Sunday, November 22, 2009

ქვასა და ლითონში გაცხადებული...



ქვა - ნახევრადძვირფასი, უფრო ხშირად უბრალო კენჭები ან მინერალები; ლითონი - არასოდეს ძვირფასი, მხოლოდ რკინისა და ტყვიის შენადნობი; ნიჟარა - ჩვეულებრივი... ეს ის მასალაა, რომლისგანაც ანზორ მიქაძის ნამუშევრები იქმნება. მათ ვერც იუველირულს უწოდებ და ვერც მცირე პლასტიკის ნიმუშს, ვერც ქანდაკებად მონათლავ და ვერც ვიტრაჟს მიაკუთვნებ, არც დიზაინია და არც high-tech-ი. თუ აქამდე მხოლოდ ქვაში ნაკვეთი ვიცოდით, ეს ქვითნაკეთია, თუ ლითონში ჩამოსხმული გვსმენია, ეს - ლითონით ნახატია, თუ მოთხრობილი გვჩვევია, ეს - გაცხადებულია. უბრალო ქვა, ლითონი და ნიჟარა სახარებისეულ სიუჯეტებსა თუ ცნებებს უცნაური ძალით ასხამს ხორცს და კი არ გვიჩვენებს ან მოგვითხრობს, უბრალოდ ნათელჰყოფს მათ. და ეს ყველაფერი ერთობ ზედაპირულად ირქმევს სამკაულს.

ორგანულ და არაორგანულ ნივთიერ სამყაროში არსებული ყველაზე ძველი მასალა - ნიჟარა და ქვა, ადამიანის მიერ შექმნილ პირველ მასალას - ლითონს იყენებს, რათა წესრიგი შეიტანოს მატერიალურ სამყაროში და გამოსახულება შექმნას, მანამდე უხილავი შვას. უძველესი, “პირველადი” მატერიიდან ადამიანის ხელით ქმნილი მასალა-მატერიის საშუალებით ხატადქმნა ლოგოსის კოსმიური მოვლენის პარადიგმას ემთხვევა. ამიტომაც ადვილი მისახვედრია, რატომ სახავს ქვა, ლითონი, ნიჟარა და მათ უკან მდგარი ანზორ მიქაძე ჩვენს წინაშე სწორედ სახარებისეულ სიუჟეტებს. ხარება, შობა, მირქმა, ფერისცვალება, გეთსიმანიის ბაღში ლოცვა, იუდას ამბორი, ჯვარცმა, ჯვრები თუ უბრალოდ ანგელოზები ის ძირითადი თემებია, ანზორ მიქაძის მინერალურ კალეიდოსკოპში რომ გვხვდება; სწორედაც კალეიდოსკოპში, რადგან კონკრეტული სცენებისა თუ მოტივების უთვალავ ვარიაციათა ვიზუალიზაცია არასოდეს მეორდება; საერთო მათ უფრო ზოგადესთეტიური და ემოციური კონტექსტი აქვთ.

ლითონის ტიხრებითა და თავისუფალი, დენადი ხაზებით შექმნილ გამოსახულებაში - კომპოზიციის ჩონჩხში - გრაფიკული საწყისი სჭარბობს, იგი საერთო ექსპრესიულ ფონს ქმნის და მუქი ტონალობის ქვასთან ერთად დრამატულ ჟღერადობას იძენს, თავმოდრეკილი, წელში მდაბლად მოხრილი სილუეტური ფიგურების წყალობით კი კომპოზიცია საბოლოოდ ტრაგიზმს აღწევს, რაც სახარებისეული სცენების ტრადიციულ იდეურ-ინტონაციურ გააზრებას თანხვდება. თუმც საკმაოდ არატრადიციულია ანზორ მიქაძის მიერ ანგელოზის სახის გადაწყვეტა. მარტოსული ანგელოზები კიდევ უფრო ტრაგიკულნი არიან, საკუთარი ფრთები ემძიმებათ თითქოს და გოლგოთას მთას შემდგარ უბრალო მოკვდავთ უფრო ჰგვანან, ხშირად კიდევ პირიკით, უბრალო ადამიანი რომ გგონია, სწორედაც მაცხოვარია შარავანდის გარეშე გამოსახული, მთელი კაცობრიობისათვის, მათ შორის, შენთვისაც რომ ევნო. იაზრებ ამას და კიდევ უფრო მეტად გრძნობ ტრაგიზმს, რომელიც ისედაც გაუსაძლისად გიტევს ქრისტესთან თავმიდებული იუდას ერთიანად ნაცრისფერი, მხრებშიმოხრილი გამოსახულებიდან. კაცთა მოდგმის მიერ 30 ვერცხლის ზიდვის სიმძიმეს მთელი სისავსით გრძნობ ამ ნაცრისფრადჩამქრალ, მოკუნტულ ფიგურაში. დრამატიზმისა და ტრაგიზმის განცდა, რომელიც ამ დროს ჩნდება, ღრმა ანაბეჭდს ტოვებს მნახველზე და იქნებ, სინანულის განცდასაც კი ბადებს მასში. ანზორ მიქაძის შემოქმედება საერთოდაც იმ ანაბეჭდს ჰგავს, ნიჟარა რომ ტოვებს მილიონობით წლისწინანდელ მინერალში (სხვათაშორის ეს ფორმა ხშირად გვხდება მასთან, ალბათ, როგორც სიმბოლო მატერიალური ნივთიერი სამყაროსი, რომელზეც მისი შარავანდითმოსილი პერსონაჟები ამაღლდებიან). ამ უცნაური, ათასწლოვანი ნიჟარის მსგავსად, ანზორ მიქაძის შემოქმედებაც ინახავს თითქოს სამყაროს შექმნის საიდუმლოს, ღვთის უსაზღვრო სიყვარულს გრძნობს, ადამის ძეთა უმეცრებასა და უმადურობას განიცდის და ყოველივე ამის გამო გულწრფელ სინანულს შეიგრძნობს.

და თუ სამკაულია ის, რაც ამდენს იუნჯებს, გრძნობს და განიცდის, იგი უთუოდ დაამშვენებს მას, ვისაც ღვთის ხატად ქმნილს ვეტყვით.