Saturday, March 27, 2010

. . .

კარგად მახსოვს, როგორ მიკითხავდნენ ბავშვობაში ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღპრებს, როგორ მიყვარდა და რა სულგანაბული ვუსმენდი, როგორ მაფორიაქებდა იქ მოთხრობილი ამბები და მთელი დღით როგორ მიმყვებოდა შემდეგ ის განცდა. რამდენიმე ზღაპარი მთელი ცხოვრება “გამყვება” ალბათ... მათ შორის “თოვლის დედოფალი” და გერდას თავგანწირვა კაის გადასარჩენად. მხოლოდ ახლა ვხვდები, რატომ მაქვს ასეთი უცნაური შეგრძნება, რომ ნებისმიერი წინააღმდეგობის გადალახვას შევძლებ თუ კი ის უნდა ვიხსნა, ვინც მიყვარს, გადავარჩენ მას, როგორც მეფის ასული შინაგან შეჭირვებაში მყოფ რაინდს. ალბათ, ამიტომაც მახსენდება ასე ხშირად ეს ზღაპარი. თუმცა კიდევ ერთი რამის გამო მიყვარს ეს ამბავი, მგონია, რომ კაიცა და გერდაც ჩვენ თითონვე ვართ, ჩვენშია ორივე და საკუთარი თავისთვისაც, ნამდვილი, ჯანმრთელი “მე”-სთვისაც ყოველწუთიერად უნდა ვიბრძოლოთ, თორემ დიდია ცდუნება, ცდუნება გარეგნული წარმატებულობისა და მატყუარა შინაგანი კომფორტის.

არ გქონია შემთხვევა, რომ თითქოს საკუთარი, დიდი ხნის წინ დავიწყებული თავი გიკაკუნებს უცებ ზურგში? ოღონდ ეს ბეთჰოვენის ბედისწერის თემა სულაც არ არის, ეს უფრო უხილავი მოძრაობაა შიგნით, სადღაც ღრმად, არა ქვე-, არამედ ბუნდოვან ცნობიერში, რისი მიზეზიც ხანდახან უბრალო შემთხვევა, ვინმეს მიერ დასმული უმწიკვლო შეკითხვა, უცაბედი შეხვედრა ან საიდანღაც მონაქროლი შეგრძნებაა, რომლის წყაროს ვერასოდეს მიაგნებ. ან კი რა საჭიროა?! მთავარია ის, რაც მერე ხდება შენში, რასაც საკუთარ, ცოტათი მივიწყებულ “მე”-სთან მიყავხარ. მთავარია, ალბათ, ის უცნაური, სიხარულსა და სინანულს შორის გაორებული გრძნობა, დიდი ხნის უნახავი მეგობრის ხილვის დროს რომ იცის. ვერასოდეს გამოიცნობ, რა ემოცია დაგეუფლება ამ დროს: მარტივი სიხარული, მისი ხილვით გამოწვეული თუ სევდა მისი საკუთარ თავში სადღაც ჩაკარგვით, გაოცება მისი კვლავ არსებობით თუ ჩუმი განგაში მასთან ხელახლა შეხვედრით? შეიძლება გულდაწყვეტაც იგრძნო, როცა მისგან შენამდე, დღევანდელ “მე”-მდე გასულ მანძილს დაინახავ ან პირიქით, სიამოვნება, როცა ჩამოყალიბება-ჩამონაკვთის უხილავ პროცესს გაადევნებ თვალს. მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ ამ ყველაფრის ნაზავია, ერთბაშად რომ დაგრევს ხელს ასეთ დროს, რაღაც უცნაური, ტკბილ-მწარე ნაზავი ერთმანეთში გარდამდინარი, ურთიერთგამომრიცხავი განცდების, რომელიც იმ იშვიათ სურნელს წააგავს, ვერასოდეს რომ ვერ მოიხელთებ და დაიმახსოვრებ, მაგრამ ყველაზე მეტად რომ ინახავს მოგონებებს.
ჰო, და კიდევ მოგონებები!.. რამდენ რამეს გვინახავენ ისინი. რა ღარიბები ვართ მეხსიერების გარეშე, იმ მეხსიერების, რომელსაც არ ეშინია ახსოვდეს, როდის იყო ბედნიერი, სავსე და თვითკმარი ან სულაც პირიქით - მარტო, ფრთამოკვეცილი; როდის იყო ღირსეული, ნათელი ცნობიერების სიმაღლეზე და როდის - თვალთმაქცობით გაბრუებული. მოულოდნელად, საიდანღაც მოქროლდება მოგონება კონკრეტული წამის და უცებ ნამდვილი სიცოცხლისთვის ცოცხლდები თითქოს, ღრმა ძილიდან ერკვევი და უუცხოვდები ყველაფერს, რაც დღესაა შენს გარშემო, უუცხოვდები საკუთარ თავს “ასეთს” და “ამ დროში”; გვერდიდან, საიდანღაც “ნამვილი რეალობიდან” უყურებ თითქოს ყველაფერს. ამიტომაა, ალბათ, რომ ხშირად გავურბივართ მოგონებებს და ყველაზე რთული და მძიმე საქმესავით მუდამ “სხვა დროისთვის” ვდებთ, მერე კი საერთოდ გვავიწყდება მათი არსებობა, დრო, დუნე ყოველდღიურობა და პიროვნული უძლურება ანდერსენის “დავიწყების სავარცხელით” გვვარცხნის თითქოს და თანდათანობით საკუთარ თავსაც კაივით გვავიწყებს. და რა რთულია იყო ამ დროს გერდა! არ შეუშინდე წინააღმდეგობებს, ყველაფერი გადალახო, მასთან (თუ “მე”-სთან) მიხვიდე და საკუთარი თავის დავიწყების უფლება არ მისცე კაის. არადა, მე მგონი, საკუთარ თავთან დაბრუნება ყველაზე მეტად გაძლიერებს... და როცა ძლიერი ხარ შინაგანად, აღარ გიჭირს გაარჩიო არა თუ შავი და თეთრი, არამედ მწვანე და წითელი და სუნთქვასავით ბუნებრივი ხდება, იყო გახსნილი სამყაროსთვის... სამყაროსთვის, რომელიც გვავსებს და გვკვებავს იმით, რითიც საკუთარ თავს ვქსოვთ...