Monday, May 23, 2011

კარლო



კარლო ბავშვობიდან მახსოვს. ხშირად მოდიოდა ჩვენთან; დამახასიათებელი მეტყველების მანერა და ოდნავ დიდი თავი ჰქონდა, რაზეც ჩემები ხუმრობით ამბობდნენ: რა გასაკვირია, ამდენი ტვინი აბა სად უნდა დაეტიოსო. არც თავდაჭერა ჰქონდა კარლოს ჩვეულებრივი. “სერ!”, - აყოლებდა თითქმის ყოველ ფრაზას, “როგორ გიკითხოთ, სერ?” ან “საუცხოო ლიქიორი გაქვთ, სერ!”. ყველაზე ხშირად კი მაინც ამას იმეორებდა: “ინგლისი დიდია, სერ!”. მაშინ არაფერი გამეგებოდა კარლოს ამ სიტყვებით ნახევრადირონიული ნეორომანტიკული თამაშისა, მაგრამ როგორც ბავშვი, ინტიუტიურად ვგრძნობდი არტისტული თამაშის ელემენტს და საოცრად მომწონდა. ყველაფერი ეს კი ძალიან უხდებოდა წიგნების ჭერამდე ასული თაროებით გადატიხრულ მშობლების საძინებელ ოთახს, სადაც ჩემი მშობლების მეგობრები, როგორც წესი, მხატვრები მოდიოდნენ, კონიაკს წრუპავდნენ, ძალიან ბევრს ეწეოდნენ და ხმაურიანად საუბრობდნენ ჩემთვის გაუგებარ თემებზე. მთელი ეს სიგარეტის ხშირი კვამლითა და კონიაკის მოტკბო-მომწარო არომატით გაჟღენთილი ოთახი მშობლების საძინებელთან ერთად, ცხადია, იდუმალი და ცოტათი საკრალური ადგილი იყო 5-6 წლის ბავშვისთვის, კარლოც ამ იდუმალი საკრალურობის ნაწილი იყო ჩემთვის.



მამას კარლოსთანაც ხშირად მივყავდი. მიყვარდა იქ მისვლა, კარლოს დედა, გოგუცა დეიდა ტკბილ კომპოტს მასმევდა, კარლო კი მისი გრაფიკებით პირთამდე სავსე შავ ალბომს მიდებდა წინ და აირჩიე რომელიც მოგწონსო, მეუბნებოდა. მეც სურათებთან ურთიერთობას ჩვეული, მთელი იქ ყოფნის განმავლობაში გულმოდგინედ ვათვალიერებდი თითოეულ ნახატს, საკუთარ შთაბეჭდილებას მიყურადებული საუკეთესოს არჩევას ვცდილობდი, “გამორიცხვის მეთოდიც” კარგად მქონდა ჩემებისგან ათვისებული; ვიცოდი, რამდენიმე ნამუშევრის ერთდროულად მოწონებას არ უნდა შევეშინებინე, ყველა ასეთი სურათი ერთად უნდა გადამეწყო, მერე ნელ-ნელა გამომეკლო ნამუშევარი, რომელიც სულ ცოტათი ნაკლებად მომწონდა, შემდეგ კიდევ და ბოლოს ის დამრჩებოდა, რომელიც ყველაზე მეტად მომწონებია თურმე და თითონაც ვერ მიმხვდარვარ. მამა ყოველიშემთხევისთვის ფარულად ადევნებდა თვალს სელექციის ჩემს ამ ხანგრძლივ პროცესს, ხომ უნდა გაეკონტროლებინა, ამჯერად რითი მდიდრდებოდა მისი კოლექცია, თუმცა რადგან კარლოს ჯადოსნური ალბომები ყოველთვის “კარლოს ნამუშევრებით” იყო სავსე, დიდად არ ღელავდა, იცოდა, ყველა შემთხვევაში “მოგებული” იყო. ერთხელ მახსოვს, განსაკუთრებით გამიჭირდა სურათის არჩევა, სულ ბოლოს დარჩენილ ორ გრაფიკულ ნახატს შორის ვერცერთი ვერ გავიმეტე “გასაგდებად”. ეტყობა კარლომაც შეამჩნია ჩემი “გასაჭირი”, ორივე გქონდესო, მითხრა ღიმილით და მამას მიუბრუნდა სიტყვებით: “თქვენს ქალიშვილს ერთობ კარგი გემოვნება აქვს, სერ!”, მერე მისთვის უფრო ჩვეული ინტონაციით დაამატა, “უყურე ამ გაურკვეველს?!”. მე კი ძალიან მომერიდა და საშინლად შემრცხვა, მაგრამ ვინც მამაჩემს კარგად იცნობს, მიხვდება, კარლოს ორჯერ არ დასჭირდებოდა ამის თქმა და ორივე ნამუშევარი მსწრაფლ აღმოჩნდა ჩვენს კოლექციაში.
13 წლის ვიყავი, როცა კარლო გარდაიცვალა. მაშინ პირველად შევხედე მის სურათებს, როგორც მისი ამქვეყნად ყოფნის დასტურს და, ალბათ, ერთ-ერთ მიზეზს. მახსოვს რა დაჟინებით დავუწყე ნამუშევრებს ყურება, თითქოს მათში მინდოდა კარლოს ასეთ უცაბედ სიკვდილზე პასუხის პოვნა. მაშინ მის ლექსებს, ესსეებს თუ სტატიებს არ ვიცნობდი, კარლო ჩემთვის მხოლოდ მისი მხატვრობა და თითონ კარლო იყო. მერე როცა პროფესია ავირჩიე, სხვაგვარად დამაინტერესა “კარლომ”, კარგა ხანს ვუტრიალე, მასზე დაწერა მინდოდა, მაგრამ მხატვრობის, პოეზიისა და კრიტიკის სფეროში თანაბარი ძალით მოასპარეზე კარლო კაჭარავას მასშტაბმა შემაშინა და ვერ გავბედე, მივხვდი, მზად არ ვიყავი ასეთ თემასთან შესაჭიდებლად. ახლა კი გული მწყდება, იქნებ სტუდენტური სასწავლო სკრუპულოზურობით მეკირკიტა მის მხატვრობასა და ნაწერებში და ჩემთვის მაინც მეპოვა პასუხები იმაზე, რაც ყოველთვის “მაწვალებს” კარლოს შემოქმედებასთან შეხებისას. არც ახლა ვარ მზად პასუხი გავცე კითხვას, რატომ არის კარლო კაჭარავა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა როგორც თანამედროვე ქართული მხატვრობისთვის, ისე ქართული ანალიტიკური სახელოვნებო დისკურსისათვის. ერთადერთი რაც შემიძლია, ისაა, რომ ჩემთვის მეტ-ნაკლებად გასაგებად დავახასიათო რა თვისებების მატარებელია კარლოს მხატვრობა, რაც ჩემი ბავშვობის ცინცხალ შთაბეჭდილებსა და დღევანდელ მეორად ანალიზს შორის ხიდის გადების მცდელობა უფრო იქნება, ალბათ.

გაგრძელება იქნება

Sunday, May 15, 2011

... და ვინ მოსთვალოს ვარსკულავნი ცაში და ბლოგნი ინტერნეტში

ქართული ბლოგების მიმოხილვის მცდელობა იქნებ ფუჭი და უშედეგოც


გულწრფელად გეტყვით, ისეთი ბრიყვი არასოდეს ვყოფილვარ, მეფიქრა, ჩემს გარდა ბლოგი არავის აქვს, ამ თვალუწვდენელ ინტერნეტულ სივრცეში ერთადერთი ვარ და “ცივილიზაცია” დედამიწის გარდა არსადაა-მეთქი, მაგრამ ამხელა, უზარმაზარი ბლოგოსივრცე, მეტიც ნამდვილი ბლოგოსფერო თუ არსებობდა უშუალოდ ჩემს გვერდით, პრაქტიკულად, ცხვირწინ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ერთხელაც ჩემივე ბლოგზე თვალებმოწკურული ბოდიალისას, კრიტიკული ჩასაფრებულობით, რა ავტვირთო ახალი და ჩემი მწირი როციონი რით შევახვავრიელო-თქო, სრულიად შემთხვევით, ბლოგის ზედა პანელზე ღილაკ “next”-ზე დამეწკაპუნა და ჰოი საკვირველებავ! სხვის ბლოგზე არ აღმოვჩნდი?! ეხლა მივხვდი, რას გრძნობენ ზღაპრის მთავარი გმირები, უძირო ჭაში რომ ჩახტებიან და ყვავილებით მოფენილ, უზარმაზარ ველზე, აღმოჩნდებიან. ამ ვირტუალურ ჭაში ჩახტომით ზღაპრის გმირივით ახალი ინიციაცია გავიარე-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ უცხო ქვეყანაში მოგზაურობას კი შევადარებდი ბლოგიდან ბლოგზე ხეტიალს. მოულოდნელობით გამოწვეული კულტურული რაა და “ინტერნეტული შოკი” რომ გადავლახე, ნელ-ნელა საერთო სტრუქტურაში გავერკვიე, ორიენტაცია ავიღე, “next”-ებით სხვების ბლოგებზე და სხვათა კომენტარებიდან კი უკვე მათ ბლოგებზე გადასვლის სასაცილოდ მარტივი (როგორც რამ გენიალური) ტექნიკაც ავითვისე და “ცოტა ხანში”, საკუთარ გაძვალტყავებულ ბლოგს რომ დავუბრუნდი, მაშინღა შევნიშნე, რომ დილის 3 საათი გამხდარიყო. და რა უბადრუკად გამოუყირებოდა ჩემი ბლოგი “მათ” შემდეგ! თანამედროვე კონტექსტიდან ამოვარდნილი, მოძველებული დიზაინით, ტექნიკურად სრულიად გაუმართავი, ტექსტის საილუსტრაციო გამოსახულებებით მწირი, youtube აუდიო-ვიდეო “ნერგებით” ღარიბი და პოსტების ინტენსივობის თვალსაზრისით, სრულიად უსისტემო, “კანტიკუნტური” ბლოგი მშიერი თვალებით მომშტერებოდა ეკრანიდან. მაგრამ, არ იდარდოთ, თვითგვემას არ მივცემივარ, რადგან ღრმად მჯერა, ყოველთვის ჯობია, იცოდე საკუთარ თავზე მწარე სიმართლე, ვიდრე ვარდისფერ ტყუილში ილივლივო. ამას იმისთვის არ ვწერ, რომ თავმდაბლობის შარავანდით შევიმოსო, უბრალოდ ვაკეთებ დემონსტრირებას, რომ მშვენივრად ვიცი, რას წარმოადგენს ჩემი ბლოგი, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავს უფლებას ვაძლევ, სხვებისაზე კრიტიკულად ვიმსჯელო. თუმც კრიტიკულობის პათოსით სრულებით არ (...ან სულ ცოტათი) ვარ გამსჭვალული, არც ბლოგოომბუცმენობას ვიჩემებ, მე ხომ ჯერ კიდევ აჟიტირებული ვარ ნანახით და ოპტიმისტური განწყობა მეძალება. ჰოდა, ამ სასიამოვნო ნოტაზე დამშვიდობების ნაცვლად, “საქმეზე” გადავლ და ქართული ბლოგების მოკლე მიმოხილვას შევუდგები.
ბლოგოსფეროში კალეიდოსკოპური სიმრავლის მიუხედავად, ქართული ბლოგების (უცხოურს, ცოდვა გამხელილი სჯობს და, საერთოდ არ ვიცნობ) რამდენიმე, ზოგად კატეგორიაში მოქცევა შეიძლება. 1. პირველი და ყველაზე გავრცელებულია კატეგორია, რომელსაც პირობითად ასე დავარქმევდი: “მინდა მქონდეს ბლოგი!” მათ ავტორებს კი შემდეგნაირად გავახმოვანებდი: მთავარია მქონდეს ბლოგი, მერე რა თუ სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს, მთავარია ყოველდღიურად ვწერო, ვწერო ყველაფერი რაც კი თავში მომივა. ამ ტიპის ბლოგები, მკაცრად იცავენ ავტორისეულ კრედოს და ყოვედღიურად პოსტავენ ნებისმიერი სახის, ხასიათის, შემცველობისა და შინაარსის ტექსტებს, კომენტარებს, ინტერნეტში მოძიებულ, მათ მიერვე უგერგილოდ თარგმნილ, სხვადასხვა, მეტად თუ ნაკლებად საინტერესო ცნობებს, ვიდეო რგოლებსა და ფოტოებს. ასეთი ბლოგის კითხვის სურვილი საშუალოდ 2-3 წუთს გასტანს, ან უფრო სავარაუდოა, რომ ლინკიდან ლინკზე გადასვლა ისე გაგიტაცებთ, რომ სულ დაგავიწყებთ მათ პირველწყაროს. თუ გაგიმართლათ, თქვენთვის მართლაც საინტერესო რომელიმე ინტერნეტულ გვერდს წააწყდებით, რითაც აღსრულდება იმ უკვე დავიწყებული ბლოგის “წმინდა მისია”.
2. ბლოგის მეორე არანაკლებ გავრცელებული ფორმაა “ბლოგი-დღიური”. ბლოგის ავტორს სურს ჰქონდეს საკუთარი დღიური, სადაც ყოველდღიურად ჩაწერს საკუთარ განცდებს, შეგრძნებებს, დღის განმავლობაში გარდახდენილ ამბებსა და მიღებულ შთაბეჭდილებებს, მაგრამ რაკიღა XXI საუკუნეში ადამიანებს კალამთან ურთიერთობას კლავიატურასთან ურთიერთობა გვირჩევნია და გვეადვილება, ინტრავერტობას კი ექსტრავერტობა, პირადი ბლოგიც ყველსათვის ხელმისაწვდომი დღიურის, ხანდახან ფრიად ინტიმური დღიურის სახესაც კი იღებს. ამგვარ ბლოგერებს შორის, საკმარისად ბევრია თინეიჯერი წერის კულტურითა და კარგი მიგნებებით. ამ ტიპის ბლოგის კითხვა სასიამოვნოა მანამ (დაახლ. 5 წუთი), სანამ სინდისის ქენჯნა არ შეგაწუხებს, რომ სხვისი წერილების მსგავსად, სხვისი დღიურის კითხვაც უზრდელობაა. დაჟინებული ექსჰიბიციონიზმი, რაც არ უნდა გულწრფელი იყოს იგი, ცოტათი შემაწუხებელია. თუმც ამ სენით მხოლოდ მოცემული კატეგორიის ბლოგერები არ არიან შეპყრობილი, მეტ-ნაკლები დოზით იგი თითქმის ყველა ტიპის ბლოგში გვხვდება. (რომ არაფერი ვთქვათ, მსოფლიო ინტერნეტული სივრცის, მაპატიეთ და, მეტასტაზზე - facebook-ზე, განსაკუთრებით კი მისი მოხმარების ქართულ მოდელზე, მაგრამ ეს ცალკე მსჯელოს თემაა და ამის შესახებ სხვა დროს იყოს).
3. ზემოხსენებულთან ხასიათითა და ფორმით ახლოსაა შემდეგი კატეგორია – “კრეატივი”. სახელწოდებიდანაც კარგად ჩანს, რომ ამ ტიპის ბლოგების ავტორები უფრო შემოქმედებითად უდგებიან საკითხს, ნიჭიცა და უნარ-ჩვევებიც მეტად უწყობთ ხელს და ბლოგიც მათი ლექსების, მოთხრობების, ჩანახატების, ესსეებისა და, ხშირად, თარგმანების ილუსტრაციებით უხვადგაფორმებულ პუბლიკაციას ემსგავსება. და თუ ბლოგერი მართლაც ნიჭიერია, ასეთი ბლოგით უდაოდ ისიამოვნებთ. არ გაგიკვირდეთ თუ უცებ საკუთარ თავს “წაასწრებთ”, რომ ეკრანთან ჯდომას გირჩევნიათ გემრიელად მოკალათებული წიგნად აკინძულს კითხულობდეთ ამას ყველაფერს, ე.ი. ბლოგი მართლაც კრეატიულია.
4. სულ სხვაა ბლოგი “პროფესიული”. მათი ავტორები, როგორც წესი, ჰუმანიტარული სფეროს სპეციალისტები, თან კარგი სპეციალისტები არიან და ბლოგიც მათი საავტორო საგაზეთო სვეტის როლს ასრულებს. ზოგიერთი ასეთი ბლოგი, მათი ავტორების ერთხამდაღიარებული პროფესიონალიზმისა და პოპულარობის წყალობით, თბილისში ახლადაღმოჩენილ და ფრიად ანგაჟირებულ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, ერთგვარი “ბრენდია” (აქვე დიდი ბოდიში უნდა მოვუხადო ავტორებს, ასეთი იაფფასიანი “თბილისური” შეფასებისათვის, მაგრამ ვცდილობ ყველასათვის გასაგებად გადმოვცე აზრი, ხომ მშეიძლება ჩემს ბლოგზე (ნაკლებსავარაუდოა, მაგრამ მაინც) ქართული ბომონდის წარმომადგენელი აღმოჩნდეს და მანაც ხომ უნდა გაიგოს, რაზეა საუბარი). ამგვარი ბლოგის კითხვა საინტერესო, საისამოვნო და სასარგებლოც კია, ყოველშემთხვევაში, მე ძალიან მიყვარს. არსებობენ ინტერაქტიული ბლოგერები, რომლებიც ნებისმიერ მოვლენას ცხლად, ობიექტურად (ან თითქმის ობიექტურად) და რაც მთავარია, საინტერესო რაკურსით აშუქებენ, კრიტიკულად იაზრებენ ჩვენს ყოველდღიურობას და ფხიზლად უწვენენ კომენტირებას. იმავე კატეგორიაში შეხვდებით რეალობისგან უფრო დისტანცირებულ, პასიურ ბლოგერებსაც, რომლებიც ნაკლებად აქტიურად ეხმიანებიან ყოველდღიურ მოვლენებს, ერთიორი რეპლიკით იფარგლებიან და ძირითადად საკუთარ პროფესიულ ოპუსებს ამზეურებენ. ამგვარი ბლოგის თვალყურისდევნება ადვილია, მუდმივ მობილიზებას არ მოითხოვს, ყოველშემთხვევაში, აუცილებელი არ არის, ოფისში მისულმა სამუშაო დღე ასეთი ბლოგით დაიწყო. (სიმართლე გითხრათ, ჩემი ბლოგიც ცდილობს პასიური პროფესიული ბლოგის კატეგირიაში ჩაჯდეს, თუმც სტილის სისუფთავეს ვერ იცავს და პროფესიულ-დღიურულის ჰიბრიდს ემსგავსება. არც ინტენსივობა უვარგა და ფორმიდან გამოსულ სპორტსმენს ჰგავს. მოკლედ, ჩემი ბლოგი სალაპარაკოდაც არ ღირს. უბრალოდ, მინდა გახსოვდეთ, რომ თავად მე ეს კარგად მახსოვს!)
5. დაბოლოს, გამოვყოფდი კიდევ ერთ კატეგორიას, რომელსაც ჩემთვის ესე დავარქვი: “უბრალოდ კარგი ბლოგი”. და რამდენია ასეთი კარგი ბლოგი, რომ იცოდეთ! რომ წარმოგიდგენიათ, იმაზე გაცილებით მეტი, მერწმუნეთ. შეხვალ ბლოგზე და უცებ ინტელექტის, გონებამახვილობის, ხალასი იუმორისა და გადაუმლაშებელი ენაკვიმატობის სამფლობელოში აღმოჩნდები. მსგავს ბლოგებს, როგორც წესი, რომელიმე ერთი კონკრეტული სფერო არ გააჩნია, აქ ნახავთ ტერმინოლოგიური ფაღარათისგან თავისუფალ, ლაღად დაწერილ კრიტიკულ-ანალიტიკურ სტატიებსა და ესსებს თანამედროვეობაზე, ხანდახან ავტორის არც თუ ისე ცუდ ლექსებსა და მოთხრობებს, სასარგებლო რჩევებს ინტერნეტის თვალუწყვდენელ ვირტუალურ სივრცეში სად რა შეიძლება ნახო საინტერესო; ბევრ სასაცილოსაც ნახავთ, ბევრ დამაფიქრებელს. მოკლედ, კარგად დაინახავთ, რითი სუნთქავს დღეს ქართული საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი, იმასაც დაინახავთ, რომ ეს არც ისე მცირე ნაწილია. ამ ტიპის ბლოგერებს აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია აქვთ, სხვებისაგან მათ კრიტიკული აზროვნება, ცნობისმოყვარეობა და ცოდნის წყურვილი გამოარჩევთ. ერთადერთი, რამაც შესაძლოა, ოდნავ “დაგძაბოთ”, ინტერნეტ საშუალებით მოძიებული ინფორმაციის ზღვა და თავად წყაროს თითქოს უალტერნატივობა, მისდამი მორჩილებაა, შეგრძნება, რომ მას ამიერიდან ვერაფერი ჩაანაცვლებს და რომ მსოფლიო უკვე იმ ფაზაშია, როცა ინტერნეტი კი არ ირეკლავს, არამედ პირუკუ - თავადვე განსაზღვრავს მის აწმყოსა და მომავალს. მოგეჩვენებათ, რომ თანამედროვე ადამიანისთვის ვირტუალური ინტერნეტ სივრცე ნებისმიერი ინტელექტუალური ინსტრუმენტით ოპერირების ერთადერთი საშუალებაა. პროცესი ამ მხრივ, ალბათ, შეუქცევადია, ამიტომ ჯობია ამას სხვა მხრიდან შევხედოთ. მე, მაგალითად, ამ ყველაფერზე ნიჭიერი ბლოგერის მიერ დახარჯული ენერგიის უანგარობა მხიბლავს; რა თქმა უნდა, თვითრეალიზაცია და სუბლიმციაც სახსენებელია, მაგრამ განა ამის გარეშე დღეს რამე იქმნება? ამიტომ გირჩევთ მოძებნოთ “კარგი ბლოგები”, გულდასმით დაათვალიეროთ, წაიკითოთ, მოუსმინოთ, უყუროთ, მათთან ერთად იმოგზაუროთ ლინკიდან ლინკზე და, მერწმუნეთ, უდაოდ ისიამოვნებთ. და რაც მთავარია, თუ თქვენც ჩემსავით გაშინებთ სოციალური ქსელები და საზოგადოდ, ინტერნეტი, რომელიც თანამედროვე ადამიანს გადაყლაპვით ემუქრება, ცოტათი დამშვიდდებით, როცა დაინახავთ, რომ აქაც შეიძლება რაიმე ღიერებულის შექმნა.





ჩემი დიდი წინაპარი - სისონა დარჩია


http://www.youtube.com/watch?v=K9s2MItyni8

Tuesday, May 10, 2011

IF WAR IS THE ANSWER IT MUST BE A VERY STUPID QUESTION

Thursday, May 5, 2011

"Творить - значит убивать смерть."

Ромэн Роллан