Wednesday, November 4, 2009

არტ-ბაზარი საქართველოში

ხშირად მოისმენთ საუბარს იმის თაობაზე, რომ არტ-ბიზნესი და მისი ლოგიკური პროდუქტი - არტ-ბაზარი საქართველოში არ არსებობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელოვნება არავის აინტერესებს, უფრო მეტიც, არავის სჭირდება და რომ ვისაც სათანადო ფინანსური შესაძლებლობა აქვს, სამწუხაროდ, გემოვნება არ არგუნა ბედმა და ა.შ. არც საგამოფენო სფეროს აკლებენ კრიტიკას და ამ საქმეში მეტად თუ ნაკლებად ჩახედულნი, მწუხარედ შენიშნავენ, “წესიერი გალერეაც კი არ არსებობს”-ო, უფრო შორს მაყურებელნი თუ ფართოდ მოაზროვნენი კი კულტურის სახელმწიფო პოლიტიკის არქონაზე დარდობენ. მართლაცდა უნებურად, ეთანხმები უარყოფით შეფასებებს, თუ არა და, განსაკუთრებული დაბეჯითებით ვერცერთს უარყოფ. მაგრამ, ვფიქრობ, არტ-ბაზრის საქართველოში არ არსებობაზე არანაკლებ დამაფიქრებელი და გაცილებით უფრო საშიშია, ჩვენს ქვეყანაში ყოველგვარი ეკონომიკური და სოციალურ-საზოგადოებრივი სტრუქტურული ლოგიკის გარეშე არსებული, მისი ფრიად უცნაური “ვერსია” და ხელოვნების ნიმუშთა “შემთხვევით მომხმარებელთა” და კიდევ უფრო დილეტანტ “მრჩეველთა” უცნაურ მექანიზმად მომუშავე აღებ-მიცემობის პრაქტიკა.
მაგრამ აჯობებს, თავიდან მივყვეთ და დასაწყისისათვის ის მარტივი ელემენტები განვსაზღვროთ, რისგანაც არტ-ბიზნესი “უნდა” შედგებოდეს. ესენია: ა) თანამედროვე მოთხოვნილებებსა და ტენდენციებს ფეხაწყობილი, საზოგადოების მოთხოვნის ადექვატური Art-ი; ბ) არა მხოლოდ კომერციული ინტერესის მქონე ბიზნესი; გ) მათი საერთო პროდუქტი, ერთგვარი შეხვედრის წერტილი თუ კვანძი - არტ-ბაზარი და დ) ამ ძირითად კომპონენტთა მაკავშირებელი რგოლი - ყიდვა-გაყიდვის ცივილიზებული სივრცე, პირობითად, “გალერეა”. ახლა მოდით, შეძლებისდაგვარად ცალ-ცალკე დავახასიათოთ ცივილიზებულ სამყაროში ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული თითოეული ეს კომპონენტი და განვსაზღვროთ, რეალურად როგორი ფორმით არსებობენ და ურთიერთქმედებენ ისინი ჩვენს ქვეყანაში.
მაშ ასე, არტ-ი ანუ მარადიულ ფასაულობათა დამტევ ფორმას თუ გამოვიყენებთ, ხელოვნება. მაგრამ ვინღა საუბრობს დღეს ფასეულობებზე, მით უფრო მარადიულზე, თანაც, როცა საქმე ბიზნესს ეხება? ამგვარად, თანამედროვე მსოფლიო მიდრეკილებების კვალად, ჩვენშიც ნახავთ კომერციულ ინტერესზე ორიენტირებულ, მის პარალელურად კი ამგვარზე “მაღლა” თუ მისგან “განზე მდგომ” სახვით ხელოვნებას. ამჯერად ვსაუბრობ არა სხვადასხვა მხატვრულ მიმდინარეობათა თუ ტენდენციათა მიმდევარ, თანამედროვე ქართული ხელოვნების ფრიად ჭრელ სურათზე, არამედ მის ორ მარტივ კატეგორიაზე - კომერციულობასა და არაკომერციულობაზე, ასე ვთქვათ, ელიტარულობაზე. მაგრამ აქაც, თავს იჩენს ჯანსაღი თუ არა, გამართული ევროპული არტ-ბაზრისაგან ქართული სუროგატის სხვაობა. თუ დასავლეთში ელიტარულობა და კომერციულობა ერთმანეთის თანხვედრი კატეგორიებია, საქართველოში პირიქით - კომერციული ხელოვნება, ხშირ შემთხვევაში, სწორედაც ხარისხობრივი თვალსაზრისით ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომია, რადგან სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში კომერციულ წარმატებას ძირითადად ე.წ. ობივატელზე ორიენტირებულობა განსაზღვრავს; ხშირ შემთხვევაში უკეთ იყიდება ის, რაც ხელოვნების ნიმუშად სახელდებას ნაკლებად იმსახურებს და უბრალოდ მდარე გემოვნების მაჩვენებელია. ე.წ. ობივატელთა მაღალი კონცენტრაცია ჩვენს ქვეყანაში არტ-ბაზრის ამგვარ დისბალანსში ვლინდება, (მაგრამ ვაი, რომ არც ამგვარი “ხელოვნების მომხმარებელი” ობივატელია ბევრი). ამდენად, ეპითეტი “კომერციული” ჩვენში ხელოვნებისადმი ორაზროვნად ნათქვამი შეფასებაა, რასაც ეკონომიკური მდგომარეობის გამო შემოქმედის მხრიდან კომპრომისზე წასვლის თაობაზე საზოგადოების საყვედურით სავსე ქვეტექსტთან ერთად ქედმაღლური შემწყნარებლობის ელფერი დაჰკრავს. უფრო მეტიც, თუ აღიარებულ ხელოვანს მთვარის უხილავი მხარესავით უჩინარი კომერციული ნამუშევრებიც აღმოაჩნდა, მათი გამომზეურება ყოველ ჯერზე მაღალი ხელოვნების დამამცირებელ აქტად ითვლება და ხელოვნების მოყვარულთა, იქნებ კიდეც მართებულ, გამქირდავ დამოკიდებულებასა და საერთო უკმაყოფილებას იწვევს. თუმც ამგვარ “ნაწყენობას” საქართველოში სწრაფადვე ივიწყებენ, ასე რომ არტისტის რეიტინგს, საბოლოო ჯამში, დიდად არაფერი აკლდება. “ელიტარული” და “კომერციული” კი კვლავაც ხელოვნების ურთიერთდაპირისპირებულ განსაზღვრებად რჩება. აქვე დავსძენ, რომ არც ეპითეტი “ელიტარული” გამოირჩევა ტერმინოლოგიური სისუფთავით და სრულებითაც ვერ იტევს თავის თავში ხელოვნების თუნდაც ზედაპირულ დახასიათებას, იგი დახვეწილი გემოვნების ნიშნადაც კი ვერ ითარგმნება, რადგანაც ქართულ მას-მედიაში მისი, უმეტეს შემთხვევაში უადგილო, ადრესატისათვის შეუფერებელი, პროვინციულად “ჭყლოპინა” ინტონაციით გამოყენების გამო ხშირად სავსებით მახინჯდება სიტყვის ძირითადი მნიშვნელობა და გამაღიზიანებლად მდარე, ფსევდო ფასეულობების მქონე ფენომენს ემსგავსება. მაგრამ ესეც, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, ჩვენი სინამდვილის ერთგვარი “მწარე კოლორიტია”. აქედან - საგალერიო მუშაობის სირთულეც - იყო კომერციული, ნიშნავს დაემორჩილო მდარე გემოვნებას, საკუთარი სივრცე დაუთმო არაღირებულ ხელოვნებას; გალერეის მუშაობის ძირითად მიმართულებათა შერჩევისას ზედმეტი სიფაქიზე და სიმკაცრე კი ჯერ-ჯერობით, გალერისტს ფინანსური თვალსაზრისით წამგებიანი ბიზნესისათვის წირავს, თუმც უდაოდ უმაღლებს რეიტინგს სპეციალისტთა ვიწრო წრეში. მოკლედ, ეს თავად გალერისტთა პრიორიტეტის საკითხია...
ახლა სახელოვნებო ბიზნესს შევეხოთ. იმთავითვე უნდა ვაღიაროთ, რომ არტ-ბიზნესს სხვა ბევრთან ერთად ერთი გადაულახავი სირთულეც ახლავს - არტ-ი და ბიზნესი თავისი სუფთა მოცემულობით სრულებით არათავსებადია, ისინი ადამიანის სულიერ ფასეულობათა და მერკანტილურ მოთხოვნილებათა საპირისპირო პოლუსებს აღნიშნავენ. ამდენად, “იდეალური”, ან უბრალოდ წარმატებული არტ-ბიზნესისათვის აუცილებელია მის შემადგენელ კომპონენტთა შორის შემდეგი მიმართება: ხელოვნება არად უნდა აგდებდეს ბიზნესს, ბიზნესისათვის კი იგი მუდამ უნდა რჩებოდეს ფენომენად, რომელსაც მართალია, საკუთარი მიზნებისათვის იყენებს, მაგრამ აღიქვამს ადამიანის სულიერი მოღვაწეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სფეროდ და შესაბამის სტატუსს უნარჩუნებს მას. ასეთ დროს თავისთავად რეგულირდება ხელოვნების შეფასების კრიტერიუმიცა და ბაზარზე მისი რეალური ღირებულებაც; აღარ (თუ ვეღარ) ხდება მანიპულირება უბრალოდ ცნობილი სახელებითა და გაუთვითცნობიერებულ მყიდველზე ზემოქმედების ისტრუმენტად აღარ გამოიყენება “მასზე მეტის ცოდნის” “უღმერთო” იარაღი (მომხმარებელი ხომ ძირითადად, ისედაც მხოლოდ უკვე აღიარებულ, აპრობირებულ სახელებს ენდობა ბრმად და შესაბამისად, ბაზარზე მოთხოვნილებაც უპირველესად მათზეა). არტ-ბაზარი ნებისმიერ მომხმარებელს მისივე გემოვნების შესაფერისსა და ამ გემოვნების ექვივალენტური ღირებულების მქონე “პროდუქტს” სთავაზობს; შედეგად, იქმნება საზოგადოების მოთხოვნის ადექვატური, მრავალფეროვანი არტ-ბაზარი, სადაც არ ხდება რომელიმე კონკრეტული ავტორის ფასის ხელოვნურად აწევ-დაწევა, რისი მსხვერპლიც საბოლოოდ, აწ განსვენებულ, უკვე სახელმოხვეჭილ შემოქმედზე მეტად თანამედროვე, დღესმოქმედი არტისტია. არტ-ბაზარზე, აღიარებულ, გარდაცვლილ მხატვართა გვერდით ხომ, პრაქტიკულად, აღარ რჩება მისი ადგილი, ფართო საზოგადოებისათვის არასაკმარისად ცნობილი და, შესაბამისად, ნაკლებსახარბიელო, იგი საბაზრო სივრცის მიღმა რჩება. ამადაც იზრდება საკუთარ მენეჯერად ქცეულ მხატვართა რიცხვი არა მხოლოდ ჩვენში, არამედ მთელს მსოფლიოში (ამ მხრივ, ნიშანდობლივია, რომ თვითრეკლამა და მენეჯმენტი დღეს ცალკე ხელოვნებადაც კია აღიარებული და ქართულისაგან განსხვავებით, ევროპულ არტ-ბაზარზე ნებისმიერ არტისტს აქვს საშუალება მეტ-ნაკლებად წარმატებული მოქმედებისა). საქართველოში, სამწუხაროდ, არტისტთა მიერ არტ-ბაზრის შეძლებისდაგვარი ექსპანსიის ერთ-ერთი, ყველაზე უფრო პრიმიტიული, უფრო მეტიც, პროვინციული ფორმა მოიძებნა - მუშაობის პრიორიტეტული მიმართულებისა და სტილის განურჩევლად ნებისმიერ გალერეასთან თანამშრომლობა. ამიტომაც არ ფუნქციონირებს ჩვენში არტისტისა და გალერეის პარტნიორობის ცივილიზებული მექანიზმი, თითქმის არცერთ გალერეას არ გამოარჩევს კონკრეტულ მხატვართა ჯგუფი, რომელთანაც ინტენსიურად იმუშავებს და ექსკლუზიურად წარუდგენს მაყურებელს, შესაბამისად, გალერეებს არ აქვს საკუთარი სახე, “საბაზრო ნედლეული” ყველგან ერთია, შედეგად არტ-პროდუქცია ერთფეროვანია, საგამოფენო პოლიტიკა - უინტერესო, ხოლო ბიზნესი - აუწყობელი. სამაგიეროდ ქვეყანაში, სადაც ხელოვნება იმდენად არ უყვართ, რამდენადაც “აფასებენ”, კარგად “მუშაობს” ე.წ. დილერების ანუ მყიდველთან ინდივიდუალურად მომუშავე მრჩეველ-კომერსანტთა ინსტიტუტი (“ცოცხალი მხატვარი”, უმეტესწილად, აქაც თამაშგარე მდგომარეობაშია!). საწინააღმდეგო აქ არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება - ხელოვნების სფეროში ამგვარ არაკვალიფიციურ პერსონათა დასაშვებზე უფრო ხშირ შემთხვევაში თავჩენილი დილეტანტიზმი, არასაკმარისი ცოდნა, (რასაც შეცდომაში შეჰყავს პოტენციური მყიდველი) და მკვეთრად გამოხატული ფინანსური დაინტერესება, რომელსაც ადვილად ეწირება პროფესიული ეთიკა, რაც ხელოვნურად მართვადს ხდის და საკმარისად ამახინჯებს ქართული არტ-ბაზრის საერთო სურათს. გალერეასა და მყიდველს შორის ჩამდგარი დილერი (ხშირად ცალკეულ დაინტერესებულ პირთა მთელი წყება) ერთი მხრივ, არაადექვატურად ზრდის კონკრეტულ ავტორთა საბაზრო ფასს (თანაც მყიდველისათვის მიცემული “გარანტიის” ხარჯზე, რომ მომავალში ნამუშევრის ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება), მეორე მხრივ კი ზღუდავს “ხელოვნების მომხმარებლის” არჩევანს, შტამპავს და რამდენიმე, უკვე აღიარებულ ავტორზე დაჰყავს ქართული არტ-ბაზარი, რაც საბოლოო ჯამში აღარიბებს მას და არღვევს სახელოვნებო პროდუქციის მიმოცვლის ერთ-ერთ აპრობირებულ, ცივილიზებულ მეთოდს, უსარგებლო ფიქციად აქცევს საგალერიო სისტემას, რომლის არსებობაც უპირველესად, ქვეყნის კულტურული ცხოვრებისა და სახელოვნებო პროცესების სტიმულაციას გულისხმობს. შედეგად, საბოლოო ჯამში, ზარალდება ქვეყნის კულტურული ცხოვრებისათვის ფრიად მნიშვნელოვანი უჯრედი, ხდება ხელოვნების დევალვაცია. არადა მაღალპროფესიულ პრინციპებზე გამართული სახელოვნებო საბაზრო სისტემის - საგალერიო პრინციპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა საზოგადოებაში ხელოვნების სტატუსის ამაღლებაა და არა მისდამი მხოლოდ მომხმარებლური დამოკიდებულების დანერგვა, საზოგადოებაში გემოვნების დახვეწაა და არა საეჭვო ან მდარე გემოვნებისადმი პირმოთნე მორჩილება, რაც კიდევ უფრო დაბლა სცემს მასის საერთო დონეს. ბაზარი, მართალია, ემორჩილება საზოგადოების მოთხოვნას, მაგრამ იმავდროულად თავადვე სთავაზობს მას ახალ, დასაწყისისათვის შესაძლოა არამჭექარე, თუმც კი პერსპექტიულ სახელებს ანუ, გარკვეულწილად, ავითარებს არტ-ბაზარს და “ზრდის”, გნებავთ, თავადვე “ქმნის” მომავლის მყიდველს.
ნაწილობრივ ამ პრობლემათა მწვავე შეგრძნებამ და ხელოვნებისადმი შესაფერისი მიდგომის დეფიციტმა მხატვარ მიშა შენგელიასა და “ძველ გალერეას” ჯერ კიდევ 2000 წელს უკარნახა გამოფენა-აქციის იდეა, რომელიც აუქციონის სახეს ატარებდა, მხოლოდ “უკუაუქციონისა”, სადაც ღირებულება ზემოდან ქვემოთ იწევდა, ნამუშევრის მფლობელიც ის ხდებოდა, ვინც სურათისათვის ყველაზე შეუფერებლად დაბალ თანხას შესთავაზებდა გალერეის მესვეურთ. აქციის ბოლოს აუქციონის 5-20 ლარად გაყიდულ ექსპონატთაგან - საკმაოდ მოზრდილ ფერწერულ ტილოთაგან, არაფერი დარჩენილა, შედეგად დაგროვილი თანხა კი, ცხადია, ერთი ნამუშევრის რეალურ ღირებულებასაც ვერ უტოლდებოდა. მაგრამ, ბუნებრივია, ეს არც ყოფილა ავტორის მიზანი, აუქციონი თავისებური საპროტესტო აქცია იყო, რომელიც ჩვენს სინამდვილეში ხელოვნების სტატუსის დეგრადირებისა და დევალვირების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამასთან, თუ აუქციონზე შეკრებილ საზოგადოებას გავითვალისწინებთ, ადამიანთა იმ მცირე ჯგუფს, რომელსაც მართლაც აქვს მოთხოვნილება და უყვარს ხელოვნება, აქცია საქველმოქმედო ქვეტექსტსაც იძენს. “კონცეპტუალური ტრაგიზმი” კი (თუ რეალური არა) იმაშია, რომ ამგვარ ქველმოქმედებას თავად ხელოვანი იჩენს საზოგადოების მიმართ და ამით ცდილობს გვერდიდან დაანახოს მას ჩვენს ქვეყანაში გაუფასურებული ხელოვნების რეალურად არსებული ღირებულება, დაანახოს ის მცირედი, რისი გამეტებაც შეუძლია დღეს ქართულ საზოგადოებას.
ეს, რაც ერთეულმა არტისტმა შეიძლება უბრალოდ გააპროტესტოს, პროცესები კი თავისი განუხრელი ლოგიკით მიდის - ქართული არტ-ბაზარი “არტ-პროდუქციის” სიმწირითა და არაადექვატური ფასებით, არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს; თუმცა რაც არ უნდა იყოს, არტ-ბაზარს საქართველოში გაქრობა არ ემუქრება, იგი სრულფასოვან მოვლენად ვერ შედგომის საფრთხის წინაშე უფრო დგას. დასაწყისში გამოთქმულ დებულებას თუ მივუბრუნდებით და ზემოთქმულს შევაჯერებთ, შეგვიძლია ვთქვათ: წარმატებული არტ-ბიზნესისა და მისი სამოქმედო ასპარეზის - არტ-ბაზრის გამართული ფუნქციონირებისათვის ქართულ არტ-ს კრიტერიუმთა სწორად შერჩევა-დეფინიცირება აკლია, ბიზნესს - როგორც ხელოვნების, ისე მყიდველის მიმართ გამოვლენილი მიუკერძოებლობა და პროფესიონალური მიდგომა, ხოლო არტ-ბაზარს არჩევანის მრავალფეროვნება და მომხმარებელთა მყარად ჩამოყალიბებული ფენა, რომლისთვისაც ხელოვნების ნიმუში არა მხოლოდ ინტერიერის “აუცილებელი ატრიბუტი”, არამედ შინაგანი მოთხოვნილებაა. ძნელია, ზუსტად იმის თქმა, როდის გადაიჭრება თუ მოწესრიგდება ეს ერთმანეთზე გადაჯაჭვული, ერთიმეორისაგან გამომდინარე პრობლემები, მაგრამ ერთი კი ცხადია, ნამდვილ არტ-ბაზარს საზოგადოების გარკვეული მზაობა სჭირდება, ხოლო მანამდე, ქვეყანაში, სადაც ხელოვნება ხან უყვართ, მაგრამ დიდად არ სჭირდებათ, ხან კი პირიქით - არ სჭირდებათ, მაგრამ “ნამდვილად უყვართ”, მხატვრებსა და ხელოვნების ჭეშმარიტ მოყვარულებს მხოლოდ ქველმოქმედება შეუძლიათ.