Friday, November 27, 2009

თოჯინები ხელოვნებაა?..



თოჯინებით თამაშის ფენომენი განსაკუთრებულია... პატარა არსების მიერ თამაშისას კონსტრუირებული მიკრო სამყარო ბევრად უფრო რეალურია მისთის, ვიდრე უშუალოდ გარემომცველი. გაუგებარია, რატომ უცქერენ უფროსები ღიმილნარევი სინაზით თოჯინებთან მთელი გატაცებით მოთამაშე ბავშვებს. თამაშისას ხომ ისინი ბევრად უფრო სერიუზულნი არიან, ვიდრე უფროსები მთელი თავისი ცხოვრების გზაზე. როცა უფროსი იწყებს თამაშს, მან იმთავითვე იცის, რომ იგი თამაშობს, რათა რეალურ სამყაროს მის მიერ გამოგონილი დაუპირისპიროს. ეს რეალობისგან გაქცევის ერთ-ერთი ხერხია. ბავშვი თამაშის გზით თანდათან შემოდის ჩვენს სამყაროში, დიდი - იმავე გზით ნელ-ნელა გადის... მაგრამ ამ ურთიერთსაპირისპირო მიმართულებებს შორის არის წამი, როცა ბავშვის თანშობილი გულუბრყვილობა და უფროსის “გულმოდგინე მიამიტობა” ერთმანეთს გადაჰკვეთს. სწორედ ამ წერტილში იქმნებიან და ცხოვრობენ თამარ კვესიტაძის თოჯინები. მაგრამ ამ ქმნილებებს არაფერი აქვს საერთო უტილიტარული გაგებით თოჯინებთან, რომელიც გარდუვალად მისი ერთადერთი მეპატრონის - ბავშვის “მსხვერპლი” უნდა გახდეს. ისინი ხელოვნების უფუნქციო, უკარება, მხოლოდ დისტანციური ჭვრეტისათვის “განწირული” ექსპონატებია, რომელთა თვისება სინატიფით, შესრულების უზადო ოსტატობითა და დახვეწილი ესთეტიზმით მნახველის გაოცებაა.
და მაინც, რა აქცევს მათ ხელოვნების ნიმუშებად?
თამარ კვესიტაძის ქმნილებები არ არის მხოლოდ თოჯინები. ეს ადამიანური განცდებისა თუ ზოგადი ცნებებისათვის - სიყვარული, ნოსტალგია, მონატრება, ტყუილი, ისტორიული სინამდვილე, სულის ხსნის იდეა და ა.შ. ბავშვური სერიოზულობითა და სიფაქიზით შერჩეული ფორმებია. თამარ კვესიტაძის საიდუმლო დახვეწილი გემოვნება და მოფიქრალი ხელოვანის შინაგანი ალღოა, რომელიც სწორედ იმ ერთადერთ საშუალებას აგნებს, რომლის მეშვეობითაც ერთი შეხედვით უბრალო თოჯინა არამარტო ესთეტიური ტკბობის წყაროდ, არამედ ადამიანურ გრძნობებსა და მანკიერებებზე ან სულაც ზოგადსაკაცობრიო თემებზე ფიქრის იმპულსი ხდება.
თამარ კვესიტაძის თოჯინები იმავდროულად სხვადასხვა კულტურულ ტექსტებს ეკუთვნის; მათი მხატვრული გადაწყვეტა ხელოვნების სხვადასხვა ეპოქის, დარგისა თუ მიმართულების სამეტყველო მხატვრული ელემენტების თავისებური ინტერპრეტაციის აშკარა ნიშნებს ატარებს. ასე მაგალითად: აღმოსავლური ტიპაჟების ქალ-ვაჟის წყვილი სამოსების მოჩითული, მოკალმული ზედაპირის ორიენტალისტური ჟღერადობით, შორს მიპყრობილი მელანქოლიური მზერითა და მინიატურისათვის ჩვეული მოძრაობის მანერულობით აღმოსავლური ეპოსის პერსონაჟთა რეპლიკებად “იკითხება”; იუმორით გაჟღენთილი ორფიგურიანი კომპოზიცია: პადრე საჰაერო ბუშტზე შესკუპული ოცნებით - ღონემიხდილი, ნაზი თუმც კი სავსებით ხორციელი მადონათი, იტალიური ნეორეალიზმის აშკარა გათვალისწინებითაა შექმნილი და გულთბილ ღიმილს ჰგვრის მნახველს. ნამუშევარში “ქორწილი” მკაფიოდაა მოცემული პერსონაჟების დახასიათება, რომელიც თვალისათვის უხილავ შინაგან კონფლიქტს გვიმჟღავნებს. ზედმეტად კარგად აღზრდილი, უხერხემლო არისტოკრატიის წარმომადგენელი ნეფე-პატარძლის აწოწილი, უხერხულად “აწურული” ფიგურა თითქოს შესაბრალისად გამოიყურება. მათი ბედი ხომ საერთო სოციალურ-საზოგადოებრივმა სტატუსმა გადაწყვიტა და არა პირადმა არჩევანმა. ავტორი უბრალოდ გვიჩვენებს ჩუმ ადამიანურ დრამას, როცა თითქოს ერთმანეთის მსგავს, სულიერად კი აბსოლუტურად აცდენილ ორ ადამიანს შინაგანმა უფერულებამ იძულებითი თანამგზავრობა არგუნა.
საკუთარ ნამუშევრებში თამარ კვესიტაძე უფრო მნიშვნელოვან თემებსაც ეხება. საგანგებოდ უნდა გამოიყოს მექანიზმზე მომუშავე თოჯინები. თამარ კვესიტაძისათვის თოჯინების მექანიზირება მნახველზე ზემოქმედების და საკუთარი ჩანაფიქრის ხორცშესხმის დამატებითი იარაღია. მექანიზმი ავტორის იდეას ემორჩილება და არა ჭანჭიკების გონებამახვილურად გათვლილ მოძრაობას. ეს არ არის მხოლოდ გარეგნული ეფექტი, ეს ავტორის მიერ შემოტანილი დამატებითი კონტექსტია, როგორც საზოგადოდ მისი შემოქმედებისთვის, ისე თითოეული ნამუშევრისათვის. ამასთან, მექანიზმზე აწყობილი თოჯინები მექანიკური პიანინოს მსგავსად, მისტიკის ელფერსაც ატარებენ. ერთ-ერთი ასეთი თოჯინა, რომელსაც “დედა ისტორიას” დავარქმევდი დროის მმართველ, უკარება დედოფალს წარმოგვიდგენს. ძველმან ნივთებში, ძველ ფოტოებში, საათის მექანიზმებსა და ლინზებში მოუსყიდავი დროის უკარება თავმომწონეობა და კანონზომიერ მექანიზმს დამორჩილებული ისტორიის სისასტიკე იგრძნობა. ადამიანი კი მის ხელში გაცრეცილ, დოკუმენტურ კუთვნილებად ქცეულა...
კიდევ უფრო მეტია დრამატიზმი და სარკაზმი ნიღბიან დედოფალაში, რომელიც ნიღაბს მხოლოდ მაშინ იხსნის, როცა საკუთარი მოხატული კაბის კალთას, როგორც კარიბჭეს ხსნის და შიგნით ბორბალზე მიჯაჭვულ ფიგურებს დაგვანახებს. სასტიკი ქალბატონის დამცინავად მომღიმარი სახე პირმოთნეობისა და მლიქვნელობის ნატიფი ილუსტრაციაა.
თამარ კვესიტაძის უხვადდეკორირებული, საგანგებოდ ესთეტიზირებული ნამუშევრების გვერდით ნახავთ უფრო თავშეკავებულ, განძარცვულ თოჯინებსაც. ამგვარი ნამუშევრები ოდნავ მონოქრომული და გრაფიკულია. ასეთია “მეთევზე”. უფერული, ცოდვის ნიშნად ხაზგასმით ინდივიდუალური ნაკვთების მქონე “აპოკალიფსური ფიგურა” სულის ხსნისა და გადარჩენის ნიშნად თევზში, როგორც ნავში ზის. ცხოვრების ბობოქარ ოკეანეში გადატეხილი ცალი ნიჩაბი ჰაერში დაკიდულა, როგორც ავტორის მიერ დასმული შეკითხვა: “რაშია სულის ხსნა?”
დაბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე სადა, ნაკლებ შემკული, თითქმის სრულებით განძარცვული თოჯინა - ქალი მის ხელში მოკონწიალე დედოფალათი, თავად ავტორი მგონია. იგი განიძარცვა, რათა ყველაფერი საკუთარი ქმნილებებისათვის მიეცა...

P.S. ხშირად თოჯინას ბავშვი განსაკუთრებული მნიშვნელობით ტვირთავს. მას კონკრეტული ფუნქცია აქვს, იგი თითოეული ადამიანის ბავშვობის აუცილებელი ატრიბუტია, რომელიც პიროვნების ფორმირების რთულ პროცესშიც კი იღებს მონაწილეობას. როდესაც ხელოვანი იწყებს თოჯინების შექმნას, თოჯინებისა, რომელსაც აღარ აქვს “ბავშვობის თანამგზავრობის”, რეალური ფუნქცია, ამის ნაცვლად კი აცხადებს პრეტენზიას იყოს ხელოვნების ნიმუში, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მაგრამ ჩვენ ხომ დიდი ხანია ვიცით: “ხელოვნება იწყება იქ, სადაც მთავრდება ფუნქცია”.