Wednesday, November 25, 2009

"ჩემი უცნობი დები"

დღეს, როცა პოსტმოდერნული აზროვნების კვალად, მხატვრულმა აზროვნებამ თითქმის მთლიანად გადაინაცვლა თეორიული დისკურსის სფეროში, თანამედროვე ხელოვნება ხშირად მარტოოდენ დეკლარირებულად მოწოდებული გაშიშვლებული “იდეის,” მხატვრულ ფორმას ჩანაცვლებული კონცეპციის ამარა რჩება. ამან ერთდროულად “შესაშური” თავისუფლებაც მისცა და კიდეც დაატყვევა სახვითი ხელოვნება, რადგან ახალი შესაძლებლობების გახსნასთან ერთად სიტყვის ტყვეობაში მოაქცია იგი. მხატვრობა, რომელიც გასცდა სახვითი ხელოვნების ამ დარგის ტრადიციულ ფორმებს, უწინ მხატვრულ ფორმად ჩამოქნილ იდეას ახლა “სიტყვადქმილ” კონცეპციას უნაცვლებს. შედეგად, ფორმა გაბერწდა, შინაარსი - გაუხვსიტყვავდა.
ამგვარად, თანამედროვე ხელოვნებაში საკმაოდ უცხო ხილად იქცა მხატვრული ნაწარმოების სიმრთელე, როდესაც ჩანაფიქრი, მისთვის სხეულად შერჩეული ფორმა და მხატვრული გადაწყვეტა ერთიან, უწყვეტ, უხარვეზო ქსოვილს წარმოადგენს. მხოლოდ ასეთი ხელოვნება თუ შეძლებს გასცდეს მნახველზე მარტოოდენ ემოციურ ან ინტელექტუალურ პლანში ზემოქმედებას, ადამიანის გულსა და გონებაში უფრო ღრმად შეღწევას და კითხვის “რატომ?” დასმას. ლია შველიძის შემოქმედება კი სწორედ ამგვარი ხელოვნებაა. არტისტი ახერხებს ტრადიციული ფერწერის, უფრო სწორედ კი ფერწერის ტრადიციის (ტილოზე ზეთით ხატვის) ფარგლებში ორიგინალური, ამასთანავე, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ საზოგადოდ ყველა დროისა და ეპოქისათვის აქტუალური პრობლემა დასვას და კონცეპტუალურად გაიაზროს იგი.
ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ, როგორც ქალები? ჩვენ, როგორც ადამიანები? თითქოს სვამს კითხვას ლია შველიძე. ეს ე.წ. კრიტიკული ფილოსოფიური კითხვები ერთგვარ ლაიტმოტივად გასდევს მის შემოქმედებას. ამასთან, ნამუშევრის ემოციური განწყობა - სევდანარევი მელანქოლიურობიდან გამომწვევ, თითქმის ხაზგასმულ მხიარულებამდე, ერთიორად ამძაფრებს დასმული შეკითხვის სიმწვავეს. თავად ქალი არტისტის მიერ დასმული კითხვა “ვინ ვართ ჩვენ?” ქალი არტისტისა, რომელიც ხაზგასმით მხოლოდ ქალებს ხატავს, განსაკუთრებულ ჟღერადობას იძენს. ლია შველიძესთან განსხვავებული რაკურსით დაისმის ქალის პრობლემა, ქალის რაობა, მისი ადგილი ცხოვრებასა და საზოგადოებაში.
ამ მნიშვნელოვან პრობლემას, ცხადია, მხოლოდ ერთი ნამუშევრის ფარგლები ვერ დაიტევს, ამიტომაც ლია შველიძის შემოქმედებას სერიულობა ახასიათებს. სათქმელი მასთან შემოქმედების საერთო მასშტაბში განიშლება. ერთ-ერთი ასეთი სერია “ჩემი უცნობი დები” განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩვენგან. სერია, რომელიც 30-მდე ნამუშევარს აერთიანებს, ქალთა სხვადასხვა ტიპაჟებს წარმოგვიჩენს. თითოეული ნამუშევარი მხოლოდ თითო ქალს გვაცნობს. სწორედ “გვაცნობს” და არა წარმოგვიდგენს, რადგან ლიას პერსონაჟი ქალები თავისი შინაგანი სამყაროს ყველაზე ფარულ, ყველასათვის უხილავ მხარეებს გვიშიშვლებენ.
და მაინც, რას მოგვითხრობენ ისინი? რაზე გვესაუბრებიან?
ლია შველიძის “ქალთა გალერეაში” შეხვდებით ნებისმიერი ტიპის, ტემპერამენტისა და ხასიათის ქალებს, ტრაგიკული იერის მატარებლებიდან დაწყებული გარე სამყაროსადმი აბსოლუტურად გულგრილი დამოკიდებულების მქონე, აპათიურ არსებებამდე. ქალის არსების ამგვარი ფართო, “რეტროსპექტიული” ჩვენებით ლია შველიძე ცდილობს საზოგადოდ ქალის სახე დაგვანახოს, ქალის საერთო ხატი შექმნას, თუმც ამავე დროს იგი ახერხებს კონკრეტული ქალი პერსონაჟის მიმართაც აღგვიძრას ინტერესი. ამას ავტორი საგანგებო კომპოზიციური ხერხებით აღწევს. პირველ რიგში, ეს არის ხაზგასმითი ფრაგმენტულობა. ფიგურა, რომელიც ხშირად ძალიან მძაფრ, ხშირად კი სავსებით წყნარ, სტატიურ პოზაშია გამოსახული, მხატვართან ყოველთვის სურათის ჩარჩოთი იკვეთება. რჩება შთაბეჭდილება, რომ ქალი სადაცაა გასცდება სასურათე სიბრტყეს და გაუჩინარდება. მოუხელთებელის ეს ძლიერი განცდა გაიძულებს მეტად დაძაბო ყურადღება და მთელი გულისყური სადაცაა შენს თვალწინ გაუჩინარებული ფიგურისაკენ მიმართო. ამას დინამიზმი და ამაღელვებელი ექსპრესია შემოაქვს ნამუშევარში. ასეთ ეპიზოდურობასა და ფრაგმენტულობას დართული მსხვილმასშტაბიანობა კი (გამოსახულება ყოველთვის მსხვილი პლანითაა მნახველთან მოტანილი) განსაკუთრებულ მონუმენტურობას ანიჭებს მას. მონუმენტურობა ლია შველიძის ხელწერისათვის, მისი მხატვრული მანერისათვის ისეთივე უცვლელი მახასიათებელია, როგორც ქალის თემატიკა მისი შემოქმედებისათვის. არტისტი არა მხოლოდ საკუთარ ფერწერულ ტილოებს, საზოგადოდ ქალის იდეას ანიჭებს მონუმენტურობას.
ამ მხრივ მით უფრო საინტერესოა სერიის სახელწოდება “ჩემი უცნობი დები.” მისი საშუალებით არტისტი არა მარტო პერსონაჟებს შორის, არამედ თავად საკუთარ თავსა და მათ შორისაც დებს ხიდს. მართალია უცნობი, მაგრამ ნამუშევრიდან მომზირალი ქალები მაინც მისი დები ანუ მონათესავე სულები არიან, ე.ი. მათ შორის ძალიან მჭიდრო კავშირი არსებობს. სიტყვა “უცნობი” კი ასეთი “მოკავშირეების,” ასეთი “უცნობი დების” რიცხვს უსასრულოდ აგრძელებს. ამით არტისტი საერთოდ ქალის ცნებას ანზოგადებს, ერთდროულად აფართოვებს და უნივერსალურს ხდის მას. შველიძის ქალები ერთი დიდი სარკის ნამსხვრევსა ჰგავს, ნებისმიერში ჩახედვით საკუთარ თავს რომ დაინახავ. ქალი დასაბამიდან ერთია, ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ ლ. შველიძე ხშირად გამოსახავს ქალებს, რომელნიც ფიალაზე დაწყობილ წითელ ვაშლებს სთავაზობენ მნახველს. ქალის პროტოტიპი - ევა დღესაც ცხოვრობს მასში, სწორედ ამიტომ ავტორისთვის ქალი მარად უცვლელი “კონსტანტაა,” ეს იდუმალი, გარინდებული არსებები კი მის ტილოებზე ამის ილუსტრაცია.
მხატვრის თვალსაწიერსა და ინტერესის სფეროში ცენტრალურ ფიგურად ქალის მოხვედრა, გარკვეულწილად, უკვე ერთგვარი განაცხადია. მაგრამ ლია შველიძე თავისი მხატვრული ინტერპრეტაციით უარს ამბობს პრობლემის ფემინისტური რაკურსით დამუშავებაზე; მასთან არ არის ის პათოსი, რაც ასე დამახასიათებელია გენდერულ საკითხებზე მომუშავე ავტორთათვის. მათგან განსხვავებით, ლია შველიძე და მისი პერსონაჟები არ იბრძვიან მამაკაცებთან თანასწორობისათვის, საკუთარი პრივილეგირებული ადგილის დასამკვიდრებლად და დაკარგული უფლებების აღსადგენად. მათ ისედაც იციან - ისინი სამყაროს გასაღებს ფლობენ, ამიტომ ლია შველიძე არ ცდილობს საგანგებო შეგონებებითა და ეფექტებით შენს დარწმუნებას ქალის უპირატესობაში, იგი მხოლოდ გიჩვენებს ამას.