Saturday, June 4, 2011

მე ქართული სინამდვილის დეზერტირი ვარ!


ხშირად მიფიქრია, რომ, ჩემდასამარცხვინოდ, ძალიან ძველმოდური ვარ და ხშირად კონტექსტიდან ამოვარდნილიც კი. პრაქტიკულად, არასოდეს არ ვწერ აქტუალურ თემებზე და არ ვეხმიანები კრიტიკულად ჩვენს მართლაც მარვალმხრივ გამრუდებულ ყოველდღიურობას. აი, მაგალითად, საერთოდ არ ვწერ ქართულ შოუ-ბიზნესზე, ქართულ მედია სივრცეზე, არც ნანუკას შოუს ვახსენებ და არც მაია ასათაინისას, არც ტელესერიალებზე “ვსეირნობ” და არც “სპეციალურ რეპორტაჟებზე” ვშფოთავ, მოკლედ მოქალქეობრივ პოზიციაში დიდად მოვიკოჭლებ. გავიაზრე ეს და უცებ შევშინდი: იქნებ უბრალოდ გულგრილი ვარ იმ ყველაფრის მიმართ, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, ან არ ვარ სათანადოდ განვითარებული, რომ პროტესტის გრძნობა გამიჩნდეს?! არადა ვინ ვინ და მე ხომ ვიცი, როგორ მაღიზიანებს მთელი ეს ფსევდოელიტარულ-ქაჯური აღლუმი ჩვენს ტელეარხებზე, როგორ გამოვყავარ წყობიდან და რა მგზნებარედ მაყრევინებს ცოფებს. მაშინ რატომ არ მინდა ამაზე წერა?! რატომ არ მინდება, ხმამაღლა დავუირისპირდე და სხვებივით, მეც მორიგ ჯერზე ვამხილო მავნებელთა მთელი ეს დასი? ხომ შემიძლია მეც ჩემებურად ავხსნა, განვმარტო და გავაანალიზო, რატომ სჩადის ამას და ამას მთლიანად ცენზურას დაქვემდებარებული ქართული ტელევიზია?
კარგა ხანს ვინერვიულე, სანამ პასუხს მივაგენი. პასუხი კი, რომ მეგონა, იმაზე ბევრად მარტივი და უმწიკვლო აღმოჩნდა: უბრალოდ უკვე კარგა ხანია აღარ ვუყურებ ტელევიზორს, (რომელიც ხანდახან გამორთულიც კი ისე მაშინებს, რომ მეტი სულიერი სიმშვიდისთვის, შტეფსელიდანაც ვრთავ, რადგან, არ გაგეცინოთ და, მეშინია უარყოფით ენერგეტიკის, რომელსაც გამორთულ მდგომარეობაშიც კი ასხივებს). ამიტომ წარმოდგენაც აღარ მაქვს რა ხდება ქართულ მას-მედიაში. არცერთხელ არ მიყიდია არცერთი ქართული ჟურნალი (მათ შორის არც, მაპატიეთ და, “ლიბერალი”, “ტაბულა”, მით უფრო “სითი”, “გზა” და ნუ, ცხადია, აქ რა მოსტანია და, “სარკე” და “თბილისელები”, უი, ხო, და კიდევ “ბომონდი”). ამის გამო ხშირად კურიოზულ სიტუაციებში ვვარდები. მაგალითად, 24 მაისს ჩემს მშობლებთან მისულს ტრადიციულად მაღალ ხმაზე მოღლოფინე ტელევიზორში რომ ნინო ბურჯანაძის მიტინგი “დამხვდა”, გულწრფელად ვიკითხე: რა ხდება, ძველი ჩანაწერია-თქო? ადვილად წარმოიდგენთ, რა მხიარულება მოჰყვებოდა ამას ოჯახში. სულ ორი დღეა, რაც ბაღაფშის სიკვდილი შევიტყვე და მეტსაც გეტყვით, ორიდ წუთის წინ გავიგე, რომ ნანუკას პრეზიდენტი ყოლია შოუში მიწვეული. “ახალი ამბების” ჩემამდე მოღწევის ასეთმა შუასაუკუნეობრივმა ტემპებმა ისე შემაშფოთა, რომ თვითრეაბილიტაციის მიზნით, ამ პოსტის წერა დავიწყე. მინდა, თავი ვიმართლო უკიდეგანო ვირტუალური სივრცისა და ჩემი თითებზე ჩამოსათვლელი მკითხველის წინაშე, რომ სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თვითიზოლაციაში ვიმყოფები. დიახ, მე, ქრისტინე დარჩიამ სრულ ჭკუასა და საღ გონებაზე, საკუთარი ნებით მოვაქციე თავი თვითიზოლაციაში, რადგან აღარ მესმოდეს ტელეეკრანიდან: “მინდა მადლობა მოვუხადო”, “მინდა დავაფიქსირო პოზიცია”, "მოხარული ვარ, რომ ვღებულობ მონაწილეობას", “ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ...”, “მან უკვე ბევრი დანაშაულებები ჩაიდინა”; აღარ მინდა გავიგო “სისხლები”, “ხორცები”, “კარებები” და ა.შ. აღარ მინდა მტკიოდეს ერთდროულად გული და ყური იმის გამო, რომ ტელე-სივრცის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა წვალობს მარტივი წინადადებების აგებაზე, თუმცა სრულებით არ ანაღვლებს საკუთარი გაუმართავი მეტყველება, რომელიც დაუმორჩილებლობას უცხადებს ყოველგავრ გრამატიკულ წესსა და ლოგიკას, მაშინ როდესაც უსიტყვოდ ემორჩილება სახელისუფლებო მითითებებსა და შეკვეთებს. არ ანაღგვლებს, რადგან, მაინც პოპულარულია, მის გადაცემას არც მაყურებელი აკლია და არც დაფინანსება, ქუჩაში ხალხიც ცნობს და თუ ზოგს არ უყვარს და ზოგიც აკრიტიკებს, ეგეც არაფერი, რადგან “შავი პიარიც ხომ პიარია”.
მოკლედ აღმოჩნდა, რომ არ მაქვს სათანადო ძალა და შემართება, ვებრძოლო ჩვენი სოციო-პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პლასტის ამ მახინჯ გამოვლინებას და უფრო იოლი, ვისთვის კი ალბათ სამარცხვინო გზა ავირჩიე - ქართული რეალობის დეზერტირი გავხდი. დიახ, კიდევ ერთი აღიარებითი ჩვენება უნდა მივცე: მე ქართული სინამდვილის დეზერტირი ვარ! ასე უფრო ადვილია ცხოვრება, მერწმუნეთ! არ უყურებ ტელევიზორს და არ კითხულობ უხამსობამდე მისულ უგემოვნო ჟურნალ-გაზეთებს, შესაბამისად არ გეშლება ნერვები ათასნაირ უნიჭო, უგვანო და მავნე ტელე-შოუების ყურებასა და უაზრო ინტერვიუების კითხვაზე დახარჯულ დროსა და დამწყდარ ნერვებზე; სრულებით არ გაღიზიანებს ბილბორდებზე გადაჭიმული ტელეწამყვანების მომღიმარი სახეები, რადგან ზოგიერთი მათგანი ბუნდოვნად გეცნობა, ზოგიც საერთოდ ახალი სახეა შენთვის და ვერც კი ცნობ. მოკრავ ყურს რომელიმე ახალ გადაცემას, მაგალითად “face control”-ს ან “ცეკვის ლიგას” და თვალშიადვილადსაცემი უნიჭობის მიუხედავად, უაგრესიოდ იღიმები და შინაგან კმაყოფილებას გრძნობ, რადგან ხვდები, რომ თავისუფალი ხარ ამ მარაზმისგან და ძალიან, ძალიან ბევრი ადგილი გაქვს სადღაც შიგნით.
მაგრამ ისიც უნდა გაგიმხილოთ, რომ არც დეზერტირის ცხოვრება აღმოჩნდა ადვილი, რადგან ტყეში გასული პარტიზანივით, მუდამ მალვაში რომაა და მეტი უსააფრთხოიებისთვის იძულებულია, სმენაც და თვალიც გაიმახვილოს, მეც უფრო “სენსიტიური” გავხდი (სენტიმენტალობისა და ნარცისიზმის ბრალდების შიშით ვერიდები სიტყვა “მგრძნობიარე”-ს); ადრე რომ ვერ ვამჩნევდი და ყურადღებას არ ვაქცევდი, ახლა ყველაფერი სუსხიანი ქარივით მხვდება და უსიამოვნო ჟრუანტელს იწვევს სხეულში. აი, მაგალითად, ამოდის ავტობუსში ყვითელქურთუკიანი კონტროლიორი და მკაცრი სხითა და იმპერატიული ტონით კითხულობს: “ბილეთი გაქვს?!” მე ჯერ ვცდილობ გავუღიმო, მივესალმო და მშვიდად ვაჩვენო ამოსვლისთანავე აღებული ბილეთი, არ მინდა გავღიზიანდე და გვერდით მსხდომთა მსგავსად შევუკურთხო, თუნდაც გულში. მინდა ვუთხრა, რომ წესით გამარჯობაც უნდა თქვას და მეორე პირის მრავლობითითაც მომმართოს, რადგან არ მიცნობს და სავარაუდოდ ვერც გამიცნობს ისე ახლოს, რომ შენობით მომართვის უფლება ჰქონდეს. ეს ყველაფერი კი იმიტომ მინდა, რომ ჩემს გარშემო მყოფი ადამიანებისგან ველური, შმაგი ცხოველებივით გამოვარდნილი უარყოფითი ენერგია ავიცილო. ასე მგონია, ამ უარყოფით ენერგეტიკულ ჭავლებს შორის ვისრისები და სადღაც უკან ხერხემალთან ვგრძნობ უსიამო ჟრუანტელივით ჭვალს. ამიტომ ავტობუსში ყოველი მგზვრობა ცხოვრებისეულ გამოცდას ემსგავსება, გამოცდას როგორ დავრჩეთ ადამიანებად და არ გადავყლაპოთ ერთმანეთი პირველივე შემთხვევისთანავე. კიდევ უფრო უარესია, როცა პურის ან ყვავილების გამყიდველებს მინდა ავუხსნა, რომ იმისთვის რომ სწორედ მისგან ვიყიდო რაიმე, აუცილებელი არაა, ნახევარი წელი მის გვერდით მჯდომი “კოლეგა-გამყიდველის” ლანძღვა და წყევლა. ასეთ დროს სასოწარკვეთილებაში ვვარდები და კიდევ უფრო მეტად უსუსური ვხდები, რადგან არ შემიძლია ტელევიზორივით მარტივად გამოვრთო რეალობის ეს კონკრეტული წამი. დავდივარ ქუჩაში, ვმგზავრობ ავტობუსით თუ შევდივარ მაღაზიაში - მეჩვენება, რომ ყველგან რაღაც უხილავი მოძრაობს ჩვენს შორის და ჩვენს თავზე. და, როგორც წესი, ზემფირას ერთ-ერთი სიმღერის ტექსტი მახსენდება: «я питаюсь справится с обрушившимся небом; я никак не слабочокнут тут такие перестрелки»... და სწორედ ასეთ დროს მინდება ვუთხრა კონტროლიორს, ავტობუსის თითოეულ მგზავრს, პურისა და ყვავილების გამყიდველს რომ ძალიან, ძალიან კარგად მესმის მათი და მეც ზუსტად ასე ვიქცევი, როცა თუნდაც ორი დღე გადაბმით ვუყურებ ქართულ საინფორმაციო გადაცემებსა და ტელე-შოუებს; რომ ასეთი აგრესია ძალიან ბუნებრივია, როცა ყოველ დღე უგულო, ისტერიული წამყვანის მიერ განგებ დრამატიზირებულად “მოწოდებულ ინფორმაციას” უსმენ და შემდეგ გულის გადასაყოლებლად მდარე ხარისხის გასართობი შოუების ფსევდოთავისუფალი ქცევის, ყალბ წამყვანებს ატყუებინებ თავს.

No comments:

Post a Comment