Friday, June 11, 2010

კლარა კვეესის შემოქმედების ერთი ასპექტი

1920-იანი წლების ქართული ფერწერა




XX საუკუნის დასაწყისი - 1910 წლიდან 30-იან წლებამდე - ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპია ქართულ ხელოვნებაში. შემოქმედებითად განსაკუთრებით დატვირთული და “ფხიზელი” კულტურული ცხოვრება, უპირველესად, იმ ხანად საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებით - ქვეყნის ხანმოკლე დამოუკიდებლობითა და ევროპასთან აქტიური კონტაქტით უნდა აიხსნას. “1917-1921 წლებში საქართველოს დედაქალაქი თავისებურ კულტურულ ოაზისად გადაიქცა, [...] რაც ხელს უწყობდა აქ შემოქმედებითი ინტელიგენციის თავმოყრასა და ხელოვნების ყველა დარგის აყვავებას”. ლუიჯი მაგაროტოს მართებული შენიშვნით, ”ეს წლები რუსული, და რაღა თქმა უნდა, ქართული ავანგარდისათვის ყველაზე ნაყოფიერ წლებად შეიძლება ჩაითვალოს”. ამ დროს ახალი შემოქმედებითი ენერგიით ივსება ხელოვნების ყველა სფერო, მათ შორის სახვითი ხელოვნება. დასავლური და რუსული მოდერნიზმის მიღწევების ათვისება-გათავისებასთან ერთად ქართველი არტისტები ხელახლა სვამენ ეროვნულობის პრობლემას მხატვრობაში. ამავე დროს, ისინი ძალუმად ეწაფებიან მსოფლიო ხელოვნების ახალ მიმდინარეობებს. ძველის და ახლის ორგანული სინთეზის შედეგად იქმნება, პირობითად, 1920-იანი წლებით სახელდებული, უაღრესად საინტერესო და თავისთავადი მხატვრობა. ქართული ხელოვნების ეს მხატვრული ეტაპი საკმაოდ გულდასმითაა შესწავლილი, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე შეხვდებით სავსებით უცნობ თუ ნაკლებად ცნობილ ავტორებს მართლაც ღირებული მხატვრული დანატოვარით. ამის ერთ-ერთი მაგალითია - იმ დროს საქართველოში მცხოვრები და თბილისში მოღვაწე, ფართო საზოგადოებისათვის, პრაქტიკულად, უცნობი, წარმოშობით ლატვიელი მხატვარი ქალი - კლარა კვეესი.
კლარა კვეესის შემოქმედებაში რამდენიმე ჟანრის გამოყოფა შეიძლება: ნიუ, ნატურმორტი, პეიზაჟი და პორტრეტი. აქ, მხოლოდ ნატურმორტს მივაპყრობთ მნახველის ყურადღებას.

კლარა კვეესის შემოქმედების მოკლე დახასიათებისას, თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი კლასიკურობის ნიშნებს ატარებს, ნახატისა და კომპოზიციის უბადლო მცოდნე, კლასიკური ყაიდის მხატვარია, თუმც ეს არ უშლის მას ხელს, მაშინდელი მხატვრული ეპოქის კვალდაკვალ იმუშაოს მოდერნიზმის თითქმის ყველა მიმართულებით; კლარა კვეესი კონსტრუქტივიზმისა და კუბიზმისადმიც აშკარა ინტერესს იჩენს, მაგრამ ამ დროის “მემარცხენე” ავანგარდისტ არტისტთაგან განსხვავებით, კვეესის მხატვრობას სავსებით არა აქვს აგრესიული, შემტევი ხასიათი. უფრო მეტიც, ნებისმიერი მოდერნისტული მანერა მასთან კლასიკურ, თითქმის “აკადემიურ” ჟღერადობას იძენს. კლარა კვეესისათვის ეს, უმთავრესად, თამამი ექსპერიმენტი და შემოქმედებითი თავისუფლების “დეკლარირებაა”. ბუნებით მაძიებელი ნატურა ეპოქის მხატვრული ძიებებისადმი, ცხადია, ბუნებრივ ინტერესს ავლენს, მაგრამ ავანგარდის არტისტიზმით გაჯერებულ, ბოჰემურ ქარცეცხლში თავდავიწყებით არასოდეს ეშვება. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ კლარა კვეესის მხატვრული მიდრეკილებები გამორჩეულ სიახლოვეს პოსტმოდერნისტებთან ამჟღავნებს, მათ შორის კი ყველაზე უფრო კლასიკურ ავტორთან - პოლ სეზანთან - მხატვართან, რომელზეც, პრაქტიკულად, დგას XX საუკუნის ხელოვნება. კლარა კვეესისათვის მსოფლიო ხელოვნების კორიფეთაგან გამორჩეული ადგილი სწორედ მას უკავია. პოლ სეზანის მხატვრობის გამოძახილი, რომ არ ვთქვათ, გავლენა, აშკარად შეიგრძნობა მისი შემოქმედებით შთაგონებულ თუ მასთან ”მოპასუხე დიალოგში” მყოფ კომპოზიციებში. თუმც ამას ნაკლებად ეთქმის პირდაპირი გავლენა, ეს უფრო სეზანის მხატვრული მეთოდის გააზრება-გათავისების მცდელობაა; კლარა კვეესი მსგავსი შემოქმედებითი კრედოსა და ესთეტიკის მიმდევარია. პირველი, რაც კლარა კვეესს პოლ სეზანთან და ზოგადად პოსტიმპრესიონისტებთან აახლოებს იმპრესიონიზმის ”თავნება ორიგინალობის” შემდეგ გამოსახულებისათვის მისი ”დაკარგული უფლებების” დაბრუნების სურვილი - მატერიალური სამყაროს მოცულობითობისა და ნივთიერი ბუნების გადმოცემისაკენ მისწრაფებაა. უპირველესად, ეს სწორედ ნატურმორტებში იგრძნობა. კლარა კვეესის ნატურმორტები მართლაც ბევრი რამითაა ”დავალებული” სეზანისაგან, თუმც ფაქიზ ზღვარზე გამავალი განსხვავება განაპირობებს კლარა კვეესის შემოქმედების თავისთავადობას და ავლენს იმ სხვაობას, რომელიც არა მხოლოდ ფორმალისტური, არამედ, უმთავრესად, მსოფლგანცდითი ხასიათისაა.




კლარა კვეესი ნებისმიერ საგანს ირჩევს გარემოდან, ძირითადად ეს მარტივი ფორმის, ყოველდღიური, უბრალო ნივთებია: ბოთლი, ჭიქა, კათხა, სარძევე, ვაშლი, კომში და სხვ. საგნების გადმოცემისას მხატვარი ცდილობს პირველ რიგში, მაქსიმალური დამაჯერებლობით გადმოსცეს საგნების მატერიალურობა, მათი ნივთიერი ბუნება, ამავე დროს კი ფორმის განზოგადების წყალობით ”განწმინდოს” ნივთი ყოველდღიური, უტილიტარული დანიშნულებისაგან და ამით განსაკუთრებული მნიშვნელოვანება მიანიჭოს მას. ამას მხატვარი შემდეგი საშუალებებით ახერხებს: ნატურმორტისათვის არასოდეს არჩევს ბევრ საგანს და არანაირი ზედმეტი დეტალით არ ტვირთავს კომპოზიციას. ჩვეულებრივ, გამოსახავს მხოლოდ ერთ ან ორ ნივთს, რომლებიც რაც შეიძლება ახლოსაა მოტანილი მნახველთან, ხშირად თითქმის ჭედავს სასურათე სიბრტყეს, ისე რომ არაფერი ფანტავს მნახველის მზერასა და კონცენტრაციას. მზერის ფიქსირებას ხელს უწყობს ნამუშევრის ფორმატიც. მხატვარი ნატურმორტებისათვის თითქმის ყოველთვის მომცრო ზომის, კვადრატულ ან კონფიგურაციით მასთან მიახლოებულ ტილოს შეარჩევს. გამოსახულებაზე ”მორგებული” კვადრატული ფორმა თავისთავად უზრუნველყოფს კომპოზიციის მდგრადობას, ყოველგვარი ზედმეტი დეტალისაგან განძარცვული, პლასტიურად გადმოცემული გამოსახულება კი დიდი ხნით ატყვევებს მნახველის მზერას და, შეიძლება ითქვას, მჭვრეტელობით მდგომარეობაში გადაჰყავს იგი. დროსა და სივრცეში გარინდული, ფუნქციადაკარგული, მდუმარე ნივთები თითქოს ამა ქვეყნის ამაოებაზე ფიქრისკენ უბიძგებს მნახველს და საკუთარი, ყოფითობისაგან დაწმენდილი იერის შეთავაზებით საამისო პირობასაც უქმნის მას. პოლ სეზანისაგან განსხვავებით, რომელიც ნივთების, ადამიანის თვალით უხილავ ”სულიერ ცხოვრებას”, როგორც ჩვენგან დამოუკიდებლად არსებულ მოვლენას მხოლოდ შორიდან შეახედებს მნახველს, კლარა კვეესი თავად მაყურებელს რთავს საგანთა გაცოცხლება-განსულიერების პროცესში, გარკვეულწილად, აიძულებს ისე ”მომართოს” საკუთარი თავი, რომ ნივთებთან ერთად განიცადოს სასწაულებრივი გარდასახვა.


კლარა კვეესის ნატურმორტებს ემოციური დამუხტულობაც ახასიათებს. ყველაზე უკეთ ეს ფანქრით შესრულებული ვაშლებისა და კომშების ჩანახატებში შეიგრძნობა. ეს ერთგვარი ეტიუდებია, სადაც მხატვარი თითქოს ფორმის პლასტიურ გადმოცემასა და განზოგადებაში ვარჯიშობს. ამასთან, აქ გაცილებით მეტად იგრძნობა მხატვრის ტემპერამენტი. ფურცლის თეთრ ფონთან ძლიერად დაპირისპირებული მკვეთრი, საგნის პლასტიკის მაწარმოებელი ჩრდილები, სწრაფ-სწრაფი, ენერგიული შტრიხებით გამოყვანილი ფორმა და მისი შემომწერი მკაფიო, დრეკადი, თითქოს ვიბრირებადი კონტური ჩვენს თვალწინ აცოცხლებს საგანს. პლასტიურად საოცრად გამომსახველი ფორმები, შუქ-ჩრდილის კონტრასტი და საშლელის მეშვეობით ოსტატურად გაკეთებული მკვეთრი ამონათებები ცხოველხატულობის ძლიერ ეფექტს ქმნის და განსაკუთრებულ დაძაბულობასა და დაჭიმულობას ანიჭებს ამ, ჟანრისა და თემატიკის მიხედვით სავსებით უწყინარ კომპოზიციებს. ხსენებული მახასიათებლით კლარა კვეესი მკვეთრად განსხვავდება პოლ სეზანისაგან, რომელთანაც კომპოზიცია ყოველთვის მშვიდი, რაციონალურად გააზრებული და მოწესრიგებულია. პოლ სეზანის ნამუშევრებში არსებული, ცხადად შესაგრძნობი რაციონალიზმის პრიმატი, კლარა კვეესის ნატურმორტების შემთხვევაში, მხატვრის მოუთოკავი ტემპერამენტითა და ”საგნებში დატყვევებული” დაძაბულობის განცდით ”ბალანსირდება”. თუმც, თავის მხრივ, მხატვრის ძლიერი ტემპერამენტი არასოდეს ჩრდილავს რაციონალურ საწყისსა და მხატვრული მეთოდისადმი თანმიმდევრულ მიდგომას; ორივე ეს საწყისი თითქმის თანაბრად იკითხება მის შემოქმედებაში. (ალბათ, ამიტომ, ერთი მხრივ, რაციონალისტი, მეორე მხრივ კი ენერგიული, ინტუიტიური მხატვარი ადვილად პოულობს საკუთარ თავს არქეოლოგიაში, იქ სადაც ასწლეულებით დაშორებული სიძველე ნივთიერი სამყაროს ცოდნისა და ფაქიზი, გრძობითი მზერით უნდა დაინახო).
ამგვარად, კლარა კვეესს ძლიერი ენერგეტიკა, ტემპერამენტი, იმავდროულად რაციონალური საწყისი და ნახატის შესრულების მაღალი კულტურა და დახვეწილი გემოვნება გამოარჩევს. მისთვის, როგორც მხატვრისთვის, მთავარი ამოცანა საგნის არსის წარმოჩენა, მისი სტრუქტურის გაშიშვლება (ეს კიდევ უფრო მეტად იგრძნობა კლარა კვეესის კოსტრუქტივისტულ მანერაში შესრულებულ ნიუს სერიაში) და ამის მეშვეობით, საგნის ნამდვილი, რეალობის მიღმა არსებული ბუნების ჩვენება და მასში არსებული ენერგიის წარმოჩენა-გამოთავისუფლებაა. განზოგადების მაღალი ხარისხი კი მხატვარს ეხმარება განსაკუთრებული ზედროულობის ელფერით შემოსოს გამოსახულებები.

Tuesday, June 8, 2010

ყაზბეგის მთიდან ჩამოყვანილები...

გაცილებით იოლია თვითშეწირვა, ანუ საკუთარი შინაგანობის დატოვება სხვის სასარგებლოდ, ვიდრე ინდივიდუალური სულიერი ბედისწერის აღსრულება და ბოლომდე მიყვანა იმ საქმისა, რომლისთვისაც ბუნებამ შეგვქმნა.

                                                                                              მორის მეტერლინკი

პრინციპში, ამ აზრს ბოლომდე არ ვეთანხმები, რადგან თავგანწირვისთვის ისევე იბადებიან, ალბათ, როგორც სხვა რაიმე მისიით, ესეც სულიერი ბედისწერა მგონია...