Monday, December 28, 2009

არქიტექტურასთან წილნაყარი მხატვრობა

ხელოვანი ძველად სახვითი ხელოვნების ყველა დარგის მცოდნეს აღნიშნავდა. მხატვრობა, ქანდაკება და არქიტექტურა ხელოვნებად წოდებული ერთი დიდი ხის ერთიან, მძლავრ შტოს წარმოადგენდა. საკუთარ თავს ხელოვანს მხოლოდ ის უწოდებდა, ვინც სამივე სფეროში თანაბრად მოღვაწეობდა. კაცობრიობის კულტურის ერთ-ერთი აყვავების ხანაში, რენესანსის ეპოქაში ყველაფერ ამას საბუნებისმეტყველო დარგების ძირეული ცოდნა და ხშირად პრაქტიკული, მეცნიერულ-გამომგონებლური მუშაობაც ერთვოდა. ამის ნათელ მაგალითად გამოდგებიან მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ფიგურები - მიქელანჯელო ბუონაროტი და ლეონარდო და ვინჩი; პიროვნებები, რომელთაც საკუთარ შემოქმედებაში თავისი დროის ყველა მაღალი იდეალი დაიტიეს და საუკუნეების მანძილზე თავადვე იქცნენ მისაბაძ იდეალად სხვათათვის, პიროვნებები, რომელთა მისამართითაც, ალბათ, პირველ რიგში გამოიყენება ტერმინი “რენესანსული ადამიანი.” მაგრამ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სწორედ ამ “კეთილხმოვანი ჰარმონიისა” და “იდეალური სინთეზის” ისტორიულ ხანაში დაიწყო სეკულარიზაციის პროცესი: ერთმანეთს გამოეყო და მკვეთრად გაემიჯნა მეცნიერება, რელიგია და ხელოვნება; დაყოფა-დაქსაქსვის პროცესი მოგვიანებით კიდევ უფრო ღრმად წავიდა და უშუალოდ ხელოვნებასაც შეეხო. თანდათანობით ერთმანეთს დაშორდა არა მარტო ხელოვნების ისეთი “ავტონომიური” სფეროები, როგორიცაა მუსიკა, ლიტერატურა და მხატვრობა, არამედ თვით სახვითი ხელოვნების ზემოთნახსენები დარგებიც. დღეს მხატვრობა, ქანდაკება და ხუროთმოძღვრება სხვადასხვა მხატვრულ ენაზე მეტყველებას გულისხმობს. ერთმანეთთან გაუცხოებული, ზოგადესთეტიურ პლანში კი მაინც მონათესავე ხელოვნების ეს დარგები, ჩვენს დროში იშვიათად თუ გადაკვეთს ერთმანეთს, მაგრამ შინაგანი კავშირი მათ შორის, მხატვრულ-ესთეტიურ დონეზე მაინც, მუდამ იარსებებს. ეს განსაკუთრებით მხატვრობასა და არქიტექტურას შეეხება. მხატვრის თვალი, ალღო და გემოვნება ისევე აუცილებელია არქიტექტორისათვის, როგორც ამ უკანასკნელის სივრცითი აზროვნების უნარია საჭირო ფერმწერისათვის. ძალიან ხშირად ადამიანის კულტურული თუ სულიერი მოღვაწეობის ეს ორი სფერო მნიშვნელოვანი სახელოვნებო იმპულსის როლს ასრულებს ერთმანეთისათვის. ასე მაგალითად: არქიტექტურულ სხეულად გადაქცევამდე ნებისმიერი ნაგებობა სწორედ მხატვრობის წიაღში, ჩანახატისა თუ მონახაზის სახით იბადება, აქ გადის იგი მხატვრულ დამუშავებას და მხოლოდ ამის შემდეგ ტრანსფორმირდება არქიტექტურულ ძეგლად. თავის მხრივ, მხატვრობაც თამამად საზრდოობს ხუროთმოძღვრული თემატიკით. მსოფლიოს ხელოვნების ისტორიიდან არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, სადაც არქიტექტურული პეიზაჟები და მოტივები წამყვან ადგილს იკავებს ფერწერაში, დაწყებული ძვ. წ. აღ-ის II – I საუკუნეების რომაული ქალაქის, პომპეის ფრესკებიდან, სადაც კედლებს, უმეტესწილად, ირეალურ-ფანტასტიკური ხასიათის ანტიკური არქიტექტურა ამშვენებდა, დამთავრებული იმპრესიონისტთა ექსპერიმენტული ნამუშევრებით.
მხატვრობაში ასახული არქიტექტურული მოტივის ნიმუშები XX საუკუნის ქართულ სახვით ხელოვნებაშიც მრავლად მოიძებნება. თვით თბილისის არქიტექტურული სახე არაერთი ქართველი (თუ არაქართველი) შემოქმედის შთაგონების წყაროდ ქცეულა. არაერთხელ უცდიათ მხატვრებს ხუროთმოძღვრული ძეგლებით “დახუნძლული” ქუჩებისა და მოედნების აღბეჭდვა, მაგრამ არცერთ მათგანს ისეთი თავგანწირვით არ უძღვნია ამ მოტივებისთვის თავი, როგორც ელენე ახვლედიანს. როცა ქართულ მხატვრობაში ასახული არქიტექტურის თემას ვეხებით, არ შეიძლება, პირველ რიგში, სწორედ ეს ქალბატონი არ გაგვახსენდეს. ელენე ახვლედიანის თითქმის მთელი შემოქმედება მხატვრობისა და მის განუყრელ მუზად ქცეული არქიტექტურის “ლამაზ ისტორიას მოგვითხრობს”.
ელენე ახვლედიანი, რომლის შემოქმედებაც უდაოდ დიდი დიაპაზონით გამოირჩევა (ფერწერა, გრაფიკა, ილუსტრაცია, თეატრის მხატვრობა) მთავარ სფეროდ ფერწერაში პეიზაჟს ირჩევს, მაგრამ თითქმის ვერ ნახავთ მასთან ლანდშაფტს, სადაც “არქიტექტურული ნაგლეჯები” - ფერდობზე შეფენილი სოფლის მიწური სახლები, ქალაქის რამდენიმესართულიან შენობათა სახურავები ან ნისლის ბინდ-ბუნდში ჩაკარგული ხიდი, მაინც არ იყოს. მხატვარს იზიდავს როგორც მშობლიური, ისე უცხო ქვეყნის ბუნება და გარემო, მისთვის მთავარია პოვნა მიმზიდველი არქიტექტურული მოტივისა, რომელსაც იგი საკუთარ მხატვრულ ფორმაში მოაქცევს, გადაამუშავებს და ფერწერულად “ააჟღერებს”. ასე მაგალითად, პარიზის ქუჩების ხატვისას ელენე ახვლედიანი არასოდეს გამოსახავს ტურისტების საყვარელ, თითქოს გაცვეთილ ხმაურიან ადგილებს. “ელისეის მინდვრებისა” და “დიდი ბულვარების” ბოჰემური პარიზისადმი იგი ბოლომდე გულგრილი რჩება. სამაგიეროდ ე. ახვლედიანი იხიბლება პატარ-პატარა მანსარდიანი სახლებით “გაძეძგილი” ძველი ქუჩებითა და პარიზული სახურავებით. პირველ რიგში, რაც “პარიზის ხედების” თვალიერებისას გვხვდება თვალში, კომპოზიციის არქიტექტურით გადატვირთვაა. მხატვარი თითქოს მაცოცხლებელი წყაროსავით ეწაფება არქიტექტურულ სახეებს და საგანგებოდ “ახვავებს” სახლების გამოსახულებებს სასურათე სიბრტყეზე. ლანდშაფტის გასაცოცხლებლად იგი მრავალფეროვან კომპოზიციურ ხერხებს მიმართავს; ზოგჯერ, თითქოს რომელიმე სახლის ფანჯრიდან ხატავდეს, ხედვის მაღალ წერტილს, მკვეთრ რაკურსს ირჩევს და შენობათა ქვედა ნაწილს სურათის ჩარჩოთი კვეთს, ზოგჯერ კი მნახველი მხატვართან ერთად შუა ქუჩაში ხვდება, სადაც სახლების ფერადოვანი ფასადებით გარშემორტყმული, ქალაქის “ალყაში ექცევა.”
განსაკუთრებული ადგილი ელენე ახვლედიანის შემოქმედებაში მაინც თბილისის არქიტექტურულმა სანახაობამ, კერძოდ კი “ძველმა თბილისმა” დაიკავა. “ელენე ახვლედიანის ძველ თბილისს აქვს თავისი განუმეორებელი სახე, ახვლედიანისეული დეკორაციული შეგრძნებით ამეტყველებული პოეტურობა. ისევე, როგორც ლადო გუდიაშვილმა სახიერჰყო ძველი თბილისის ყარაჩოღელთა ბოჰემა ხელოვნებაში, ასევე ელენე ახვლედიანმა ძველი თბილისის არქიტექტურული სანახაობის ტილოზე მოქარგა, “მოგვცა მისი ფერწერული გადამღერება,” - ამბობს ლეო რჩეულიშვილი. ელენე ახვლედიანის მიერ შექმნილი თბილისის ხედები, მხატვრის სწრაფი მზერით ზუსტად “დაჭერილი” სხვადასხვა გუნებაზე მყოფი ავტორის მიერ დახატული თუ თავად სხვადასხვა განწყობაზე მყოფი ქალაქის ერთგვარ პორტრეტებად შეიძლება მივიჩნიოთ.
ე. ახვლედიანის არქიტექტურულ პეიზაჟებზე საუბრისას, პირველ რიგში, მათი ხაზგასმითი დეკორატიულობა და ფერწერულობა უნდა აღვნიშნოთ. ფერს მის ფერწერულ კომპოზიციებში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია, იგი წამყვანი და გადამწყვეტია მხატვრული სახის შექმნაში. ფერი, რომელიც ხან უაღრესად დაძაბული და ჟღერადი, ხან კი უფრო “დინჯი” და “დაბინდულია,” თითქმის ყოველთვის იმორჩილებს ნახატს; უპირველესად კი იგი ნამუშევარში საერთო განწყობის შექმნას და ძირითადი აქცენტების დასმას ემსახურება. მთავარი კი ე. ახვლედიანთან ფერის დეკორატიული გაგებაა. სწორედ ამის მეოხებით ზედმიწევნით ზუსტად დასმული მკვეთრი ფერადოვანი აქცენტები, ამის ხარჯზე გაზრდილი ფერწერულობა და ნახატის ტეხილი ხასიათი ქმნის, საბოლოო ჯამში, ახვლედიანის ემოციურ მხატვრობას. ემოციურობას ერთიორად აძლიერებს და შინაგანად ამდიდრებს რიტმულობის შეგრძნება. ზოგჯერ კლაკნილი, მოუსვენარი, ხშირად კი კომპოზიციის სიღრმეში მცოცავი, დენადი რიტმული ხაზები თავად არქიტექტურულ მოტივთა კარნახითაა შობილი. ელენე ახვლედიანი, რომელიც მხატვრის უტყუარი ალღოთი გრძნობს არქიტექტურის რიტმულ პულსაციას, მისთვის ჩვეული უჩინარი მხატვრული ხერხების საშუალებით სრული დამაჯერებლობითა და იშვიათი მომხიბვლელობით აღბეჭდავს ყოველივე ამას ტილოზე. (თუმცა მხატვრის ცხოვრების უკანასკნელ პერიოდში შექმნილი ნამუშევრების, თითქოს თეთრი არშიით ერთიანად მოჩითული, მოქარგული დეკორატიულობა თვითმიზანი ხდება ავტორისათვის. მათზე გამოსახული არქიტექტურული მოტივი კარგავს ჩვეულ არქიტექტონიკას და შინაგან კავშირს მისივე შთაგონების წყაროსთან - ძველ თბილისთან. ამიტომაც, ალბათ, უფლება გვაქვს ე. ახვლედიანის შემოქმედების მოცემულ პერიოდში თავჩენილ კრიზისზეც ვისაუბროთ).
და მაინც, უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველთათვის ესოდენ საყვარელი ქალი მხატვარი სწორედ არქიტექტურული მოტივების გარემოში გრძნობს თავს საუკეთესოდ. ხუროთმოძღვრებით შთაგონებული ძერწავს იგი საკუთარი შემოქმედების მხატვრულ სხეულს. მაგრამ ელენე ახვლედიანი ახერხებს ისე გაიაროს ხელოვნების მომიჯნავე დარგებს შორის ურთიერთშეხების ბეწვის ხიდზე, რომ არცერთი მათგანის ღირსება არ შელახოს: არც არქიტექტურა დაუმორჩილოს ზედმეტად ფერწერას და არც მხატვრობა გახადოს ბოლომდე მასზე დამოკიდებული. ელენე ახვლედიანის ფერწერული ქმნილებები ხელოვნების ამ ორი დარგის ჰარმონიული კავშირის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ქართული მრავალხმიანი სიმღერასავით ხმაშეწყობილად მოგვითხრობს იგი მხატვრობისა და არქიტექტურის მრავალსაუკუნოვანი “ურთიერთობის” შესახებ, რომლის კეთილად დაგვირგვინების მაგალითსაც თვითონ იძლევა. ელენე ახვლედიანის შემოქმედება სწორედ ის მხატვრული სიბრტყეა, სადაც ურთიერთგანმსჭვალავი ძლიერი სახელოვნებო იმპულსის მატარებელმა სფეროებმა - არქიტექტურამ და მხატვრობამ ერთად იყარა წილი.