Sunday, November 22, 2009

ფერადი სახლებით შთაგონებული, ცოტათი სულელი ესსე

დედამ კაბა შემიკერა ლამაზი,
წითელ-ყვითელ ყვავილებით, სერ!
. . .
გაზაფხულზე უფრო დიდი ვიქნები,
მოდით მაშინ წამიყვანეთ, სერ!
რობერტ ბერნსი

ასეთია ქართველის ბუნება და მოკალი! უყვარს ტრაბახი და ჩვენში რომ “თვალში ნაცრის შეყრას” ეტყვიან, კიდევ ის; მოწონს გარეთ მტერს რომ უკლავს გულს და შინ კი მოყვარეს; არ ფიქრობს სადამდე გასწვდება საბანი და რაც არ უნდა გაჭირვება აჩვენო, მაინც არ იძვრის ადგილიდან, სულაც არ აპირებს სადმე გაქცევას და მით უფრო წინ; დგას თავისთვის, ნაზამთრალი, ჯერაც სათანადოდ ვერმოღონიერებული სამხრეთის აბეზარი მზის ქვეშ და ფულიანი მგზავრისა თუ სტუმრის გამოვლამდე სახლების გადაღებვით იქცევს თავს. ახლა ასე ექეიფება და მორჩა! შეაყარე კედელს ცერცვი და აგერ უკვე მერამდენად წაიკითხე მგლის თავს სახარება; მწყერი ხეზე მაინც არ შეჯდება.
ახლა კიდევ ეს “სტუმარი ღვთისააო!” ღვთის კი არა და გაჭირვებისაა ეგ სტუმარი, ჩემო ბატონო, მაგრამ რა გინდა რომ ქნა?! სულ რომ ზღვა ემართოს სისხლისა, მოგეხსენებათ... რატომ ცუდად შეგიღებავს გამო კი დემოკრატიულ ქვეყანაში მარჯვენას არავის მოჰკვეთენ. ჰოდა, ისევ მამარჩენალი ბუნების – მზისა და ცის ცვარის იმედად თუ იქნება კაცი. ცოტას ცვიმა ჩამორეცხს, ცოტას მზე გამოახუნებს, ცოტაც თვალი მოდუნდება და... თუმცა არა, სოფელი ასე ვერ აშენდება! ვერც სოფელი და ვერც ამ “ორ ზღვას შუა სანატრელი” საქართველო.
მაგრამ სანამ რამეს ავაშენებთ, მანამდე კიდევ ბევრია სალაღობო. ფერად-ფერადმა სახლებმა არაერთი კვიმატი გამოთქმა წამოაცდენინა ახალ-ახალი მოულოდნელობებით ცოტათი მოღლილ, თუმც კი გამხიარულებულ ხალხს. ადამის ძის ყველაზე ტკბილსა და ყველაზე მწარეს არც ახლა დაუკარგავს ძვლების მტვრევის უნარი. ერთ-ერთი ასეთი, ხალხური კი არა და საავტორი გამონათქვამი ქვეყნის თავკაცსაც მოწონებია; ფარშევანგის გაშლილ კუდზე მოგახსენებთ. ერთი კი დავიწყნია ჩვენს მეთაურს: ფარშევანგი კუდს მაშინ შლის, როცა საქორწილო შეუღლებისათვის მეწყვილეს ეძებს. მოგეხსენებათ, ბუნებას მრავალფეროვნება უყვარს, შესაუღლებლად გამზადებულ ფრინველს მოცილეც ბევრი ჰყავს, ამიტომაც პოტენციური მეწყვილეს მოსახიბლად თუ მოსანადირებლად, განგებისაგან მისთვის ნაბოძებ კუდს შლის. ნუ მიწყენთ და ერთი კითხვა მინდა დავსვა: ჩვენც უცხო, შორეული ქვეყნიდან მოფრენილ გიგანტ ფრინველთან (ან უბრალოდ, უკაცრავად კი ვარ, მაგრამ დიდ ჩიტთან) შესაუღლებლად გამზადებულ, კუდგაშლილ ფარშევანგს ხომ არ ვემსგავსებით? როგორც დათა იტყოდა, თუთაშხია: “ასეა ეს და არ ვცდები, მგონია!” მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ხომ პლატონს მეგობრობაში მოცილე არ ჰყავს!