Tuesday, November 17, 2009

ჯიუტი მხატვარი, რომელიც დღესაც პეიზაჟს ხატავს


“ – ღმერთია მთელი სამყაროს მხატვარი.
– რა სამწუხაროა, ბატონო ჩემო, რომ ღმერთი
მხოლოდ პეიზაჟების ხატვას არ დასჯერდა”.

მარგერიტ იურსენარი

ალბათ, ნებისმიერ შემოქმედში დევს ამბიცია ღმერთთან გაპაექრების ან მისი წაბაძვისა მაინც. მარგარეტ იურსენარის ლოგიკით, პეიზაჟი ამ მხრივ საუკეთესო სარბიელია. თუმცა მხატვრობამ დიდი ხანია დაკარგა შემოქმედის სტატუსი, იდეალის ძიებას თავი ანება და ნიშნად იმისა, რომ ეს ყველაფერი უკვე მოძველდა, წარსულის იდეალებითა და ფასეულობებით გამომწვევ თამაშს მიჰყო ხელი. შემთხვევითი არც ისაა, რომ მხატვარს ოდითგანვე მსახიობის აღმნიშვნელი სიტყვა - “არტისტი” დაერქვა. მაგრამ ყოველთვის არსებობენ სხვაზე ჯიუტი მხატვრები ან სხვაზე უფრო ნიჭიერი არტისტები, რომელთაც მხატვრის როლი უკეთ გამოსდით, ვიდრე მსახიობისა.
მამუკა ცეცხლაძეც მხატვრის ამპლუაში გაცილებით უკეთ გრძნობს თავს, და პეიზაჟიც მისთვის სწორედაც ყველაზე შესაფერისი თემაა. რეალისტური ფერწერის ეს ჟანრი, ერთი შეხედვით, დღევანდელი კონტექსტიდან ამოვარდნილი შეიძლება მოეჩვენოს მნახველს, მაგრამ მამუკა ისეთივე დამაჯერებელია საკუთარი არჩევანის სისწორეში, როგორც მხატვრის როლში და ისეთივე წარმატებით ართმევს მას თავს, როგორი წარმატებითაც იხდენს მხატვრის, უფრო მეტიც - ძველი ოსტატის, პროგრამიდან უკვე მოხსნილი სპექტაკლის რეკვიზიტად ქცეულ, დამტვერილ კოსტიუმს. და აი, რატომ: მამუკა ცეცხლაძეს ძველ ოსტატებთან ერთი მნიშვნელოვანი გადაკვეთის წერტილი აქვს - ფერწერული ოსტატობა, რომელიც დიდი ხანია თანამედროვე არტისტების ინტერესის, (ხშირად უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების) მიღმა რჩება და ყავლგასულ, ამჟამად უკვე ფუჭ და ზედმეტ ტვირთად ითვლება. მამუკა ცეცხლაძისთვის ეს არა მხოლოდ ხელგაწაფულობა, არამედ თვითმიზანი, ყოველშემთხვევაში, საკუთარი შემოქმედების უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ამის ხაზგასასმელად იგი “კლასიკურ” ფერწერულ მანერაში წყვეტს თავის ტილოებს. არ ერიდება მამუკა არც კონკრეტულ ასოციაციებს; თითქოს ძველი მხატვრების წერის მანერის იმიტაციით, ავტორიტეტად მოჰყავს და იმოწმებს მათ საკუთარ ნამუშევარში. ძალიან ხშირად მ. ცეცხლაძის სურათების ცქერისას საქვეყნოდ განთქმულ ხელოვანთა (რემბრანდტის, კანალეტოს, კოროს და სხვათა) შემოქმედება გვახსენდება. ამგვარ “ასოციაციურ მახეებს” მ. ცეცხლაძე საგანგებოდ უდებს მნახველს. ერთმანეთში თხლად გადაგლესილი თავისუფალი, შეუზღუდავი მონასმები, რომლის დროსაც საღებავით კარგად გაჯერებული ფუნჯი ხან მძიმედ, ხანაც მსუბუქად, მხოლოდ ოდნავ ეხება ტილოს ზედაპირს, ერთნაირი ოსტატობით გადმოსცემს როგორც ჰაერით გაჟღენთილ, ნოტიო სივრცეს, ისე შორიდან დანახული გამოსახულებების (ძირითადად ნაგებობების) მანძილის ზემოქმედებით გაბუნდოვანებულ სილუეტებს. ფერის ზუსტად გათვლილი ინტენსივობა ხან თაკარა მზის ქვეშ გაუსაძლისი სიცხის შეგრძნებას, ხანაც ახლად ნაწვიმარზე მოკრიალებული ცისა და მოსარკული ზღვის სიკამკამისა და სიგრილის ილუზიას გვიქმნის. სწორედ ფერწერული ოსტატობაა ის, რითიც მამუკა ცეცხლაძე საკუთარ ნამუშევრებს “ამეტყველებს”, ნამუშევრები მაყურებელთან კავშირს მხოლოდ ცოცხალი ფერწერული ზედაპირებით ამყარებს. სურათის მოპრიალებული ზედაპირი ერთბაშად ციმციმებს, ერთმანეთში გარდამდინარი ფერები მოლივლივე, მთრთოლვარე გარემოს ქმნის, რომელიც თავისკენ უხმობს მნახველს; ის გაცილებით მეტს “პირდება” მას, ვიდრე გამოსახული ობიექტი.
და მაინც რა არის გამოსახული მ. ცეცხლაძის პეიზაჟებზე? ძირითადად ესაა უცნაური რაკურსით წარმოდგენილი, თითქოს მხატვრის თვალის კიდით წამით დანახული არქიტექტურული ლანდშაფტები ან განყენებული, მაქსიმალურად დაუკონკრეტებელი, უკაცრიელი პეიზაჟური ხედები. თუ არ ჩავთვლით დღესასწაულების დროს თავშეყრილ ხალხთა ზედხედში დანახულ ბრბოს, თითქმის არსად არ ჩანს ადამიანი, უფრო მეტიც, არსად იგრძნობა მისი არსებობა. მამუკა ცეცხლაძის პეიზაჟები ყველასაგან მიტოვებულ, მივიწყებულ, ყოფიერების ოკეანეში დანთქმულ უსახელო ქალაქებს წარმოგვიდგენს, რომელნიც “დეჟავუს” დროს მეხსიერებაში წამით ამოტივტივებულ კადრებს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ ხედებს; ვერავინ იტყვის, კონკრეტულად რა ადგილია გამოსახული, სად არის იგი, უნახავს კი იგი ოდესმე ვინმეს, მათ შორის თავად ავტორს. მ. ცეცხლაძე საკმაოდ თავისუფლად უდგება მის მიერ გამოსახული ხედის “გეოგრაფიულობას”. მისთვის არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა კონკრეტულად რომელ ქალაქსა თუ ქვეყანას ხატავს. რამდენიმე არქიტექტურული დეტალი თუ გაუმხელს მნახველს და მიახლოებით მაინც მიანიშნებს ქვეყნის რომელ მხარეს - აღმოსავლეთით, დასავლეთით თუ ჩრდილოეთით უნდა ეძებოს თვალწინ გადაშლილი გარემოს “სამშობლო”.
ყველაზე უცნაური, შეიძლება ითქვას, პარადოქსული მ. ცეცხლაძის პეიზაჟებში ისაა, რომ ადამიანთაგან მიტოვებულ ადგილას სწორედ ადამიანური გრძნობები და განცდები დასახლებულა. მელანქოლიური სევდა, მზისაგან მოთენთილი მარტოობა და დილის სუსხით გამძაფრებული მონატრება უხილავი აჰასფერივით მოგზაურობს სურათიდან სურათში. ლირიზმითა და ოდნავი მელანქოლიურობით გაჟღენთილი რეალობა, რომელსაც მხატვარი როგორც წარსულის გახსენებას სთავაზობს მნახველს, ტოვებს, ერთის მხრივ, ადრე ნანახი და უკვე დავიწყებული წარსულის ხატებების ასოციაციას, მეორეს მხრივ კი ჯერ შეუცნობი მომავლის შიშნარევ წინათგრძნობას. მამუკა ცეცხლაძის პეიზაჟები ერთდროულად წარსულის მოგონებაცაა და მომავლის ხილვაც, ისინი თავის თავში დროის ამ პირობითობის საიდუმლოს ატარებენ. თავად ავტორი კი გაუცხოებული, დისტანციიდან უმზერს მის მიერვე ასახულ რეალობას. მხატვარსა და მის მიერ კონსტრუირებულ სამყაროს შორის არა მხოლოდ დროითი ან სივრცითი, არამედ “ტრანსცენდენტური” დისტანციაა. გარეგნული სახის რეალურობის მიუხედავად, თავისი ემოციური განწყობით პეიზაჟები სულ სხვა, მხოლოდ მხატვრისათვის ნაცნობ განზომილებას ეკუთვნის.
მ. ცეცხლაძე არ ეჯაჭვება ხილულ სინამდვილეს, იგი საკუთარი ფანტაზიით (შე)მოქმედებს, საკუთარ, ოდნავ აბსურდულ სამყაროს ქმნის და არაფრად დაგიდევთ იმას, რასაც ჩვენ “რეალობის” სახელით ვიცნობთ. მამუკა ცეცხლაძე “თხზავს” რეალობაში არარსებულ პეიზაჟებს, რომელთაც საკმაზივით “გემოვნებით” ურჩევს სახელწოდებებს: “რომი”, “ვატიკანი” “კორსიკა”, “ლისაბონი”, “ვენეცია”, “ბომბეი”, “ლონდონი”... სახელები პირობითია, ეს უფრო მსოფლიოს ცნობილი ადგილებისათვის მხატვრის მიერ შერჩეული შინაგანი კოორდინატებია; ამასთან, ორიდან ერთი კოორდინატი ყოველთვის ავტორის ემოციასა თუ იმწუთიერ განწყობაზე გადის. მაგრამ ასეთ დროსაც კი მ. ცეცხლაძე, პირველ რიგში, ფერმწერი მხატვარია, მხატვარი, რომელიც არტისტულად ატარებს “ძველი ოსტატის დიდებულ კოსტიუმს”.