Thursday, June 2, 2011

მონატრება

ამბავი უბედური “ბედნიერი კაცისა”

ყველაფერი თავის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. სინდისის ქენჯნამ თუ დაშვებული შეცდომის ყრუ შეგრძნებამ კუთვნილი ადგილი მიუჩინა ყველაფერს: ცოლს, შვილს, მშობლებს, მეგობრებს, საყვარელ პროფესიას, უფრო მოწოდებას კი რომ გავდა. ყველაფერმა თითქოს კანონით დამტკიცებული უფლებები აღიდგინა და ისიც ისევ ყოველდღიურობის ტუსაღად აქცია. ყველაფერს თავ-თავისი ადგილი ჰქონდა, როგორც მუყაითი დიასახლისის სახლში, მთავარ საზრუნავად სახლის დალაგება-დაწკრიალება რომ გაუხდია. ერთადერთი მეხსიერებისთვის არ იყო ადგილი, უკეთეს დღეთა მოგონებები უსარგებლო ნივთივით ყოველ წუთას ფეხებში ედებოდა და თვალში ეჩხირებოდა. რომ ვერაფერი მოუხერხა, ვერსად წაიღო და ვერსად გადამალა, თან რომ ვერც დაივიწყა, ადგა და აკრძალა. დიახაც, აკრძალა! განა ამ სახლის, ამ სხეულის, მასში მცხოვრები სულისა და გონების ბატონ-პატრონი და ერთადერთი მბრძანებელი თითონ არ იყო?! ვის შეეძლო ხელი შეეშალა მისთვის ან საერთოდ ვინ გაიგებდა რა იყო აკრძალული მის “სამეფოში”. თუ მოინდომებდა სულ ჭრელა-ჭრულა ლოზუნგებით მოფენდა იქაურობას, რომელიმე პატარა სამეფოს ომს გამოუცხადებდა და დაუნდობელ ბრძოლასაც გააჩაღებდა, მაგრამ, აბა, ამას ვინ შეი(ა)ტყობდა?! გრეგნულად ხომ კეთილდღეობის ყველა ატრიბუტი – ცოლი, შვილი (ახლა უკვე შვილები) და წარმატებული კარიერა სახეზე იყო და საიმედოდ იცავდა “ბედნიერი კაცის” შეურყვნელ სახელს. საკუთარი შეცდომების აუღიარებლობით საიმედოდ გამაგრებულ სამეფოს მტერი ვერაფერს დააკლებდა. მთავარ და ალბათ, ერთადერთ საფრთხეს მას სუფთა ჰაერი უქადდა, გაზაფხულის ახლადამოყრილი კვირტებისა და გიჟივით მოვარდნილი შხაპუნა წვიმით გაჟღენთილ სურნელს ხომ მისთვის სამეფოდან გაძევებული მოგონებების ფარულად შეიარაღება შეეძლო. ეს კი ჯანყის რეალურ საფრთხეს ქმნიდა; ტახტის დამხობა ყველაზე დიდ სირცხვილს – შეცდომების აღიარებას ნიშნავდა. ამიტომაც დარაბებდახშულ სამეფოში ნელ-ნელა ჟანგბადმა იკლო, ჰაერი ჩაიხუთა და დამძიმდა, მაგრამ რაკიღა ნაზირ-ვეზირთაგან ვერცერთი – ვერც გული, ვერც გონება და ვერც სხვაზე უფრო უმართავი წინათგრძნობა ვერ ბედავდნენ გალავანს გარეთ გაჭყეტას, შავი ღრუბელივით ჩამოწოლილ მძიმე ჰაერს სამეფოში უკვე ვერავინ ამჩნევდა. ყოველდღიურობა დუნედ მიედინებოდა, იგი უხსოვარი დროიდან არსებობდა, სწორედ მისით განაყოფიერებულ მიწაზე დაარსებულა თითქოს სამეფოც. მოკლედ, საკუთარი “შეუცდომლობის” მტკიცე რწმენით გაგულისებული სახელმწიფოს კეთილდღეობას არაფერი ემუქრებოდა... არაფერი ემუქრებოდა მანამ, სანამ ერთ მშვენიერ დღეს სამეფოში მონატრება არ შემობორიალდა. მონატრებამ კარგად იცოდა, რაც ელოდა გულკერპი მბრძანებლის ხელში, ამიტომაც ჭკუა იხმარა და შორი გზით დამაშვრალი, უბრალო მოგზაურივით შემოიპარა სამეფოში. სახედამჭკნარ მოხუცად გადაცმული მონატრება ვერავინ იცნო; დროით გახუნებულ, ჩამოკონკილ სამოსს აბა ვინღა იცნობდა? ვერც გონების გამჭრიახობამ შენიშნა უცნაურობა, ვერც მუდამ აღვირამოდებულმა გულმა იგრძნო საფრთხე და ვერც სხვაზე უფრო შორსმჭვრეტელმა წინათგრძნობამ იგუმანა რაიმე. ასე უჩუმრად შემოიპარა მონატრება “ყველაფრით შემკული კაცის” სახელმწიფოში და სამეფოს სრულუფლებიან მაცხოვრებელთა შორის დაემკვიდრა. ცოტა ხანი ყველსაგან შეუმჩნევლად დაჰყო, დიდად არავისთან ურთიერთობდა, ერთ-ორ სიტყვას თუ გაცვლიდა თავის თავში ჩაფლულ ყოველდიურ საფიქრალთან ან გულმავიწყსა და დაფანტულ ყოფით პრობლემებთან, რადგან იცოდა, საფრთხე მათგან არ ელოდა, სამეფო კარს - გულსა და გონებას კი ჯერჯერობით ახლოსაც არ ეკარებოდა. ასეთი უჩინარი არსებობით მონატრებას დროის მოგება სურდა, გადაცმული დაეხეტებოდა კუთხე-კუნჭულ და მოგონებებს დაეძებდა. მათ გარეშე არც ისეთი ძლიერი იყო ჩემი მონატრება, ხელმწიფის გამოსაფხიზლებლად მას მოკოვშირე ჭირდებოდა. მაგრამ სადღა იყო მოგონებები? მათი უმეტესობა სამუდამოდ გაეძევებინათ სამეფოდან, ნაწილი მონებივით სხვებზე გაეცვალათ, ნაწილისათვის სახელები გადაერქმიათ, გადეკეთებინათ და დაემახინჯებიათ, გამორჩეულად საშიში მოგონებები კი, სხვა რომ ვერაფერი მოუხერხეს, მეფის ბრძანებით, ყველაზე ბნელსა და მიუვალ დილეგში გამოემწყვდიათ. სწორედ ეს მოგონებები სჭირდებოდა მონატრებას, სწორედ მათი არსებობა ექაჩებოდა ამდენ ხანს აქეთკენ და მათი გულისთვის გამოევლო ამსიშორე გზა, მხოლოდ მათთან ერთად შეეძლო მონატრებას ხელმწიფის გულამდე ათასნაირი ცრუ მონაფიქრითა და მონაგონით ჩახერგილი გზის გაკაფვა და მისი საღათას ძილიდან გამოხმობა. მაგრამ სანამ მფრთხალი და ზედმეტადწინდახედული მონატრება რამეს მოიფიქრებდა და მოიმოქმედებდა, ყველაფერი თავისთავად მოხდა, ზუსტად ისე, მზე რომ ყოველ დილას უკითხავად ამოდის, რადგან იცის, ამის უფლება მისთვის უზენაესს მიუცია, მაგრამ ის კი არ იცის, რომ მისი მარადიული ბუნებაც ესაა სწორედ. არც მონატრებას სცოდნია საკუთარი თავი კარგად და ვერც საკუთარ ჯადოსნურ ძალას აფასებდა თურმე ჯეროვნად. ეგონა, მოხუცად გადაცმული საიმედოდ ვარ დამალული, ვერავინ შემამჩნევს და სანამ მოგონებებს არ გამოვიხსნი და კარგად არ შევიარაღდები არც გამოვჩნდებიო, იმას კი ვერ მიმხვდარიყო, რაში იყო მისი ნამდვილი ძალა. მონატრება წარსულის ბედნიერი წუთების სურნელს აფრქვევდა, მონატრების ყრუ განცდა, ერთ დროს საყავრელი და მივიწყებული მელოდიასავით შორეული და ახლობელი, მისდაუკითხავად ვრცელდებოდა მთელს სამეფოში და ნელ-ნელა ყველა კუთხე-კუნჭულს მათრობელა კვამლში ხვევდა. სამეფოს თითქოს ჯადო აეხსნაო, ბნელი დილეგის კედლები თავისით ჩამოიქცა და დატუსაღებულ მოგონებებს ბორკილები გუშინდელი თოვლივით შემოადნა ხელებზე. მოგონებების გათავისუფლებამ ძალა შემატა მონატრებას, თითქოს ჰაერში დატრიალებულმა უხილავმა სურნელმა უცებ ხორცი შეიბა და ყველსათვის ხილულ ხატ-სახედ ჩამოიქნაო. მონატრება თავს ვეღარ დამალავდა. მასაც მეტი რა უნდოდა?! პირდაპირ მეფის სასახლეს მიადგა და თამამად აუტეხა ბრაგა-ბრუგი.

სამეფო კარი ისედაც კარგა გვარიან განგაშს მოეცვა, რა ხანია ნებისყოფის მიერ საიმედოდ გამაგრებულ მაღალ გალავანზე ჩიტი ვერ გადაფრენილიყო და ახლა კიდევ ყველაზე საშიში მტერი - მონატრება დათარეშობდა. მეფემ ნაზირ-ვეზირები იხმო და საგანგებო თათბირი გამართა. პირველად აზრი, ჩვეულებისამებრ, გონებას ჰკითხა. ფრთხილმა და გამჭრიახმა გონებამ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და იქნებ ცოტა კიდევ მოგვეცადაო, - შესთავაზა ხელმწიფეს. სამაგიეროდ ნებისყოფა ღელავდა, რა დროს მოცდაა, სადაცაა თავზე დაგვემხობა სამეფო, სასწრაფოდ ზომები უნდა მივიღოთ და თუ საჭირო გახდა, ურჩი მოგონებებიცა და მონატრებაც სამუდამოდ აღვგაოთ პირისაგან მიწისაო. წინათგრძნობა უკვე მიმხვდარიყო საით უბერავდა სიო, რომელიც თუ საჭირო გახდებოდა, ქარიშხლადაც გადაიქცეოდა, და ამ სიტყვების ამაოებაც კარგად უწყოდა, ამიტომ “დაე, იყოს ნება უფლისაო”, - ესღა თქვა, ნაბიჯი უკან წადგა და მდაბლად დაუკრა თავი ხელმწიფეს. სასწრაფოდ უნდა შევიპყროთ ყველანი! - არ ცხრებოდა ნებისყოფა, რომელსაც ახლა შიშიც ამოსდგომოდა გვერდში და უფრო გათამემებულიყო. დაბნეულმა მეფემ გულს გახედა, თითქოს მისგან მოელის საბოლოო განაჩენს და ხსნასო, თუმც, ჩვეულებრივ, ყველაზე ნაკლებად სწორედ მას ეკითხებოდა აზრს. სიჭაბუკის ზღვარს გადაცილებლი გული კუთხეში მიმჯდარიყო, თავი გვერდზე გადაეგდო, მზერა სადღაც სიცარიელისთვის მიეპყო, გეგონებოდათ სულ სხვაგან არის და არაფერი ეხება, რაც მის გარშემო ხდებაო; სახეზე უცნაური ღიმილი დასთმაშებდა, თითქოს მძივის აცმა დაპნეულა და თავის მომყრელი აღარავინ არისო. მეფემ რამდენჯერმე გაუმეორე შეკითხვა გულს. ცოტა ხნის მერე ისიც გამოერკვა და ვითომც საფიქრალი აქ რა არისო, უყოყმანოდ უპასუხა: მონატრებაცა და მოგონებებიც სასწრაფოდ სასხლეში უნდა ვიხმოთო. პასუხმა თავზარი დასცა ნებისყოფას, “გულისგან მეტს რას უნდა ელოდეო”, - ჩაიბურტყუნა და გამომწვევად დატოვა დარბაზი. შიში, რომელიც ამ სიტყვების გამგონე, საპნის ბუშტივით გაიბერა, სუნთქვაშეკრული გაიყურსა, ადგილიდან ვერ იძვროდა, მართლა ბუშტივით არ გავსკდეო. გონებამ შეკამათება სცადა, მაგრამ წინათგრძნობის უდრტვინველმა სიმშვიდემ მასაც გაჩუმება ურჩია, მეფემ კი შვებით ამოისუნთქა, რაკიღა ბოლოსდაბოლოს დაბეჯითებით ურჩიეს რაღაც, გაურკვევლობას ყველაფერი ერჩივნა, თანაც, კაცმა რომ თქვას (ან გინდაც ქალმა) გულის რჩევა-გადაწყვეტილებით პასუხისმგებლობაც ეხსნებოდა. გადაწყდა, მოგონებებიცა და მონატრებაც სამეფო კარზე უნდა მოეწვიათ.

მთელი სამეფო სულგანაბული ელოდა მეამბოხეთა სასახლეში სტუმრობას, ეგონათ, მეფეს ტახტიდან ჩამოაგდებენ და გამარჯვების ყიჟინას დასცემენო, მაგრმ ყველა სახტად დარჩა, როცა მონატრებამ და მოგონებებმა მომღიმარი სახეებით მშვიდად გადაჭრეს მუდამ სადღესასწაულოდ მორთული დარბაზი და მეფესა და გულს შორის უსიტყვოდ დაიკავეს ადგილები. მეფე ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა მის თავს, სად გამქრალიყო ნებისყოფა, რატომ დაჩიავებულიყო შიში, რას დადუმებულიყო გონება, რას გაეხარებინა და გაეხალგაზრდავებინა ასე უცებ გული; დაბნეული შეჰყურებდა ხან ერთს, ხან მეორეს. უცნაურმა შეგრძნებამ დაჰრია ხელი ჩვენს ხელმწიფეს, თითქოს ღრმა ძილიდან ერკვევა და ღამის ზმანებებს თავდაღწეული საკუთარ თავს უბრუნდებაო; სადღაციდან ერთდროულად გამოცვენილი მოგონებები, თითქოს დამწყვდეულ ჩიტებს გალიის კარი გაუღესო, ერთბაშად მოაწყდნენ მეფეს და დიდი ხნის წინ მივიწყებული თვალუწვდენელი სამყარო გადაუშალეს, მეფეც თითქოს შინაგანად გაიზარდა, გაფართოვდა, გალაქტიკასავით განივრცო და უცებ... მოენატრა, ძალიან, ძალიან მოენატრა, არ კი იცოდა რა, საკუთარი თავი თუ პირველი ძლიერი გრძნობა, ერთ დროს განცდილი და მივიწყებული, უკეთესის რწმენა თუ ყველანაირი წინააღმდეგობის გადალახვის შემართება, ახალგაზრდობით გათამამებული წინდაუხედაობა თუ ღირსეულად დაბერებული სინანულის განცდა, ან იქნებ მისი ნამდვილი სამშობლო მოენატრა, სადღაც იქ, შორს, ძალიან შორს რომ იყო და მოსიყვარულე მამასავით მუდამ რომ ელოდა. მთელმა მისმა ცხოვრებამ სარკეში ჩაიხედა თითქოს და ზედ უხიაგოდ მიწერილი სიტყვა “კეთილდღეობა” ამოაყირავა, სადღაც გაკრული ხელით მიწერილი სიტყვები კი, მუდამ შეცდომით უკუღმა დაწერილი რომ ეგონა, წაღმა დაანახა: “გაუფრთხილდი მოგონებებს საკუთარ თავში”.

მორალი: ნუ იცხოვრებ შინაგანად ნაკლულად, როცა შეგიძლია მუდამ სავსე იყო; ნუ გაურბიხარ მოგონებებს და ნუ გეშინია მონატრების.

P.S. მაზოხისტო მკითხველო, რომელმაც ეს “მონაზღაპრი” ბოლომდე წაიკითხე, იმედი მაქვს, გადაგვარებული “ქართული სუფრის” ატავისტურ ატრიბუტად - “მონატრების სადღეგრძელოდ” არ აღიქვი ეს ყველაფერი-))

No comments:

Post a Comment