Monday, May 23, 2011

კარლო



კარლო ბავშვობიდან მახსოვს. ხშირად მოდიოდა ჩვენთან; დამახასიათებელი მეტყველების მანერა და ოდნავ დიდი თავი ჰქონდა, რაზეც ჩემები ხუმრობით ამბობდნენ: რა გასაკვირია, ამდენი ტვინი აბა სად უნდა დაეტიოსო. არც თავდაჭერა ჰქონდა კარლოს ჩვეულებრივი. “სერ!”, - აყოლებდა თითქმის ყოველ ფრაზას, “როგორ გიკითხოთ, სერ?” ან “საუცხოო ლიქიორი გაქვთ, სერ!”. ყველაზე ხშირად კი მაინც ამას იმეორებდა: “ინგლისი დიდია, სერ!”. მაშინ არაფერი გამეგებოდა კარლოს ამ სიტყვებით ნახევრადირონიული ნეორომანტიკული თამაშისა, მაგრამ როგორც ბავშვი, ინტიუტიურად ვგრძნობდი არტისტული თამაშის ელემენტს და საოცრად მომწონდა. ყველაფერი ეს კი ძალიან უხდებოდა წიგნების ჭერამდე ასული თაროებით გადატიხრულ მშობლების საძინებელ ოთახს, სადაც ჩემი მშობლების მეგობრები, როგორც წესი, მხატვრები მოდიოდნენ, კონიაკს წრუპავდნენ, ძალიან ბევრს ეწეოდნენ და ხმაურიანად საუბრობდნენ ჩემთვის გაუგებარ თემებზე. მთელი ეს სიგარეტის ხშირი კვამლითა და კონიაკის მოტკბო-მომწარო არომატით გაჟღენთილი ოთახი მშობლების საძინებელთან ერთად, ცხადია, იდუმალი და ცოტათი საკრალური ადგილი იყო 5-6 წლის ბავშვისთვის, კარლოც ამ იდუმალი საკრალურობის ნაწილი იყო ჩემთვის.



მამას კარლოსთანაც ხშირად მივყავდი. მიყვარდა იქ მისვლა, კარლოს დედა, გოგუცა დეიდა ტკბილ კომპოტს მასმევდა, კარლო კი მისი გრაფიკებით პირთამდე სავსე შავ ალბომს მიდებდა წინ და აირჩიე რომელიც მოგწონსო, მეუბნებოდა. მეც სურათებთან ურთიერთობას ჩვეული, მთელი იქ ყოფნის განმავლობაში გულმოდგინედ ვათვალიერებდი თითოეულ ნახატს, საკუთარ შთაბეჭდილებას მიყურადებული საუკეთესოს არჩევას ვცდილობდი, “გამორიცხვის მეთოდიც” კარგად მქონდა ჩემებისგან ათვისებული; ვიცოდი, რამდენიმე ნამუშევრის ერთდროულად მოწონებას არ უნდა შევეშინებინე, ყველა ასეთი სურათი ერთად უნდა გადამეწყო, მერე ნელ-ნელა გამომეკლო ნამუშევარი, რომელიც სულ ცოტათი ნაკლებად მომწონდა, შემდეგ კიდევ და ბოლოს ის დამრჩებოდა, რომელიც ყველაზე მეტად მომწონებია თურმე და თითონაც ვერ მიმხვდარვარ. მამა ყოველიშემთხევისთვის ფარულად ადევნებდა თვალს სელექციის ჩემს ამ ხანგრძლივ პროცესს, ხომ უნდა გაეკონტროლებინა, ამჯერად რითი მდიდრდებოდა მისი კოლექცია, თუმცა რადგან კარლოს ჯადოსნური ალბომები ყოველთვის “კარლოს ნამუშევრებით” იყო სავსე, დიდად არ ღელავდა, იცოდა, ყველა შემთხვევაში “მოგებული” იყო. ერთხელ მახსოვს, განსაკუთრებით გამიჭირდა სურათის არჩევა, სულ ბოლოს დარჩენილ ორ გრაფიკულ ნახატს შორის ვერცერთი ვერ გავიმეტე “გასაგდებად”. ეტყობა კარლომაც შეამჩნია ჩემი “გასაჭირი”, ორივე გქონდესო, მითხრა ღიმილით და მამას მიუბრუნდა სიტყვებით: “თქვენს ქალიშვილს ერთობ კარგი გემოვნება აქვს, სერ!”, მერე მისთვის უფრო ჩვეული ინტონაციით დაამატა, “უყურე ამ გაურკვეველს?!”. მე კი ძალიან მომერიდა და საშინლად შემრცხვა, მაგრამ ვინც მამაჩემს კარგად იცნობს, მიხვდება, კარლოს ორჯერ არ დასჭირდებოდა ამის თქმა და ორივე ნამუშევარი მსწრაფლ აღმოჩნდა ჩვენს კოლექციაში.
13 წლის ვიყავი, როცა კარლო გარდაიცვალა. მაშინ პირველად შევხედე მის სურათებს, როგორც მისი ამქვეყნად ყოფნის დასტურს და, ალბათ, ერთ-ერთ მიზეზს. მახსოვს რა დაჟინებით დავუწყე ნამუშევრებს ყურება, თითქოს მათში მინდოდა კარლოს ასეთ უცაბედ სიკვდილზე პასუხის პოვნა. მაშინ მის ლექსებს, ესსეებს თუ სტატიებს არ ვიცნობდი, კარლო ჩემთვის მხოლოდ მისი მხატვრობა და თითონ კარლო იყო. მერე როცა პროფესია ავირჩიე, სხვაგვარად დამაინტერესა “კარლომ”, კარგა ხანს ვუტრიალე, მასზე დაწერა მინდოდა, მაგრამ მხატვრობის, პოეზიისა და კრიტიკის სფეროში თანაბარი ძალით მოასპარეზე კარლო კაჭარავას მასშტაბმა შემაშინა და ვერ გავბედე, მივხვდი, მზად არ ვიყავი ასეთ თემასთან შესაჭიდებლად. ახლა კი გული მწყდება, იქნებ სტუდენტური სასწავლო სკრუპულოზურობით მეკირკიტა მის მხატვრობასა და ნაწერებში და ჩემთვის მაინც მეპოვა პასუხები იმაზე, რაც ყოველთვის “მაწვალებს” კარლოს შემოქმედებასთან შეხებისას. არც ახლა ვარ მზად პასუხი გავცე კითხვას, რატომ არის კარლო კაჭარავა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა როგორც თანამედროვე ქართული მხატვრობისთვის, ისე ქართული ანალიტიკური სახელოვნებო დისკურსისათვის. ერთადერთი რაც შემიძლია, ისაა, რომ ჩემთვის მეტ-ნაკლებად გასაგებად დავახასიათო რა თვისებების მატარებელია კარლოს მხატვრობა, რაც ჩემი ბავშვობის ცინცხალ შთაბეჭდილებსა და დღევანდელ მეორად ანალიზს შორის ხიდის გადების მცდელობა უფრო იქნება, ალბათ.

გაგრძელება იქნება

No comments:

Post a Comment