზრებულ განსხეულებად მოგვევლინა. როგორც ხედავთ, აქ ყველაფერი სულ სხვა, ჯადოქრულ კანონს ემორჩილება. ზღაპრული ქალაქის ჯადოსნურობის განცდას აძლიერებს სახლებიდან ამოსული, ნახევრად ადამიანის სილუეტის მსგავსი, ვერცხლისმფრქვეველი ცისკენ მიმავალი გამოსახულება. უნებურად გიჩნდება სურვილი, მას “ქალაქის სული” უწოდო. კომპოზიციის ძირითადი ფერადოვანი ნახატის მაჩარჩოებელი შავი სარტყელი, რომელშიც სიბნელეში ჩაძირული სახლების სილუეტი იკითხება, სწორედ ის მძინარე ქალაქია, მეტრო “ნაძალადევის” თავზე რომაა, ჯადოსნური ქალაქი კი მხოლოდ სიზმრისეული, პარალელური რეალობაა თითქოს. მათ შორის მაკავშირებლად სათამაშო მატარებლის ვაგონების “აცმაა” გაბმული. ეს კი, ალბათ, თავად მეტროს სადგური “ნაძალადევია”, რომელსაც მგზავრი მიწისზედა უბრალო ქალაქიდან მიწისქვეშა ჯადოსნურ ქალაქთან მოჰყავს. აქ მოხვედრილს კი წამით მაინც გაუჩნდება განცდა, რომ თავადაც უცნობ, ზღაპრულ პერსონაჟად იქცა და ამ ქალაქში დაიდო ბინა. აკი ვამბობდი, ხელოვნებას “ასეთები” შეუძლია-თქო?!
და თუ ამგვარი გარდასახვა მოგინდათ, უკვე იცით სადაც მიხვიდეთ; ამ ჯადოსნურ ქალქს ხომ კონკრეტული მისამართი აქვს: მეტრო სადგური “ნაძალადევი”.
დაიბეჭდა გაზეთში "კულტურა", 2005

1 comment: