Wednesday, December 16, 2009

ფერწერის ალქიმია

სხვადასხვა მხატვრულ ეპოქაში სხვადასხვა დეფინიციას აძლევდნენ ხელოვნებას, მაგრამ თითქმის ყოველთვის რჩება რაიმე უთქმელი, ბოლომდე ვერთქმული ან საერთოდაც სიტყვებს შორის დაკარგული და მარადიული კითხვა “რა არის ხელოვნება?” კვლავაც უპასუხოდ რჩება. ერთ-ერთი ასეთი, ნაკლებინტელექტუალური თუ მეტად თავისუფლადინტერპრეტირებული განსაზღვრებით, ხელოვნება ხილულ სამყაროს საზღვრებს იქით არსებული რეალობის გადმოცემაა. ამ წარმოდგენის მიხედვით, ხელოვანი ჩვენი სინამდვილის - ხილული სამყაროსა და მის მიღმა არსებული, უბრალო მოკვდავთათვის უხილავი ზერეალობის ზღვარზე მდგომი, განსაკუთრებული მგრძნობელობით დაჯილდოებული ადამიანია, რომელსაც პრომეთეს მოპარული ცეცხლივით მოაქვს ჩვენამდე რაღაც რთულად მისაწვდომ-მოსაპოვებელი. ეს თავისებური მისტერიალური აქტია, რომლის მთავარი ალქიმიაც უხილავის მხატვრულ ენაზე “გადათარგმნა”, მისთვის იმ ერთადერთი, შესაფერისი მხატვრული ფორმის პოვნაა, რომელიც მთავარ იდეას დაიტევს. მაგრამ ამისთვის განსაკუთრებული სენსუალობის ავტორია საჭირო, მედიუმი, რომელიც ჭეშმარიტების უკეთ ასამეტყველებლად საკუთარი პიროვნული “მეს” მდუმარებაზე, უსახელო მორჩილებაზეა თანახმა.
უკანასკნელი საუკუნეებია ხელოვანი ამ უთქმელ პირობას აღარ არის ყაბულს. საკუთარი პიროვნული “მე” გაცილებით მეტად ეძვირფასება, ვიდრე ხილულის მიღმა არსებული ჭეშმარიტება; ხელოვანი საკუთარ რეალობას ამკვიდრებს და პასუხისმგებელიც მხოლოდ მასზეა, საკუთარი შემოქმედებისათვის მთავარი რესურსი კი სწორედ თავად ავტორია. ჩვენს, სუბიექტივიზმით გაჯერებულ, პოსტსტრუქტურალისტურ ეპოქაში ამგვარი მიდგომა ხელოვანის პოზიციადაა ქცეული. ამიტომაა, რომ შემოქმედებაზე საუბრისას, ფოკუსში სწორედ ავტორი ექცევა. რა მიმართულებითაც არ უნდა წავიკითხოთ მის მიერ შექმნილი “კულტურული ტექსტი” - მხატვრისაგნ შემოქმედებისაკენ თუ პირიქით - ჩვენ მაინც ავტორს ვკითხულობთ პირველ რიგში. დეშიფრირების მთავარი მიზანი და, წარმატების შემთხვევაში, მაქსიმალური შედეგი კონკრეტული სუბიექტური სინამდვილის დადგენა, უკეთ გაცნობა, დაბოლოს, გაზიარება-არგაზიარება შეიძლება იყოს. სამაგიეროდ თავად ეს პროცესი უდაოდ სასიამოვნო, ხშირად, აზარტულიც კია.
ამჯერადაც სწორედ ესეა; ჩემს ფოკუსში მხატვარი გია გუგუშვილი და მისი მხატვრული სამყაროა. საკმაოდ ხანგრძლივი შემოქმედებითი გზის განმავლობაში გია გუგუშვილის შემოქმედებამ განვითარების სხვადასხვა ეტაპი გაიარა და რამდენჯერმა იცვალა სახე. მხატვრულ ეტაპებს შორის, ცხადია, არის მსგავსება, გაცილებით მეტი კი განსხვავებაა. თუმც შემოქმედების ყველა ეტაპზე ნარჩუნდება ერთი თვისება - წამყვანი ფერწერული საწყისი და ფერწერის ტრადიციის კარგი ცოდნით მიღწეული ოსტატობა. უკანასკნელი პერიოდის მრავალშრიანი, მრავალფენიანი ფერწერული ტილოები სახვითი საშუალებების მინიმალური გამოყენებით შექმნილი, ნახევრადაბსტრაქტული კომპოზიციებით, განსაკუთრებული არტისტიზმით გამოირჩევა და ძალიან თანამედროვედ გამოიყურება. მაგრამ ამ ფერწერული სამყაროს ისტორია სხვაგვარად დაიწყო.
გია გუგუშვილის ადრეული ხანის, 1980-იანი წლების დასაწყისით დათარიღებული ნამუშევრები გამოსახულებისადმი მეტი მორჩილებით გამოირჩევა. მოზრდილი ზომის კომპოზიციებში ნარატიულობისადმი მიდრეკილებაც აშკარად იკითხება. რამდენიმეფიგურიან სცენებში, ჩვეულებრივ, მისტიკური ელფერის მატარებელი მოქმედებაა გაშლილი; უცნაურად გარინდებული, მდუმარე პერსონაჟები თითქოს მისტერიალური აქტის მონაწილენი იყვნენ, შეთქმულებივით, უხილავ, მნახველისათვის ცხადად შესაგრძნობ შინაგან კავშირს ამყარებენ ერთმანეთთან. მჟღერი, საკმარისად კონტრასტული ფერებით მხატვარი დრამატული ჟღერადობის შემოტანასაც არ ერიდება, თუმც ზღვარგადასულ დაძაბულობამდე საქმე არასოდეს მიჰყავს. იგივე პერსონაჟები კიდევ უფრო მეტ გამომსახველობას იძენენ ერთფიგურიან კომპოზიციებში, სადაც ყველასა და ყველაფრის მიღმა მიპყრობილი მზერა, საკუთარ თავში ღრმადწასული ქალის ფიგურები იდუმალების განცდას უტოვებენ მნახველს. ნამუშევარში “ფეხმძიმე ჩიტებზე მონადირე” ამას სიუჟეტით შემოტანილი ახალი კონტექსტი ემატება. მუცელზე ხელებდაწყობილი ქალი, სადღაც შიგნით ჩაძირული მზერითა და თავზე შედგმული გალიით, ორსულობის საოცარი ფენომენის პერსონიფიკაციას ჰგავს. ჩიტებზე მონადირეობა სულზე მონადირეობის სიმბოლოდ გადაიქცევა და ჩიტის ბუდეში ჩაწყობილი კვერცხების გამოსახულებასთან ერთად, დამატებით კონტექსტს სძენს ნამუშევარს. ფიგურატიულობა, სიმბოლიზმი, თხრობითობა, კომპოზიციის მისტიკური ელფერი თუ კონტექსტი უფლებას გვაძლევს გია გუგუშვილის ამ ხანის შემოქმედების ნეორომანტიზმის ნიშნების მატარებელი, 80-იანი წლების ქართული თემატური მხატვრობისადმი კუთვნილებაზე ვისაუბროთ.
80-იანი წლების ბოლოს გია გუგუშვილის ფერწერული გამა უფრო თავშეკავებული, შეიძლება ითქვას, მონოქრომულიც კი ხდება. სამაგიეროდ, წინა პლანზე მოდის ფაქტურა. ფაქტურისადმი გამძაფრებული ინტერესი აშკარად ჩანს შემდეგი პერიოდის ნამუშევრებშიც. ერთი ან ორი ფერის გრადაციით, რთული მონასმებითა და თითქოს ბავშვური, გაუწაფავი ხელით შესრულებული კომპოზიციები ცალკე ეტაპს ქმნის გუგუშვილის შემოქმედებაში. კლასიკური გაგებით გამოსახულება თანდათანობით ქრება, მას ბავშვის “ნაჯღაბნის” ტიპის, ხშირად გაუგებარი ნახატი ენაცვლება. ქრება ფორმები, სამაგიეროდ, მკვიდრდება თემა, ნამუშევრის ორიგინალურ სახელწოდებაში ჩატეული სიუჟეტი. ავტორის მიერ იუმორით მოწოდებული სათაურები გულწრფელ ღიმილს ჰგვრის მნახველს და ერთიორად ზრდის მის სიმპათიას ნამუშევრის მიმართ. ნამუშევართა სერია “მატარებელზე დაგვიანებული მგზავრის სიზმარი”, სადაც სხვადასხვა ფაქტურულ ფონზე ბავშვური ნაკაწრის სახით, მხოლოდ მარტივად მინიშნებულ ლიანდაგს ხედავს მნახველი, ყველაზე მეტად სწორედ სახელწოდების ორიგინალობითა და ამ სახით, ავტორის მიერ მაყურებელთან გაბმული ენაკვიმატი “დიალოგით” ტოვებს შთაბეჭდილებას. ამდენად, მოცემულ ეტაპზე გია გუგუშვილის შემოქმედებაში შემოდის ე.წ. თამაშის ელემენტი, მხატვრის მიერ ნამუშევრის სახელწოდებით, როგორც მაყურებლისათვის ნასროლი რეპლიკა-რე-მარკით თამაშის მომენტი. ფერწერის ტრადიციის კარგი მცოდნე მხატვარი თანამედროვე არტისტად გარდაისახება, იგი თემებითა და სახელწოდებებით იწყებს თამაშს.
დღესდღეობით გია გუგუშვილის მხატვრობა მეტი ლაკონიზმისა და მინიმალიზმისაკენ ისწრაფვის. გამომსახველობითი საშუალებების მაქსიმალურად შემცირება და ფორმის სიმარტივე გია გუგუშვილის ფერწერის ძირითადი მახასიათებლებია. ნათელი ფერის საღებავით ერთიანად დაფარული, დიდი ზომის ტილოები ფერწერული წერის საექსპერიმენტო დაზგას ჰგავს. ერთი შეხედვით, მარტივად, ერთ სქელ ფენად დადებული საღებავის ქვეშ მთელი წყება ფერწერული ფენაა. მნახველისათვის ხილული ფერის წარმოებაში ძალიან ბევრი, მისთვის სარჩულად დადებული ფერი იღებს მონაწილეობას. ამის წყალობით ფერი თითქოს ძალას იკრებს და განსაკუთრებული სისავსისა და სიღრმის განცდას ტოვებს მნახველზე. გამოსახულება კი გრაფიკული მანერით, სწრაფ-სწრაფი, უწესრიგო შტრიხებით, ნაკაწრებითა და ფერადოვანი ლაქებით იქმნება. ამ მხატვრული მეთოდებით შექმნილ ნამუშევართა სერიაში განსაკუთრებით გამოირჩევა ფლეიტისტის თემა. ფლეიტისტის თემა ერთ-ერთი უადრესია მხატვრისათვის, იგი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ინტენსივობითა და მხატვრული ინტერპრეტაციით გვხვდება გია გუგუშვილის შემოქმედებაში, ამჯერად კი, როგორც ჩანს, ერთპიროვნულ გამარჯვებულად გვევლინება. თავად მხატვრის ერთ-ერთი ბოლო დიდი წარმატება კი 2007 წლის დუბაის “არტ სიმპოზიუმში” მიღებული ჯილდო – ფერწერის დარგში აღებილი I პრიზია. ვფიქრობ, სავსებით კანონზომიერია, რომ I პრიზი ფერწერაში ერგო მხატვარს, რომლის შემოქმედებითი CREDO სწორედ ფერწერის ძირეული საწყისების მაქსიმალურად გამოვლენაა.