Thursday, January 7, 2010

“მე მიყვარს თბილისი”?

ხანდახან მგონია, რომ მოვხუცდი, რომ უკვე ძალიან, ძალიან ბებერი ვარ და ხალხური გამოთქმისა არ იყოს, “ჩემი ხნის ქვაც აღარ დაგორავს”. არა, ვერ მიხვდით! ინტელექტუალური მხცოვანებისა და მრავალჭირნახულობის სენი სულაც არ შემყრია, ყველაფერი გაცილებით უფრო მოკრძალებული და პროზაულია. სწორედაც ქვაზე მოგახსენებთ... დიახ, პირდაპირი მნიშვნელობით ქვა ან აგური აღარ დარჩენილა თითქოს ძველი, ჩემი ხნის კი არა და მართლა ძველი იმ ქალაქში, უწინ ტფილისს რომ ეტყოდნენ. თვალსა და ხელს შუა იცვლება თბილისი, მოიხედავ და აღარ არის კოპწია, სათამაშოსავით სახლი შენი ბავშვობის მეგობრის ეზოში რომ იდგა, აღარც ის არის სუროშემოხვეული, ერთიანად დაბურული, თითქოს “დაყრუებული” რომ იდგა სკოლასთან ახლოს, ცოტას რომ გაშინებდა და მაინც განსაკუთრებით რომ გიზიდავდა, აღარც ის, ნალესობაჩამოცვენილი აგურის სახლია, ყოველ გავლაზე ხელახლა რომ მოგწონდა მისი კედლის წიკწიკა წყობა, აბა ის აივნიანი სახლი ხომ დიდი ხანია აღარ არის, აი, ის, ხის ჩუქურთმიანი აივნის შეხედვისას შენი და “მისი” სიბერე რომ “გახსენდებოდა”... სამაგიეროდ გაიხედავ და მათ ადგილას დაინახავ ახალ, უადგილოდ დიდსა და უნიჭოდ ტლანქ შენობას, სიტყვა “კმაყოფილება”-ს კი არა და უკვე, მაპატიეთ და, “გავძეხი”-ს რომ გავს. ასეთი, გარემოსთან შეუსაბამო, კონფლიქტური და აგრესიული შენობები ნაწვიმარზე ამოსული შხამიანი სოკოსავით მრავლდება. და რაც მთავარია, ისინი ძალიან გვგვანან ჩვენ, თანამედროვე ადამიანებს - აგრესიულებს, კონვულსიურად ნერვულებს, ამბიციურებს, ხარბებსა და ეგოისტებს, მათ, ვინც ამ სახლებს ვაშენებთ და ვინც მათში ვცხოვრობთ. თუმცა ჩვენ-თქო კი ვამბობ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ჩვენ-ს არ ვგულისხმობ, ეს უფრო “ისინი”, სხვები, ვიღაც უცხოები არიან, მუდამ სხვებად და უცხოებად რომ მინდა დარჩნენ. მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი... და დიდი ხანია ამას სჩადიან, ანგრევენ, ამახინჯებენ და აყალბებენ ქალაქს: ნამდვილსა და სახასიათოს ან საერთოდ სპობენ ან ისე უსულგულოდ ამრავლებენ რომ უნიფიცირებულ შტამპებად აქცევენ, ძველს და შელახულს “ვითომ შეკეთებით” ამახინჯებენ, და რაც მთავარია, გამუდმებით ანგრევენ და მათ ადგილას თბილისის ისტორიულად ჩამოყალიბებული არქიტექტურული სახისთვის აბსოლუტურად არათავსებად “უცხო სხეულებს” დგამენ, რითიც დაავადებული ორგანიზმივით აგვარებენ თბილისის ურბანულ ქსოვილს.
მერიის საარჩევნო კამპანიის ბილბორდებზე კი თვალს გვჭრის სლოგანი “მე მიყვარს თბილისი” და აფიშებიდან დანგრეული მირზა შაფის ქუჩა და შუშის კორპუსები გვიმზერს. საინტერესოა, რომელი თბილისი უყვარს ამ სიტყვების ავტორებს? და რისი თქმა სურთ ამით? თუმცა დამოკიდებულება სავსებით გასაგებია, ბილბორდების დიზაინი არც კი ფარავს პოზიციას – სლოგანის გრაფიკული გადაწყვეტა მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში ტურისტებისათვის შექმნილ მაისურებზე დატანილ წარწერებს წააგავს. მას სიამოვნებით ყიდულობენ ტურისტები, ნიშნად იმისა, რომ იყვნენ და ნახეს და არა იმისა, რომ უყვართ. ქალაქის სახელწოდებასთან დახატული გული სრულებით არ გავალდებულებს ამ ქალაქის სიყვარულს. ეს ყველამ იცის, არაფერს გთხოვენ, ეს ადვილია, ამიტომაც მაისურები თუ ნივთები მსგავსი წარწერებით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და იაფფასიანი სუვენირია მსოფლიოში. ეს შორიდან მოსული ადამიანის ზედაპირული დამოკიდებულებაა; მაგრამ შორიდან მოსულისა სხვისის მიმართ და არა შინაურისა საკუთარის მიმართ. როდესაც საკუთარს ტურისტივით დისტაციით უმზერ, ვერ უნდა იყოს კარგი სიმპტომი. თუმც არც ასეა საქმეო, მოგვიგებენ, და სადღაც მართალია! მაღალსართულიანი კორპუსების კომერციული პოტენციალით დაინტერესება ხომ გაცილებით უფრო ღრმა და საფუძვლიანია, მათთდამი დამოკიდებულებაც უფრო სერიოზულია, რაც აშკარად იკითხება აფიშების იმპოზანტურ იერში. ამდენად, ქალაქის განვითარების ეგიდით შობილ უზარმაზარ, უსახურ შენობებს ვაი, რომ მომავალშიც მრავლად უნდა ველოდოთ.
მაგრამ, ისევე როგორც ყველაფერი ამ ქვეყნად, არც “აღმშენებლობის” ეს პათოსია ახალი, პროცესი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. საბჭოთა ხელისუფლებას, ბუნებრივია, არაფერი ძველი, ნამდვილი, ინდივიდუალური თუ თვითმყოფადი არ სურდა, ამიტომ თანდათანობით მათი ნგრევა-ჩანაცვლება იწყეს. ასე ნელ-ნელა აღმოსავლურ ყაიდაზე გამართული ხმაურიანი “მაიდნების”, ვიწრო მიხვეულ-მოხვეული, ქვით მოკირწყლული ქუჩების, მტკვარზე “გადგმული” ქარვასლების, ქართული აივნიანი სახლებისა და პატარა საფეხმავლო ხიდების ნაცვლად თვალი ასანთისკოლოფა კორპუსების, დიდი სატრანსპორტო მაგისტრალების, არამყუდრო, უფუნქციო მოედნებისა და უსახური არქიტექტურის ცქერას შეეჩვია. აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, თითქოს “ოქროს კვეთის” იდეით ნაშენი, ერთ დროს ეგზოტიკური ტფილისის მკვიდრნი, არაფრით გამორჩეული, თნამედროვე სტანდარტებით საშუალოზე დაბალი ქალაქის ამარა დავრჩით, სადაც მხოლოდ ფრაგმენტების სახით თუ შემორჩა ძველი თბილისის “ნაგლეჯები”.
დისტანცირებული ხედვა თავისთავად შობს გაუცხოების გრძნობას ქალაქისადმი; ამიტომაც აღარ გვიყვარს თბილისი, ან კი რა ვიცით მის შესახებ? პრაქტიკულად, ხომ არც კი ვიცნობთ მას. ეს ძველი ფოტოებიც იმიტომ გამახსენდა. ფოტოზე აღბეჭდილი ტფილისის ყოველდღიური ცხოვრების “გაყინული წამი” და დროში გარინდული, თითქოს მარადიული ხედვისთვის “განწირული” ადამიანები, შესაძლოა, ჩვენსა და “ჩვენს ქალაქს შორის” არსებული დროითი მანძილის დაფარვაში “მოგვეხმარონ” და წამით მაინც განგვაცდევინონ ის ნამდვილი თბილისი, რომელიც, ალბათ, უკვე აღარ არსებობს.




სეიდაბადი
ასე უწოდებდნენ XVII საუკუნიდან აბანოების უბანს და მის მიმდებარე ტერიტორიას (იმ ადგილამდე, სადაც დღეს სამასი არაგველის ძეგლი დგას). ეს სპარსული სიტყვაა და სეიდების სამოსახლოს ან სეიდების უბანს ნიშნავს. გადმოცემის თანახმად, ბუნებრივი ცხელი წლით მოხიბლულ სპარსეთის შაჰს აქ სეიდების ტომი ჩამოუსახლებია, სახელწოდებაც აქედან გაჩნდა. საინტერესოა, რომ თავდაპირველად სწორედ ამ ადგილს ერქვა ტფილისი, პირველი დასახლებაც აქ ჩასახულა.


სეიდაბადი, იგივე ხარფუხი

ხარფუხი
აბანოების უბანსა და ორთაჭალას შორის, თაბორის მთის ძირში, XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე პატარა სოფელი ხარფუხი წარმოიშვა. (ადრე სეიდაბადად სახელდებულ უბანსაც XIX საუკუნიდან ასე უწოდებენ). XIX საუკუნის დასაწყისში აქ ლეკების მიერ დარბეული, სოფ. წალასყურიდან გამოხიზნული გლეხები დასახლდნენ. 1811 წელს ხარფუხი თბილისის მაზრას მიაწერეს. აქ თავშესაფარს პოულობდნენ ბოროტმოქმედნი, სხვადასხვა ჯურის საეჭვო ხალხი და საქონლით დატვირთული კონტრაბანდისტები. 1819 წლის 15 მარტის ბრძანებით, ხარფუხი ოფიციალურად იქცა თბილისის ნაწილად.უბნის სახელწოდებას უცნაური ისტორია აქვს: აქ, თათრების სასაფლაოს სიახლოვეს მდგარა კედელი და საკულტო დანიშნულების ქვა ხატით. ტფილისელების რწმენით, ხატს სურდოს განკურნება შეეძლო და მასთან სურდოშეყრილი ბავშვები მოჰყავდათ. ი. გრიშაშვილი წერდა: “ხარფუხი (ანუ “ხარბუხი”) ძველებურ სომხურ ენაზე სურდოს ნიშნავს. მართლაც, ხარფუხის თავზე, სოფელ შინდისის გზის დასაწყისში, კლდის ქიმზე დღესაც მოჩანს პაწაწა ნანგრევები, რომელსაც “სურდოს ხატს” უწოდებენ. სურდოიანი პაციენტი ეხლაც ესტუმრება ხოლმე ამ ხატს, მოუტანს საყმაწვილო ჭინჭილეს, მიამტვრევს ხატის წინაშე და ამით ვითომ სურდო იკურნება”.


ვირის ხიდი, ზუბალაშვილებისა და შადინოვების ქარვასლა

"ვირის ხიდი"
მტკვრის ქვედა დინებაში არსებული ორთაჭალის კუნძული ცნობილი იყო თავისი ბაღებით, რომლითაც თბილისი ხილითა და ბოსტნეულით მარაგდებოდა. სანაპიროს მშენებლობის შედეგად მტკვრის ტოტი მოისპო და, შესაბამისად, კუნძულიც აღარ არსებობს. ადრე კუნძულს მარჯვენა ნაპირთან აკავშირებდა კოლოფზე შეყენებული ხის ვიწრო ხიდი, რომელსაც თბილისელებმა "ვირის ხიდი" შეარქვეს, რადგან მასზე სახედრებს ხილით დატვირთული გოდრები გადაჰქონდათ. მუდამ ხმაურიანი, უბრალო გამვლელებით, ვაჭრებითა თუ საპალნეასხმული ვირებით “მოფუთფუთე” ხიდი უდაოდ ქალაქის ერთ-ერთი კოლორიტული ელემენტი იყო. შემდგომში ეს სახელწოდება მეტეხის ძველ ხიდზეც გავრცელდა.

ქარვასლები
ფეოდალურ თბილისში ოდითგანვე თვალსაჩინო ადგილი ეჭირა სავაჭრო-საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებს - ქარვასლებს. ქარვასლის არქიტექტურას საკმაოდ ხანგრძლივი ადგილობრივი ტრადიცია ჰქონდა. მათ, ძირითადად, გზებზე აშენებდნენ მგზავრებისათვის ღამის სადგომისა და საჭმელ-სასმელის უზრუნველსაყოფად. მაგრამ მხოლოდ ამით არ ამოიწურებოდა ქარვასლების ფუნქცია, მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ქალაქებში, სავაჭრო ცენტრებში, სადაც საქონელი შორეული ქვეყნებიდანაც მოდიოდა.
შარდენის (1671 წ.) თქმით, “თბილისში არის საუცხოო საზოგადო შენობები; ბაზრები, ე.ი. სავაჭრო ადგილები ფართოა, აგებულია ქვისგან და კარგად მოვლილი, იგივე შეიძლება ითქვას ქარვასლებზე, იმ სადგომებზე, რომლებშიც უცხოელები ჩერდებიან.”
1836 წელს გამოსული ოფიციალური კრებული ასეთ ცნობებს შეიცავს თბილისის ქარვასლების შესახებ: “ქარვასლების სახელით ცნობილია гостинный двор, რომელსაც იყენებენ ჩამოტანილი საქონლის საწყობად. მაგრამ, ამას გარდა დუქნებს, რომლებიც ქარვასლებში, ბაზრებსა ან მოწყობილი, ბევრი ვაჭარი და ხელოსანი საცხოვრებლადაც იყენებს წელიწადის ყოველ დროს. ქარვასლებში ხელოსნები ზამთარშიაც ღია ცის ქვეშ საქმიანობენ, ოღონდ იქვე ანთებული მაყალი უდგიათ”. ამგვარად, ქარვასლებში ადგილობრივი ვაჭარ-ხელოსნებიც ბინადრობდნენ და უცხოელი სოვდაგრებიც თავიანთი ჩამოტანილი საქონელითა და ქარავანებით. აქვე იდებოდა სხვადასხვა სავაჭრო ხელშეკრულებები, აქვე ხდებოდა შეთანხმება ფასების აწევა-დაწევის თაობაზე, ე.ი. XIX საუკუნის თბილისში ქარვასლას იმგვარივე ფუნქცია ჰქონდა, როგორც აღმოსავლეთის ქვეყნებში, მაგალითად ირანში.

შადინოვებისა და ზუბალაშვილების ქარვასლები
შადინოვების ქარვასლა აშენდა ოცდაათიანი წლბის დსაწყიში (არქიტექტორი დემოდოვი). იგი მდებარეობდა სიონის აღმოსავლეთით, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მოსახვევში, დღევანდელი ბამბის რიგის გაყოლებაზე. არებობს 1830 წლის 27 თებერვლის დოკუმენტი, სადაც მოქ. გაბრიელ შადინოვი თბილისის მოწყობის კომიტეტს მიმართავს თხოვნით, მიეცეს უფლება საკუთარი თანხებით აღადგინოს ძლიერ დაზიანებული, თითქმის დანგრეული ხიდი (სვარაუდოდ, ლაპარაკია ე.წ. ”ვირის ხიდზე”) და იქვე ააგოს სახლი, სადაც განთავსდება სავაჭრო დუქნები. ამისათვის შადინოვი კომიტეტს სთხოვს გადაეცეს ფასადების ნახაზი.
შადინოვების ქარვასლა წარმოადგენდა ოთხსართულიან ნაგებობას ქარვასლებისათვის ჩვეული შიდა ეზოს გარეშე. ოთხსავე სართულზე მოწყობილი იყო ღია გალერეები, რომელთა გაყოლებითაც ჩამწკრივებული იყო: სულ ქვემო სართულზე (ქუჩის მხრივ, მიწის დონეზე დაბლა) - ორ რიგად განლაგებული საწყობების სადგომები, ზემოთ - მაღაზიები და საცხოვრებლები.
შადინოვების ქარვასლა “ვირის ხიდის” საშუალებით უკავშირდებოდა ზუბალაშვილების ქარვასლას და, პრაქტიკულად, ერთიან კომპლექსს ქმნიდა მასთან. ზუბალაშვილების ქარასლა 1844 წელს აიგო. იგი გუმბათიანი ქარვასლის ტიპს წარმოადგენდა.




თათრის მოედანი
ვახუშტი ბაგრატიონი მას “ციხის მოედანს” უწოდებდა, ხოლო ჟან შარდენი “სამხედრო მოედანს”. მოედანს სხვა სახელებიც ჰქონდა: “ქვემო მოედანი”, ”შეითანბაზარი”, “მეიდანი”. ამასთან, გვიანფეოდალურ ხანაში ეს სახელწოდებები პარალელურადაც გამოიყენება. ამ უბნის მოსახლეობას უმეტესწილად სპარსელები შეადგენდნენ, სწორედ აქედან მოდის ხალხში მიღებული სპარსელებისა და ოსმალების განზოგადებული სახელი "თათრის".


გოლოვინის პროსპექტი (დღევანდელი რუსთაველის გამზირი)


სამხედრო ტაძარი, სობორო

სობორო
წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის კავკასიის არმიის საკრებულო ტაძარი 1871-1889 წლებში აიგო მეფის რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობის აღსანიშნავად (არქიტექტორები დავით გრიმი და რობერტ გედიკე). ეკლესია დღევანდელი მთავრობის სასახლის ადგილას, მაშინდელი ღუნიბის მოედანზე იდგა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ტაძარი დაანგრიეს.

მადათოვი
მტკვარში ბევრი დიდი და მცირე კუნძული არსებობდა. ქალაქის ფარგლებში სიდიდით გამოირჩეოდა ორთაჭალის, ორბელიანის იგივე მადათოვის კუნძული. კუნძული ძველთაგანვე დიდი ბაღებით ყოფილა დაფარული. XIX ს-ის 20-იან წლებში კუნძული ორბელიანის მემკვიდრეებმა გენერალ მირბაჯან მადათოვს დაუთმეს, სწორად აქედან მოდის კუნძულის სახელწოდებაც "მადათოვი".


ერევნის (დღევანდელი თავისუფლების) მოედანი



მეტეხის ხიდი
მტკვარზე აგებული უძველესი ხის ხიდი. ხიდი ამ ადგილზე უადრესი ხანიდან - დედაქალაქის თბილისში გადმოტანის დროიდან (559-514 წწ.) იდგა. მას, პირველ რიგში, სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, მდინარისაკენ ორთავ მხრიდან ჩამოსული საციხო ნაგებობების ზედამხედველობის ქვეშ მყოფი, იგი კარგად კონტროლდებოდა. მეტეხის ხიდი ოდითგანვე ხისა იყო ქვის საფუძველზე. არც ეს იყო შემთხვევითი - თბილისის საბრძოლო პერიპეტიები ქვის ხიდის სშუალებას არ იძლეოდა. ხის ხიდი უფრო მომგებიანი იყო, რადგან საჭიროების შემთხვევაში ადვილი იყო მისი მოხსნა. ხიდის ამ “თვისებამ” არაერთხელ იხსნა თბილისელები. მაგალითად, ისტორიიდან ცნობილია, რომ ჯალალ-ედ-დინმა ვერ შეძლო ისნის დაპყრობა, რადგან ისნელებმა წინასწარ დაშალეს ხიდი.
ძველ წერილობით წყაროებში მეტეხის ხიდი ქალაქის ერთადერთ ხიდადაა მოხსენიებული. ავტორები საგანგებოდ აღნიშნავდნენ ხიდის სიმტკიცესა და სიდიდეს. თუმც ივანე ჯავახიშვილი თვლიდა, რომ ამ ადგილას ძველად ორი ხიდი უნდა ყოფილიყო, რადგან “აბო თბილელის მარტვილობაში” ერთგან მრავლობითი ფორმითაა ნათქვამია: “ხიდთა ქალაქისთა”. უძველესი ხიდის ბურჯზე ჯვარი იყო აღმართული, შესაძლებელია, ხიდი გარკვეულ რელიგიურ დანიშნულებასაც ასრულებდა. საგულისხმოა, რომ სწორედ ამ ადგილზე ცდილობდნენ მუსულმანები თბილისელთა გამაჰმადიანებას, ურჩებს კი მდინარეში ყრიდნენ.
შუა საუკუნეებში მეიდნის მხრიდან ხიდისკენ გამავალი ვიწრო ქუჩა დუქნებით იყო მოშენებული. 1552 წელს შაჰ ისმაილის ჯარების შემოჭრისას კონსტანტინესა და ელენეს სახელობის დანგრეული ეკლესიის ნაცვლად, უშუალოდ ხიდთან შიიტური მეჩეთი ააგეს. მოგვიანებით (1606 წ.) შაჰ-აბასის შემოსევისას, მეჩეთი გააფართოვეს და მინარეთით დააგვირგვინეს. მეჩეთი შაჰ-აბასის სახელს ატარებდა. სპარსელების უკანასკნელი შემოსევისას, 1795 წელს ხიდმა ქალაქის ბედი გაიზიარა. მალევე აღდგენილმა მეტეხის ხიდმა 1870 წლამდე იარსება, შემდეგ კი იგი ლითონის ხიდით შეცვალეს.
მეტეხის ძველი ხიდი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ახალი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით დაანგრიეს.



ბეთლემის ქუჩა-კიბე


სანაპირო, ნიკოლოზის ხიდი (დღევანდელი მშრალი ხიდი)


ბზის მოედანი

ბზის მოედანი
XIX საუკუნის თბილისში მრავალი მხრიდან ჩამოსული ვაჭრები გასაყიდად ჩამოტანილ საქონელს ქარვასლების საწყობებში აბინავებდნენ, პირუტყვებისათვის კი საგანგებო ადგილი იყო გამოყოფილი ქარვასლის სიახლოვეს. პირუტყვებისათვის გასაჩერებელ ვრცელ ადგილს წარმოადგენდა ე.წ. “ბზის (თივის) მოედანი” ან “ბაზარი”. მოედანი მტკვრის მარცხენა ნაპირზე, რიყის სამხრეთ ნაწილში ავლაბრის ხიდთან მდებარეობდა. მოედანზე გასაყიდად თივის ზვინები იყო მომარაგებული. აქედან მოდის მოედნის სახელიც. ანალოგიური სახელწოდების ადგილები რუსეთის იმპერიის ქალაქებშიც იყო, კერძოდ, პეტერბურგში.


რიყე ე.წ. პესკები