Tuesday, June 7, 2011

ემპათიური თუ...

როგორც წესი, ვერავის ვუხსნი რატომ არ შემიძლია მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ყურება, განსაკუთრებით კი ე.წ. “უჟასების”. არ შემიძლია და მომკალი! საკმარისია საშინელებათა ჟანრის რომელიმე ფილმი ვნახო და მშვიდობით ტკბილო ცხოვრებავ ჩემოც და ჩემიანებისაც! მშვიდობით ტკბილო ძილო და სიბნელეში მარტო სიარულო... ყველგან და ყოველთვის ფილმის საშიში კადრები მახსენდება და თვალწინ მიტრიალებს. ამიტომ მსგავსი ფილმის ნახვიდან მინიმუმ ერთი კვირა პატარა ბავშვივით “გაყოლას” ვითხოვ, მაგალითად, იქ, სადაც, წესით, მეფენიც საუკუნეებია საკუთარი ფეხით დაიარებიან. კარგა ხანს ვიჭყლიტე ტვინი მიზეზის ძებნით, ბოლოს ამაყად დავასკვენი, რომ ეს “პროფესიულია” და რომ ჩემი საყვარელი საქმიანობიდან გამომდინარე, როგორც ხელოვნებათმცოდნე ზედმეტად კარგად ვიმახსოვრებ ვიზუალურ სახე-ხატებს (გაცილებით უკეთ ვიდრე მუსიკალურ ბგერებს თუ ვერბალურ ტექსტებს), რომლებიც დიდი ხნით მრჩება და მებეჭდება “მზერით მეხსიერებაში”. მაგრამ სანამ ამ, არც თუ ისე დამაჯერებლი თეორიით აპელირებას (და, რა დასამალია, და კეკლუცს) შევუდგებოდი, თითონვე გავუწიე ოპონირება და, ცხადია, მისი სუსტი მხარეებიც მაშინვე გამოაშკარავდა: ჩემს შემთხვევაში “კარგი” თვალითი მეხსიერება არმც და არამც არ სცილდება ხელოვნების ნაწარმოებებს და, სამწუხაროდ, სრულებით არ ვრცელდება მაგალითად, ადამიანებზე. ჩვეულებრივ, ვერ ვცნობ ადამიანებს, თუ მათთან მანამდე ხანგრძლივად არ ვიკონტაქტე და ამის შემდეგაც კი ადვილად მავიწყდება სახეები. ასე რომ არ არის გამორიცხული, რომელიმე კარგი ნაცნობი სახტად დაგტოვოთ მორიგი შეხვედრისას ჩემს სახეზე მობორიალე დაბნეულმა ღიმილიმა და არაადეკვატურმა კითხვებმა, მაგალითად ასეთმა: ბავშვები როგორ არიან? არადა შვილი ერთიც კი არ გყავთ, ან: თქვენები ხომ კარგად არიან? არადა ზუსტად იცით, რომ “თქვენებს” არ ვიცნობ და ა.შ. მოკლედ ე.წ. “ქუდიანი ნაცნობობა” ჩემთან არ ჭრის (ბოდიშს კი ვიხდი უნიჭო თარგმანისთვის, მაგრამ ეს ბოლო ხანია, ხომ ყველაფერს ტიტრებად ვთარგმნით და ორიგინალში ვუსმენთ, სინამდვილეში კი ნახევრადვკითხულობთ ქართულ ტექსტებს და ვეღარ ვუყურებთ ვერაფერს). მოკლედ, კითხვაცა და პრობლემაც კითხვადვე და პობლემადვე დარჩა. მოცემულ ეტაპზე ერთადერთ სავარაუდო ახსნად კიდევ უფრო თამამი და კეკლუცი ვერსია - ჩემი “დახვეწილი გემოვნება” -დავტოვე, შევიფერე იმიჯი, რომ არ მიყვარს ჰოლივუდის მდარე ხარისხის ფილმები, რადგან გოგი გვხარიას ფილმებზე გავიზარდე!
“გოგის ფილმებზე” ისევ გახმოვანების პრობლემა გამახსენდა... ყველაზე მეტად აქ მაკლია ქართული თარგმანი, მომკალით და უკეთესად ვიგებდი თითქოს და უფრო ახლოს მოდიოდა ისედაც კარგი კინემატოგრაფია გვახარიასეული თარგმანით. ეხლაც კი “წითელი ზონის” ფილმს თუ ვუყურებ, ისევ ჩამესმის გოგი გვახარიას ხმა, როგორც კარგი პედაგოგის (ოღონდ იმდენად კარგის, რომ მასთან კამათიც შეგიძლია) რჩევით წაკითხული წიგნის კითხვისას, მისი ხმა რომ გესმის, თითქოს ის გიკითხავდეს ტექსტს და თან თვალყურს გადევნებდეს, რამდენად ზუსტად და კარგად გესმის წაკითხული. მაგრამ ასეთმა კარგმა პედაგოგებმა ისიც კარგად იციან, რომ “ზუსტი და კარგი გაგება” არ არსებობს და იმდენივეა გაგება, რამდენიც ადამიანი, ნუ... მოფიქრალი ადამიანი.
მაგრამ გოგი გვახარიას ფილმებთან სხვა პრობლემები მაქვს და არც ესაა ნაკლები დაცინვის თემა. “გოგის ფილმებიდან” მით უფრო ძნელად გამოვდივარ და მართლაც დიდი ხნით ვრჩები ხელოვნებათა ამ მედია-სინთეზით შექმნილ სამყაროში. ფილმის ნახვის შემდეგ დიდ ხანს ვარ ზედმეტად ეგზალტირებული, აჟიტირებული და ბედნიერი, მათ შორის ისეთი მძიმე მელოდრამის შემდეგაც, რომლის დროსაც მოთქმით ვტიროდი. აი, ეს კი მართლაც კარგი გასართობია ჩემი მეგობრებისთვის და თუ ისიც გამიხსენეს, როგორ ვრეკავდი თავის დროზე “ფსიქოში”, ხომ საერთოდ! “პროგრამაში” კარგა ხნით ყოფნა არ ამცდება. მაგრამ ამას უკვე მივეჩვიე და ჭეშმარიტი ხელოვნების კათარზისულ უნარ-ჩვევებსა და ფუნქციაზე მაღალფარდოვან გამოსვლებს აღარ ვიწყებ ხოლმე.
მაგრამ კიდევ ერთი შეკითხვა მაინც მრჩება: რა მატირებს ან მახარებს ასე ადვილად წიგნზე, ფილმზე, სპექტაკლზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, ცხოვრებაშიც, რეალურად საკმაოდ გულქვა არსებას? აი, მაგალითად, მივდივარ ქუჩაში და ამედევნა პატარა მათხოვრის ბავშვი, ბინძური, თმაგაბურძგნული და საყვარელი. წარბსაც არ ვიხრი, ფულს არ ვაძლევ, მშვიდად ვაგრძელებ გზას და გულში იმასაც კი ვფიქრობ, “წადი და ცოტა მაინც იმუშავე, თუნდაც შუშები გაწმინდე!” თან ამ დროს საკუთარი თავი მეზიზღება და ისიც, ვის გამოც “უცებ გავხდი ასეთი”. ვაგრძელებ გზას, ავდივარ ავტობუსში და უცებ გვერდით ჯდება ან წინ ზის ან იქვე სადმე დგას მშვენიერი, სავსებით ნორმალური იერის მქონე ქალი ან კაცი, მოზარდი ან მოხუცი და უცებ საოცარ წუხილს ვგრძნობ, სადღაც შიგნით მეკუმშება თითქოს ყველაფერი, რადგან “ზუსტად ვიცი”, ახლა ამ ქალს, კაცს, მოზარდს თუ მოხუცს რაღაც აწუხებს, ცუდადაა და ძალიან უჭირს შინაგანად. მინდა მივიდე, ჩავეხუტო, დავამშვიდო, ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და რომ მეც ხშირად ვარ ხოლმე ასე. რაკიღა, კიდევ კარგი, მისვლას ვერ ვბედავ, ვცდილობ თბილად ვუყურო (ახალგაზრდა და სიმპათიურ მამაკაცებზე ეს არ მემართება, არ იფიქროთ!) და ჩემებურად “გავუგზავნო დადებითი ემოციები”. ან მაგალითად, მივდივარ ქუჩაში, გვერდზე ვიღაც ჩამივლის და მე კი უცებ კარგად ვხდები და უაზროდ მიხარია, არც ვიცი რა, უფრო ხშირად ის, რომ ეს “ვიღაცა”, ვინც უკვე ჩამიარა ან წინა გაჩერებაზე ჩავიდა, ძალიან უყვარს “ვიღაცას”: ქმარს, ცოლს, შეყვარებულს, შვილს, ხანდახან შვილიშვილს, თუნდაც მეზობელს. საიდან მომაქვს ეს ყველაფერი, მომკალით და არ ვიცი! მაგრამ ერთი კია, ასეთი რაღაცეების გამო ტირილს არ ვიწყებ ქუჩაში, ამ მხრივ ტელეეკრანთან ან თეატრის ჩაბნელებულ დარბაზში მჯდომი უფრო საშიში ვარ. თუმცა ქართული თეატრის გადამკიდე საფრთხე იქაც აღარ მემუქრბა. აა, ხო! ბოლოს რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრში მოვიჭერი თავი სპექტაკლზე “ჩემი გაზაფხულის შემოდგომა”. დადგმა თუ არ გინახავთ ორი სიტყვით გეტყვით, რომ ერთი ჩიტის ისტორიაა, ბორია ქვია, მოხუცი წყვილის გაზრდილია და ჩიტი კია, მაგრამ დიდი მაიმუნი ვინმეა. თუმცა კეთილია, ცდილობს მისივე გამჭრიახობით არაკეთილსინდისერად ნაშოვნი ფული ნამუსიანად დაარიგოს, ვინც უყვარს და ვისაც მართლა უჭირს იმათ დაეხმაროს; ქალებს არ იკლებს, თუმცა მაინც ერთი უყვარს და მხოლოდ მასზე ფიქრობს, მაგრამ ჩიტს ქალი უყვარს და ეს ამბავი იმთავითვე განწირულია. მოკლედ, დიდი ადმიანური სითბო და სევდა მოდის ყველა პერსონაჟისაგან, გაბრიაძისეული ნიუანსებით, მისი გროტესკული სიუხეშეებითა და იუმორით. მეც მეტი რა მინდოდა?! ერთბაშად “მოვირღვიე”, თითქოს ჩიტმა ბორიამ ძაფის ბოლო მიპოვა, გამოქაჩა და ასე, ნისკარტში ჩემი ემოციის ძაფის ბოლოგაჩრილმა ინავარდა მთელი სპექტაკლი. ჰოდა, რომ მოვრთე ღრიალი, პირზე აფარებული ხელი და ერთჯერადი ცხვირსახიციც ვერ მახშობდა. დარცხვენილმა მივიხედ-მოვიხედე და ჩემნაირ დღეში მხოლოდ თათია ვნახე (ჩემი მეგობარია და ისიც ცოტა... მოკლედ ნამდვილი მეგობარია), დანარჩენები - ჩემთვის უცნობი ადამიანებით სავსე დარბაზი სრულიად მშვიდად იჯდა და უდრტვინველად განაგრძობდა მარიონეტების დადგმის ყურებას.
სპექტაკლიდან თვალებდასიებულები და დარცხვენილები რომ გამოვდიოდით, მაშინ მომივიდა თავში აზრად და თათიას ვკითხე: “ჯეკუ, იქნებ ემპათიურები ვართ?!” მას შემდეგ მინდა ამის მჯეროდეს, ბევრად უკეთესია, ვიდრე ვერსიები: “ნევრასთენიკი”, “სენტიმენტალური”, “ცოტა გიჟი” და ა.შ.

ფიქრობთ, რომ სენტიმენტალური ვარ, ხო? მე კიდევ ემპათიურობა უფრო მომწონს... და რა მოხდა ეხლა, რომ ვიყო ეს “ემპათიური”?! ბოლოსდაბოლოს ტერმინია ასეთი, ტერმინი კიდევ არასოდეს არ ნიშნავს მართლა კარგ შეფასებას, მართლა ძალიან დიდი და კარგი ტერმინებში, როგორც წესი, ვერ ეტევა.


P.S. დღეს თათიამ დამირკა და მითხრა: “გუშინ ისეთი ბედნიერი ვიყავი, აწი შემიძლია მოვკვდეო”. მას შემდეგ ყურებამდე უაზრო ღიმილით დავდივარ. ვიცოდე მაინც რა მიხარია?..

No comments:

Post a Comment