Monday, November 23, 2009

ყველას ახსოვს, ალბათ, 2005 წელს ბუშის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ამტყდარი ორომტრიალი და ქალაქის გალამაზება-მოწესრიგების ეგიდით სახლების შხამიან ფერებად გადაღებვის ციებ-ცხელება. ყოველგვარი არქიტექტონიკური ლოგიკის გარეშე, ზედმეტად მჟღერ და უგემოვნო ფერებად გადაღებილი შენობები მძიმე სანახავი იყო, მით უფრო მაშინ, ხელისუფლების მხრიდან ამგვარ ჟესტებს მიუჩვეველი მოსახლეობისთვის. მას შემდეგ ყველანი მივეჩვიეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს საკუთარი სახლი მწვანედ შეიძლება დაგხვდეს შეღებილი, მეზობლისა - წითლად, შენი საყვარელი სახლი ძველ უბანში, ბავშვობიდან ჩარჩენილი და ზღაპრულ წარმოდგენებში ნალოლიავები, შეიძლება საერთოდაც აღარ დაგხვდეს და მის ადგილას შიშით უნდა ელოდო შუშის ახალი უსახური შენობის აგებას; მივეჩვიეთ, რომ თუკი უცხოელ ინვესტორს სურს, ურყევი შემართებითა და წარმოუდგენელი სისწრაფით ინგრევა დასახლებული კორპუსი თუ კულტურული ღირებულების მქონე, კანონით დაცული ნაგებობა; ის კი არა და, მივეჩვიეთ, რომ წაგებული ომი მოგებულივით შეიძლება ვიზეიმოთ. ახლა ბევრი რამ უკვე ჩვეული და პროგნოზირებადია, მაშინ ჯერ კიდევ უცხო და მოულოდნელი იყო, აღშფოთებაც უფრო გულწრფელი იყო... სწორედ იმ დროს დაიწერა ეს ანდაზებითა და ხალხური გამონათქვამებით მოთამაშე პატარა, სულელი ესსეც.