Tuesday, November 17, 2009

ღიმილნარევი თიხის სამყარო

“... დაბადა მან ღმერთები, შექმნა ქალაქები, დააარსა ნომები,
მიუჩინა ღვთაებებს საკუთარი ტაძრები, დააწესა მსხვერპლი მათთვის,
შექმნა მათი სხეული მათი სურვილისამებრ და შევიდნენ ღმერთები
საკუთარ სხეულებში, ქმნილში ყოველი ხისაგან, ქვისაგან, თიხისაგან...”
ძველი ეგვიპტური ტექსტი

ბავშვობიდან თამაშობს პლასტელინით... მოწონს, როცა უცნაური, წებოვანი მასალა ადვილად ემორჩილება; თვითონვე უნდა შექმნას “სამყაროს ნაწილაკები”, ასაწყობ-დასაშლელი მექანიზმები, პატარ-პატარა კაცუნები თუ დიდი ადამიანები. ბავშვობის გატაცება საბოლოოდ კერამიკოსად აქცევს, ცხოვრების წესად ნაგულვები პროფესია კი - მისტიფიკატორ შემოქმედად, რომლისთვისაც არც არტისტული სიმსუბუქე და იუმორია უცხო.
სახელოსნოში მისულს, მუდამ მხიარული მალხაზ შველიძე მის ერთ-ერთ ბოლო ნამუშევართან მზრუნველად მოფუსფუსე დამიხვდა. ამ ახალი პერსონაჟისთვის მალხაზს ხუმრობით ერთ-ერთი რომაელი იმპერატორის, ვესპასიანეს ვაჟის წოდება - “Amor et delicae generis humani” ანუ “ხალხთა მოდგმის სიყვარული და სიხარული” დაერქმია. სახელზე გულწრფელად ვიმხიარულე, მერე თავად ქანდაკებას დავაკვირდი და როცა გამოსახულების საერთო პომპეზურ იერსა და “ბიუსტის” მკერდზე მონიშნულ, დეკორატიულ მრუდ ხაზებში ანტიკური ტოგის დრაპირების რეპლიკა ამოვიცანი, მივხვდი, ამ თავნება სახელწოდებაში იუმორის გარდა სხვა “მარცვალიც ერია”. ჩვეულებრივ, კერამიკოსი ნამუშევრებს სახელს იშვიათად არქმევს, ძირითადად, მათ ხუმრობით მსახიობებად იხსენიებს; ხანდახან თუ წამოსცდება საკუთარი ფავორიტებისათვის ჩუმად შერქმეული სახელი - “ადამიანი-სარკოფაგი”, “გილიოტინა” ან სხვა რამ ამის მსგავსი. ხშირად ელაპარაკება საკუთარ ნამუშევრებს, დასცინის ან გამოაჯავრებს მათ. (ამ უჩვეულო შტრიხმა დონატელოსა და მისი უსაყვარლესი ქმნილების - “ცუკონეს” ცნობილი “დიალოგები” მომაგონა, გამეღიმა, მაგრამ ხმამაღლა არაფერი მითქვამს, უადგილო პარალელებს მოვერიდე). სახელოსნოში ყოფნისას მალხაზ შველიძეს საკუთარ შემოქედებაზე ბევრი არაფერი გაუმხელია, მაგრამ, საბედნიეროდ, ავტორზე გაცილებით უფრო მეტყველი მისი ნამუშევრები აღმოჩნდა.
მალხაზ შველიძის საკმაოდ აბსტრაქტული კერამიკული ქანდაკებები, ერთი შეხედვით, არაფერს კონკრეტულს არ გამოსახავენ, მაგრამ აგებულების ანთროპომორფული ლოგიკის დანახვა მათში მაინც იოლად შეიძლება. ყოველ მათგანს აშკარად ეკითხება სხეულის სხვადახვა ნაწილები, თავი, კიდურები. მათი უმეტესობა საგანგებო კვარცხლბეკზე აღმართულ ტახტზე ზის, ამის გამო ფიგურები უფრო ძეგლებს, ადამიანთა სადიდებლად ნაქანდაკარ მონუმენტებს ემსგავსება. მალხაზ შველიძის ქანდაკებები მართლაც რომ ადამიანი-მონუმენტებია. გარინდულნი, მარადისობისათვის “განწირულნი”, ისინი სხვადასხვა იდეის ტაძრად ქცეულ ადამიანებს ჰგვანან. ზოგიერთი ნამუშევარი შორეული წარსულის ან სულაც უხილავი მომავლის ჯერაც გაურკვეველი რელიგიური მრწამსის მქონე ტაძრის ან საკურთხევლის უცნაურ ასოციაციასაც კი ბადებს. თუმც ეს საოცრად ცოცხალი და ადამიანური ფიგურები, პირველ რიგში, პიროვნებები არიან, პიროვნებები, რომელთაც საკუთარი წარსული აქვთ, მათი მარადგანგრძობილი აწმყო კი მონუმენტებად ყოფნის მძიმე მისიაა. ისინი ისტორიით არიან ღვაწლმოსილნი, საკუთარმა ისტორია-თავგადასავალმა აქცია ისინი მონუმენტებად (ისტორიასაც ხომ სწორედ პიროვნებები უყვარს). თუკი მნახველი საკუთარ ფანტაზიას ფრთებს არ მოჰკვეცს, ბევრ საინტერესო ვისმეს შეხვდება მონუმენტთა შორის: მძიმე აბჯრიან რაინდასა თუ ძველ რომაელ პატრიციუსს, ისტორიაში შესვლის ჟინით შეპყრობილ თვითმარქვიასა თუ ბრძოლაში უსახელოდ დაღუპულ თავდადებულ მეომარს. უცნაურია, მაგრამ ეს განზოგადებული, გამოგონილი, ხაზგასმით უტყვი პერსონაჟები სწორედ მდუმარე, “ურეგლამენტო რეპრეზენტაციით” გვიმხელენ თავიანთ თავგადასავალს, თითქოს ისინი უბრალო მოკვდავის კი არა, მარადიულობის წინაშე წარსდგებიან.
მალხაზ შველიძის ქანდაკებების ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მახასიათებელია მონუმენტურობა და არქაულობა. ამასთან, ქანდაკება საკმაოდ უჩვეულო, ურთიერთგამომრიცხავი თვისებებით ხასიათდება. უამრავი პატარა დეტალისაგან შემდგარი და ძლიერად დანაწევრებული, დაქუცმაცებულობის შეგრძნებას უნდა ტოვებდეს და შორს უნდა იყოს მონუმენტურობისა და არქაულობისაგან, მაგრამ არა! ზომის საკმაო სიმცირის მიუხედავად, ნამუშევრები უდაოდ მონუმნტურია. მისი შემადგენელი ნაწილების პროპორციული შეფარდება ისეთია, რომ ადვილად უძლებს ვიზუალურად მასშტაბში გაზრდის ექსპერიმენტს. და ეს არც არის გასაკვირი, თითოეული ნამუშევრის შექმნას ესკიზების, მოსამზადებელი ნახაზებისა და ბევრისათვის, ალბათ, გულისგამაწვრილებელი მათემატიკური გამოთვლების მძიმე სამუშაო უძღვის წინ. სწორედ ამიტომაა, რომ მალხაზ შველიძის ნამუშევრებს განსაზღვრებად “ქანდაკება” ერგება. ამ მხრივ საგულისხმოა, რომ თითქმის არსად არ მეტყველებს თიხა. ავტორი სხვადასხვა ტექნიკურ საშუალებებს იყენებს, რათა მის მაგიერ უფრო მდგრადი და გამძლე მასალის იმიტაცია შექმნას. ზოგან ეს უხეში, დაუმუშავებელი ქვაა, ზოგან - უფრო რაფინირებული ალებასტრი, ზოგან - ხე, ზოგან კი გაპრიალებული ლითონი. იშვიათია შემთხვევა, როდესაც კერამიკოსი თავად თიხის უფლებებს იცავს. მონუმენტურობის განცდის გაძლიერებასთან ერთად, მას თიხის შესაძლებლობების უკეთ გამოვლენა სურს. მალხაზ შველიძე თიხით როგორც მასალით “იკვებება”, ოღონდ ყოველ ჯერზე ახლებურად გარდქმნის მას, რათა რაც შეიძლება მხატვრულად აამეტყველოს ეს “სამყაროსავით ძველი” მასალა და საკუთარი, ძველ ცივილიზაციათა მისტიციზმით მოთამაშე ღიმილნარევი მითოლოგია შექმნას.